Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

KETEVANI სამკაული თვითგამოხატვისთვის: ინტერვიუ მეწარმე ქეთევან გონაშვილთან

ქეთევან გონაშვილისთვის სამკაული უბრალო აქსესუარი არ არის, ის თვითგამოხატვის მძლავრი იარაღი და ერთგვარი მანიფესტია, რომელიც მის მფლობელს აძლევს ძალას ჯერ აღმოაჩინოს საკუთარი თავი, ხოლო შემდგომ, უკომპრომისოდ წარმოაჩინოს ის. 

მისი ბრენდი KETEVANI მომხმარებელთან დიალოგის მატერიალური ფორმაა. თითოეული დეტალი მომავალ მფლობელზე ფიქრით იქმნება. ისე, რომ მან საკუთარი ხასიათი სამკაულში ამოიცნოს და პიროვნული უნიკალურობის გამოსახატად მოირგოს ის. 

საქართველოს ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ინიციატივით KETEVANI ბაზარი ორბელიანის გამოფენა-გაყიდვებს უსასყიდლოდ შეუერთდა და მარტში საკუთარ ნამუშევრებს ფართო აუდიტორიას გააცნობს. ინიციატივა დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად მეწარმე ქალების გაძლიერებას ისახავს.

KETEVANI-ს ფილოსოფია

ბრენდ KETEVANI-ს და თავად ქეთევან გონაშვილს, შემოქმედებით პროცესში ყველაზე მეტად ვერცხლი შთააგონებს. დამფუძნებლისთვის ეს არის მასალა, რომელშიც ერთდროულად სიმტკიცეც შეიგრძნობა და სინაზეც. ქეთევანის თქმით, მასალის ეს თავისებურება ბრენდის მთავარი აუდიტორიის ქალების ბუნებას იმეორებს. სწორედ ეს „ორბუნებოვნება“ იქცა KETEVANI-ს მთავარ ფილოსოფიად.

ნამუშევრებში ხშირად ვაერთიანებ უბრალო ფორმებსა და მოულოდნელ დეტალებს. ვცდილობ, თითოეული სამკაულით მოვყვე ისტორია იმ ქალზე, რომელიც მას ატარებს. ამიტომ, ჩემთვის ეს არა მხოლოდ დიზაინი, არამედ პატარა, ცოცხალი ამბავია
ამბობს ქეთევან გონაშვილი

ქეთევანის თქმით, მისი ნამუშევრები მტკიცე და, ამავდროულად, ნაზი ქალებისთვის იქმნება; მათთვის, ვისაც საკუთარი გზა უკვე არჩეული აქვთ და მასზე გაბედულად მიაბიჯებენ. ალბათ, ამიტომაც, ბრენდის მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, ისინი KETEVANI-ს სამკაულს იმიტომ კი არ ირჩევენ, რომ რაღაც აკლიათ, არამედ იმიტომ, რომ მზად არიან, საკუთარი თავი სამყაროს მთელი სიცხადით დაანახონ.

სირთულეები და მხარდაჭერის მნიშვნელობა

გამორჩეული სამკაულების შექმნის პროცესში ბრენდ KETEVANI-ს არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. იყო პერიოდები, როცა საქმე არსებულზე მეტ დროს, ენერგიას და მატერიალურ რესურსებს მოითხოვდა. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ქეთევანს საკუთარი თავისა და საქმის რწმენა არასოდეს დაუკარგავს.

სამკაულის შექმნა ჩემთვის არჩევანი არ იყო, ეს იყო ბუნებრივი გზა,—ამბობს ქეთევან გონაშვილი

ალბათ, ამიტომაც არსებობს დღეს KETEVANI, ბრენდი, რომელიც, როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, არ დაწყებულა ბიზნესგეგმით, დაიწყო სიყვარულით.

ქეთევანი მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან ბრენდის განვითარების პროცესში მის გვერდით აღმოჩნდნენ ადამიანები და კომპანიები, რომლებიც მხარს უჭერდნენ. სწორედ ამან დაანახა, რომ როცა საქმეს გულით აკეთებ, სხვებიც გრძნობენ და შენ გვერდით დგებიან. 

ხშირად ერთი სიტყვა, ერთი რჩევა ან უბრალოდ რწმენა შეიძლება გახდეს ძალა, რომელიც წინ გატარებს
აღნიშნავს ქეთევან გონაშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერა

ქალ მეწარმეთა ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში ბრენდის განვითარების გზაზე ქეთევანის გვერდით საქართველოს ბანკიც დადგა. მხარდაჭერამ KETEVANI-ს მისცა სტიმული გაეფართოვებინა პერსპექტივები და განევრცო სამომავლო მიზნები.

Bank of Georgia-ისა და UN WOMEN-ის მხარდაჭერამ ჩემთვის ძალიან ხელშესახები შედეგი მოიტანა.
მივიღე ცოდნა ბრენდის განვითარების შესახებ და ფინანსური დახმარება. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი საქმე სულ სხვა თვალით დავინახე. მხარდაჭერამ მომცა სივრცე, რომ ბრენდზე უფრო სტრატეგიულად მეფიქრა; გავიაზრე, რომ ჩემი საქმე მხოლოდ ხელობა კი არა, რეალური ბიზნესია

ქეთევანის აზრით, ასეთი პროექტები მეწარმე ქალებს ანიჭებს რწმენასა და თავდაჯერებას და აძლიერებს მათ – ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის მრავალფეროვანი იდეების განვითარებისთვის.

მარტის თვეში ბაზარი ორბელიანის სივრცეში KETEVANI-ს სამკაულის დათვალიერებას და მორგებას პარასკევს, შაბათსა და კვირას გამოფენა-გაყიდვის ღონისძიების ფარგლებში შეძლებთ. ამასთან, შერჩეულ ობიექტებში პროდუქციის შეძენისას 20-ჯერ მეტი PLUS ქულით (მაქს. 10 000 PLUS) დასაჩუქრდებით. ასე, თითოეული შენაძენი ქულების დაგროვებასთან ერთად, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს.

ორბელიანზე ჩვენს სტენდთან მომხმარებლებს ელოდებათ სამკაული, რომელიც შეიძლება პირველად ნახონ, მაგრამ მაშინვე იგრძნონ, რომ “მათია”.
მოვიტან ახალ ნამუშევრებს, ისეთ სამკაულებს, რომლებიც ყოველდღიურ სტილს უხდება და ისეთსაც, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა მოირგოთ

ქეთევანი ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებები ბრენდისთვის განსაკუთრებით გარდამტეხია ხოლმე, რადგან სამკაული მნიშვნელობას მაშინ იძენს, როცა ადამიანები ეხებიან, ირგებენ და გრძნობენ მის ენერგიას.


ხშირად სწორედ ასეთი შეხვედრიდან იწყება პირველი ნაცნობობა… და შემდეგ, ერთგული ურთიერთობა, – ამბობს ქეთევან გონაშვილი.

ასე რომ, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა! დაუჭირეთ მხარი ქალ მეწარმეებს და ისარგებლეთ 20x PLUS ქულის შეთავაზებით.

გახსენით ბიზნეს ანგარიში

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს