Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ეთერ ლიპარტელიანი: ერთადერთი ქართველი ქალი ჯუდოკა რეიტინგის სათავეში

ჯუდო ის სპორტია, ქართველ ქომაგს დიდი გამარჯვებებით რომ ანებივრებს. ყოველი ტურნირის წინ, გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს. ასეცაა – ქართველი ჯუდოკები მსოფლიო ასპარეზზე ისტორიული წარმატებებითა და ინდივიდუალური საბრძოლო სტილით გამოირჩევიან და სპორტის ეს სახეობა ქართული კვალის გარეშე წარმოუდგენელია.

რატომ ჯუდო და არა ძიუდო?

ჯუდოს ავთენტური ფილოსოფია ქართულმა სპორტმა სხარტად შეითვისა, თუმცა ვერ გაუძლო არაავთენტურ საბჭოთა გავლენას ენობრივი თვალსაზრისით – ტერმინი ჯუ [柔 – „რბილი“] + დო [道 „გზა“] ჩვენში რუსული ენის გზით დამკვიდრდა და დღემდე ხშირად მოიხსენიება, როგორც „ძიუდო”. ამ ენობრივი გავლენის დაძლევა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად სპორტული აზროვნების სწორად გადმოცემა. წლიდან წლამდე ეს სპორტი სულ უფრო ჩვენი ხდება, შესაბამისად, შორს არაა ის დრო, როცა „ძიუდო” საბოლოოდ გახდება „ჯუდო”, „ძიუდოისტი” კი – „ჯუდოკა”.

ასეთი მრავალფეროვანი და ტიტულოვანი გამოცდილების ფონზე, ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ჯუდოს მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფი ქართველი მებრძოლი ქალია. ეთერ, იგივე ეთო ლიპარტელიანი – პირველი ქალი საქართველოდან, რომელმაც მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. განახლებული მონაცემებით, მას 5431 ქულა აქვს.

2025 წლის 15 ივნისს, უნგრეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლიპარტელიანმა (-57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ჯუდოში უფროსებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეთერმა ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა. ამავე ჩემპიონატზე მან უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს ტრიუმფში შერეულ გუნდურ პირველობაზეც.

შეგახსენებთ, რომ შერეულ გუნდურ პირველობაზე ჩვენი ნაკრები ოქროს მედლის მფლობელი ისტორიაში პირველად გახდა და იაპონიის ჰეგემონია დაასრულა.

რაც შეეხება სხვა ქართველ სპორტსმენებს, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, გურამ თუშიშვილი (+100კგ.), რეიტინგში მე-2 პოზიციაზეა წარმოდგენილი, ბრინჯაოს მფლობელები – ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (-90კგ.) კი მე-4 ადგილს იკავებენ. ათეულის წევრები ასევე არიან:

  • გიორგი სარდალაშვილი (-60კგ.) | მე-6 პოზიცია;
  • ილია სულამანიძე (-100კგ.) | მე-10 პოზიცია;
  • ლაშა ბექაური (-90კგ.) | მე-10 პოზიცია.

ჯუდოს მოყვარულებს შეგახსენებთ, რომ ქართველ მებრძოლებს წინ ორი მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდებათ. დარწმუნებულები ვართ, რომ მალე, მსოფლიო რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე კიდევ უფრო მეტ ქართველ ჯუდოკას ვიხილავთ.

ეთერის ისტორიული გამარჯვება მხოლოდ ერთი წარმატებული ტურნირის შედეგი არ არის. ეს წლების დაუღალავი შრომისა და შეუპოვარი ხასიათის კულმინაციაა. მისი გზა მწვერვალისკენ ნამდვილი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს, არასოდეს გაჩერდე.

იმისთვის, რომ უფრო მეტი გაიგო ეთერ ლიპარტელიანის მიერ გამოვლილ სირთულეებსა და იმ ჟინზე, რომელმაც ჩემპიონად აქცია, შეგიძლია, წაიკითხო ჩვენი ბლოგი: ეთერ ლიპარტელიანი — ის, ვინც არასოდეს გაჩერდა.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს