Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკი და ფოთის საჭადრაკო კლუბი: პარტნიორობა მომავალი თაობის მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელშეწყობა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორი ხდება. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს, გააძლიეროს ქალაქის მდიდარი საჭადრაკო ტრადიციები და ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად ახალი შესაძლებლობები მისცეს.

ფოთის საჭადრაკო სკოლა – 70-წლიანი ისტორია

ფოთში ჭადრაკს დიდი ხნის ისტორია და ტრადიციები აქვს. კლუბი ჯერ კიდევ 1948 წელს გაიხსნა და თბილისისა და ქუთაისის შემდეგ მესამე ქალაქი იყო, სადაც ახალგაზრდებს ამ ინტელექტუალური თამაშის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ. 1987 წელს კლუბს ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნანა ალექსანდრიას სახელი მიენიჭა.

წლების განმავლობაში ფოთი არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძელი იყო. აქ ჩატარდა საქართველოს ღია პირველობა მსოფლიო ექსჩემპიონ მიხეილ ტალის მონაწილეობით, ქალაქს მსოფლიო ჩემპიონის რანგში ესტუმრა ნონა გაფრინდაშვილიც. ეს ყველაფერი ფოთს საქართველოს საჭადრაკო რუკაზე განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს.

რატომ არის ეს პარტნიორობა ფოთისთვის მნიშვნელოვანი

ფოთისთვის, სადაც ჭადრაკს ასეთი მდიდარი ისტორია აქვს, საჭადრაკო კლუბის მხარდაჭერა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტის დაფინანსება. ეს არის ქალაქის ტრადიციების გაძლიერება და, რაც მთავარია, ახალგაზრდა თაობის განვითარებაში შეტანილი წვლილი. ჭადრაკი აქ ყოველთვის იყო ინტელექტუალური და პიროვნული ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი.

როგორც კლუბის დირექტორი, დათო კოდუა აღნიშნავს, ჭადრაკი მოსწავლეებს ეხმარება, გამოიმუშაონ ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარები:

ჩვენი გამოცდილებით, ჭადრაკი ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ეხმარება მათ ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში, ასწავლის სიტუაციის შეფასებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე, ჭადრაკი ავითარებს კონცენტრაციის უნარს, მოთმინებას და პასუხისმგებლობას საკუთარ ნაბიჯებზე. ბავშვები სწავლობენ წინასწარ დაგეგმვას და შედეგებზე ფიქრს, რაც მათ არა მხოლოდ თამაშში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ეხმარება.
– დათო კოდუა, ფოთის საჭადრაკო კლუბის დირექტორი

ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკთან ერთად

საქართველოს ბანკისა და ფოთის საჭადრაკო კლუბის თანამშრომლობა საერთო მიზანს – ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ეს პარტნიორობა კლუბს დამატებით შესაძლებლობებს მისცემს, მოსწავლეებმა საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინონ.

ამ პარტნიორობის ფარგლებში:

  • შემოდგომიდან, საქართველოს ბანკის სტიპენდიით, 10 ნიჭიერი მოსწავლის სწავლა ერთი წლის განმავლობაში სრულად დაფინანსდება.
  • ბანკი მხარს დაუჭერს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს – „ნანა ალექსანდრიას თასს“, რომელიც ფოთში უკვე მრავალი წელია ტარდება.
  • ასევე, დაიგეგმება შიდა საკლუბო ტურნირები და წამახალისებელი აქტივობები, რაც ბავშვების რეგულარულ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

გაკვეთილები დაფის მიღმა

კლუბის ერთ-ერთი მთავარი ფილოსოფია მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ ტექნიკისა და სტრატეგიის სწავლება, არამედ პიროვნული უნარების განვითარებაა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მარცხთან ღირსეულად გამკლავებას, რათა მოსწავლეებმა ის არა იმედგაცრუებად, არამედ განვითარების შესაძლებლობად აღიქვან.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ისწავლონ წაგების სწორად აღქმა. მწვრთნელები ყოველთვის ვცდილობთ, მათ დავანახოთ, რომ მარცხი არ არის დასასრული, არამედ განვითარების პროცესის ნაწილი. ყოველი პარტიის შემდეგ ვაანალიზებთ თამაშს, ვსაუბრობთ შეცდომებზე და იმაზე, რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო. თითოეული მარცხი არის ახალი გამოცდილება, რომელიც მათ უფრო ძლიერ მოჭადრაკეებად აყალიბებს.
– დათო კოდუა

კლუბის მომავალი

საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა კლუბს დაეხმარება, მიაღწიოს ისეთ მნიშვნელოვან მიზნებს, როგორიცაა სასწავლო პროცესის გაძლიერება და პირობების გაუმჯობესება. ეს, თავის მხრივ, შექმნის გარემოს, სადაც კიდევ უფრო მეტი წარმატებული მოჭადრაკე აღიზრდება.

როგორც კლუბის დირექტორი აღნიშნავს, ეს პროცესი უწყვეტ ჯაჭვს ჰგავს – დღევანდელი წარმატებული მოსწავლეები ხვალინდელი თაობისთვის მაგალითები და მენტორები გახდებიან, რაც ფოთის საჭადრაკო სკოლის სტაბილურ და გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს.

გაეცანი განათლების კიდევ რა შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოს ბანკი მოსწავლეებს: ganatleba.bog.ge

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს