სავალუტო ფორვარდის კონტრაქტი საშუალებას აძლევს კომპანიას შეიძინოს ან გაყიდოს ერთი ვალუტა მეორის საწინააღმდეგოდ, კონტრაქტში დაფიქსირებული კურსით, ისე რომ ანგარიშწორება მოხდეს კონტრაქტში მოცემულ მომავალ თარიღზე. ჩვეულებრივი მიმდინარე დღის (სპოტ) ვალუტის გაცვლითი ოპერაციისგან განსხვავებით ფორვარდი იძლევა სავალუტო კურსის ცვლილებებისგან თავის დაზღვევის საშუალებას, რადგან მომავალში შესასრულებელი ვალუტის გაცვლითი ოპერაციის კურსი დაფიქსირებულია კონტრაქტის დადებისთანავე და არ იცვლება კონტრაქტის ვადამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ოპერაცია წარმოადგენს სავალუტო რისკის ჰეჯირების ინსტრუმენტს, ანუ ეს ინსტრუმენტი აზღვევს ბიზნესის მომავალ სავალუტო ფულად ნაკადებს სავალუტო რისკისგან.
მაგალითად, თუ კომპანია ელოდება მომავალში ლარის შემოსავლებს (ჩარიცხვას) და მიღებული თანხით უნდა შეიძინოს უცხოური ვალუტა, ვთქვათ ევრო, 1 თვის შემდეგ, მას შეუძლია დააფიქსიროს კურსი წინასწარ, რათა თავიდან აიცილოს ევროს კურსის ცვლილებით გამოწვეული შესაძლო ზარალი. ამისათვის კომპანია შეიძენს სავალუტო ფორვარდს – იყიდის ლარით ევროს, ისე რომ კურსი შეთანხმდება გარიგების დადებისთანავე, ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება 1 თვის შემდეგ, როცა კომპანია მიიღებს ლარებს.
თარიღის არჩევით სავალუტო ფორვარდი (Option-Dated Forward Contract) ანალოგიურია ჩვეულებრივი სავალუტო ფორვარდისა, იმ განსხვავებით, რომ ანგარიშსწორების თარიღს ირჩევს ბანკის კლიენტი წინასწარ შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, გარიგების თარიღსა და ვადას შორის. ამგვარი არჩევანი კლიენტს საშუალებას აძლევს მიიღოს უფრო მოქნილი მომსახურება, კერძოდ იყიდოს უცხოური ვალუტა არა ერთ კონკრეტულ თარიღზე, არამედ კონტრაქტის მოქმედების პერიოდის ნებისმიერ დღეს, იმის და მიხედვით, თუ როდის მიიღებს ბიზნესი შესაბამის ვალუტას (ზემოთ მოცემულ მაგალითში ლარებს). ანუ თარიღის არჩევით სავალუტო ფორვარდი შეიცავს დამატებით მოქნილობას, რომელიც უფრო მოხერხებული და ნაკლებად ხარჯიანი შესაძლოა იყოს კლიენტისთვის ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე. რთული ოპერაციების შემთხვევაში შესაძლოა აგრეთვე რამდენიმე ოპერაცია გაერთიანდეს ერთ კონტრაქტში.
მაგალითად, ვთქვათ 31 დეკემბერს თქვენ კომპანიას დაგეგმილი აქვს იანვრის განმავლობაში იყიდოს ჯამურად 1 მილიონი ევრო, მაგრამ ყიდვის ზუსტი თანხები და თარიღები უცნობია. ამ შემთხვევაში კომპანია ყიდულობს 1-თვიან სავალუტო ფორვარდს თარიღის არჩევით, ჯამურად 1 მილიონ ევროზე ლარის საწინააღმდეგოდ. ამ კონტრაქტის კურსი დაფიქსირდება 31 დეკემბერსვე. რეალურად კომპანიას შეუძლია იყიდოს ევრო შემდეგი გრაფიკით, წინასწარ შეთანხმებული კურსით:
|
02 იანვარი |
200 000 ევრო |
|
18 იანვარი |
300 000 ევრო |
|
25 იანვარი |
500 000 ევრო |
|
სულ |
1 000 000 ევრო |
თუ კომპანიისთვის ცნობილია თარიღები, მაშინ იგი იყიდის ჩვეულებრივ ფორვარდებს ფიქსირებული თარიღით. მაგრამ ზუსტი ინფორმაციის არ ქონის შემთხვევაში მისთვის მოსახერხებელი იქნება თარიღის არჩევით სავალუტო ფორვარდის შეძენა.
ნებისმიერი ფორვარდული ოპერაციის სავალუტო კურსი დამოკიდებულია მიმდინარე (სპოტ) სავალუტო კურსზე, ფორვარდის პერიოდზე და ნაყიდი და გაყიდული ვალუტებისთვის ბაზარზე მოქმედ საპროცენტო განაკვეთებზე.
სავალუტო ფორვარდები, როგორც ჩვეულებრივი, ასევე თარიღის არჩევით, შეიცავენ საკრედიტო რისკს, ამიტომ ამ ინსტრუმენტების შესაბამისი გარიგების დადებამდე ბანკმა კლიენტს უნდა გაუხსნას შესაბამისი საკრედიტო ხაზი. ამგვარი ხაზის არ არსებობის შემთხვევაში კლიენტმა ბანკს უზრუნველყოფაში უნდა გადასცეს ვადიანი დეპოზიტი ფორვარდის მოქმედების პერიოდის განმავლობაში. დეპოზიტის მოცულობა დამოკიდებულია ფორვარდის მოცულობაზე და ვადაზე. ფორვარდის მოქმედების პერიოდში კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია კლიენტს მოთხოვოს უზრუნველყოფაში ჩადებული დეპოზიტის გაზრდა.
იხილეთ საკონტაქტო ინფორმაცია