2 წუთი წასაკითხად
ჟინი სირთულეებს არ უშინდება | გაიცანი ნინი ჯანიძე, რომელმაც ხელოვნების სიყვარული თერაპიულ სივრცედ აქცია
22 ოქტ. 2025
2 წუთი წასაკითხად
წარმატების მთავარი ფორმულა გულწრფელობა და ძიების დაუოკებელი ჟინია. ყოველ შემთხვევაში, ნინი ჯანიძის ამბავი ამას ადასტურებს.
ის პროფესიით ჟურნალისტია. წლების განმავლობაში სტაბილური სამსახური ჰქონდა, თუმცა შორს იყო ხელოვნებისგან, სფეროსგან, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა. თავისუფალ დროს ყოველთვის ეძებდა საინტერესო საქმეს და ამ პროცესში უნიკალური ხელნაკეთი სამკაულების დასამზადებელი ტექნიკა აღმოაჩინა.
ნინიმ სტაბილურ სამსახურზე უარი თქვა და, როგორც თვითდასაქმებულმა, ჯანინის სამკაულები შექმნა.
ჯანინის სამკაულებს ბიზნესს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, მაგრამ ეს იყო ნაპერწკალი – დიდი გზის დასაწყისი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, სად მიმიყვანდა ეს ყველაფერი და როგორ გაგრძელდებოდა სამკაულებით დაწყებული პატარა ისტორია, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ვერ გავჩერდებოდი და ჯანინი აუცილებლად უნდა გაზრდილიყო
ბიზნესის იდეა ნინის ერთ დღეში არ გასჩენია, განვითარების გზაზე ბევრ დაბრკოლებას წააწყდა, მათ შორის იყო პანდემია:
პანდემიის დროს არჩევანის წინაშე დავდექი, დავლოდებოდი, როდის დაუბრუნდებოდა ცხოვრება ძველ რიტმს, ან გამებედა და გამოსავალი მეპოვა. რა თქმა უნდა, მეორე გზა ავირჩიე
ნინი მიხვდა, რომ მისი საყვარელი საქმე – ხელით შექმნა, შემოქმედებითი პროცესი და დეტალების სიყვარული – ადამიანებისთვის სრულიად სხვა ფორმით შეეძლო გაეზიარებინა.
სწორედ პანდემიის პერიოდში გაუჩნდა ჯანინის სახელოსნოს ვლოგის შექმნის იდეა. დაიწყო ვიდეო მასტერკლასების გადაღება, მაყურებელს უზიარებდა იდეებს, როგორ მიეცათ ახალი სიცოცხლე ძველი ავეჯისთვის, როგორ გარდაექმნათ უსახური ნივთები დახვეწილ დეკორაციად.
ეს ნიშა ქართულ ინტერნეტ სივრცეში აუთვისებელი აღმოჩნდა, ამიტომ საზოგადოების ინტერესი და ნინის აუდიტორია ყოველდღიურად იზრდებოდა:
ვლოგი იყო ზუსტად ის, რამაც ჩემი ინტერესები, ხელსაქმისადმი სიყვარული და პროფესია გააერთიანა. ჰობი ნელ-ნელა იქცა ჩემს მთავარ საქმიანობად და საბოლოოდ შემოსავლის წყაროდაც. ვლოგის შექმნიდან ზუსტად 4 წლის შემდეგ კი ონლაინ სივრცეს დაემატა რეალური სახელოსნო. ის რასაც აქამდე ჩემს აუდიტორიას ვუზიარებდი ვირტუალურ სივრცეში, გადმოვიტანე რეალურ სამყაროში და გავხადე ყველასათვის ხელშესახები
ჯანინის სახელოსნოს მთავარი იდეა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მასტერკლასი. ეს არის სივრცე, სადაც ხელოვნებასთან შეხება თერაპიულ გამოცდილებად იქცევა. ნინის მიზანია, თითოეულმა სტუმარმა მშვიდ ატმოსფეროში თავი განსაკუთრებულად იგრძნოს:
ჩვენს მასტერკლასებზე ადამიანი მხოლოდ ნივთს არ ქმნის, ის ქმნის განწყობას, ემოციას და საკუთარ ისტორიას. ვფიქრობ, სწორედ ეს ინტიმური, თბილი ატმოსფერო განასხვავებს სახელოსნოს სხვა სივრცეებისგან
ნინისთვის თითოეული დაბრკოლება მოტივაცია გახდა წინსვლისთვის. მტკიცედ სჯეროდა, რომ აუცილებლად შეძლებდა. დღესაც ამ ჟინითა და რწმენით მიიწევს წინ და მიუხედავად სირთულეებისა, თავს დანებების უფლებას არ აძლევს:
მოქმედების გარეშე სწორი მომენტი არასდროს დადგება. თუ გაქვს იდეა, რომელიც გულიდან მოდის, უბრალოდ უნდა სცადო, დაიწყო. ყველაფერი სრულყოფილი არასდროს იქნება, მაგრამ მთავარი პირველი ნაბიჯის გადადგმაა. სხვანაირად, ოდესღაც აუცილებლად შეგაწუხებს ფიქრები ნეტავ მეცადა, იქნებ გამომსვლოდაო
ჟინი არის ძალა, რომელიც დაბრკოლებებს სტიმულად აქცევს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი სირთულე გელის, ან რამდენად შორს ხარ მიზნისგან, შეუჩერებელი და ჟინიანი ადამიანები მიზანს ყოველთვის აღწევენ.