სწრაფი ნავიგაცია

ოქროს სერტიფიკატები გამოშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და წარმოადგენს უვადო და უპროცენტო ფასიან ქაღალდს, რომელიც ადასტურებს მფლობელის უფლებას ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკის მეშვეობით მიიღოს შესაბამისი სტანდარტიზებული ოქროს ზოდი. ოქროს სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია ამ ინსტრუმენტით შეასრულოს ფასიანი ქაღალდებისთვის დამახასიათებელი ოპერაციები, კერძოდ შეძენა, გასხვისება და დაგირავება. საქართველოს ეროვნული ბანკი უშვებს ორი სახის ოქროს სერტიფიკატს – ოქროს ზოდის სერტიფიკატებს და ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატებს.

თითოეულ ოქროს ზოდის სერტიფიკატს შეესაბამება სტანდარტიზებული ოქროს ზოდი ეროვნული ბანკის საცავში. ოქროს ზოდები ეროვნული ბანკის დაკვეთით დამზადებულია ლონდონის ძვირფასი ლითონების ბირჟაზე აკრედიტებული საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის მიერ. ზოდების სინჯი არის უმაღლესი - 999.9. ოქროს ზოდის სერტიფიკატის მფლობელს სერტიფიკატის ოქროზე გადაცვლა შეუძლია მოთხოვნისთანავე. 

ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის შესაბამისი სტანდარტიზებული ოქროს ზოდები შესაძლოა არ იყოს განთავსებული ეროვნული ბანკის საცავში, თუმცა აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს ეროვნული ბანკის ვალდებულებას, მისი განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში, სერტიფიკატის მესაკუთრეზე გასცეს შესაბამისი ოქროს ზოდი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადებში და პირობებით.

ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი ზოდების გაცემა ეროვნული ბანკის საცავიდან ხდება კომერციული ბანკის მეშვეობით.

საქართველოს ბანკის მეშვეობით ოქროს სერტიფიკატებით ვაჭრობის სურვილის შემთხვევაში  საჭიროა გქონდეთ ბანკში მოქმედი ანგარიში ეროვნულ ვალუტაში და გააფორმოთ გენერალური ხელშეკრულება საქართველოში არსებულ ოქროს სერტიფიკატებთან დაკავშირებული საბროკერო მომსახურების შესახებ . ბანკი შეასრულებს თქვენთვის სასურველ ოპერაციას აღნიშნული ხელშეკრულების დანართის ფორმით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ბანკს მიაწოდოთ ელექტრონული განაცხადი, რომელიც ძალაშია ტელეფონით დადასტურების შემთხვევაში.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს ზოდებისა და ოქროს სერტიფიკატების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე  ან თბილისის ოქროს ბირჟის ვებ გვერდზე.

იხილეთ საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატის ფასები საქართველოს ბანკში

 

ოქროს სერტიფიკატის ტიპი წონა ISIN კოდი ყიდვა გაყიდვა განახლების თარიღი
ოქროს ზოდის სერტიფიკატი 20 გრამი GEGC00200018 1 898,82 2 140,60 27.03.2017 23:05
ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატი 1 უნცია GEGC00010029 2 953,00 3 329,00 27.03.2017 23:05