2 წუთი წასაკითხად
რას არ ყიდულობს ფოქსი ელენიკო? 5 შენაძენი რომელიც არ გჭირდება
19 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ამ ბლოგში ფოქსი ელენიკო ემოციური ხარჯვის დასაძლევად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდზე, ფინანსურ დეტოქსზე გვიყვება. ინფლუენსერმა ამ მეთოდის ყოველდღიურობაში დასანერგად ძალიან პრაქტიკული სია შემოგვთავაზა, რომელსაც არ ვიყიდი სია ჰქვია.
დეტოქსი, რეალურად, თავის შეზღუდვა კი არაა, არამედ მიზნების მიღწევის გზაა. ფინანსური დეტოქსისას ხვდები, რომ სინამდვილეში იმაზე ბევრად ნაკლები გჭირდება, ვიდრე საკუთარ თავს არწმუნებდი. საკუთარი ჭეშმარიტი სურვილების ასასრულებლად კი იმაზე მეტის დაზოგვა შეგძლებია, ვიდრე ოდესმე გეგონა.
მოკლედ, დეტოქსი თუ შენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, მალევე აღმოაჩენ, რომ მოგზაურობისთვის, ახალი თავგადასავლებისა თუ ოცნებებისთვის უცებ ბევრად უფრო მეტი რესურსი გაქვს. მგონი, ნამდვილად ღირს ცდად!
„არ ვიყიდი“ სია
როცა ყოველდღიურად ათასობით ახალ ტრენდსა თუ რეკლამას აწყდები, რთულია გამიჯნო, რა გჭირდება რეალურად და რას ყიდულობ მხოლოდ წუთიერი სიამოვნების შესაგრძნობად. ამ დროს საკუთარ კარადასა და საბანკო ანგარიშს კარგად უნდა დააკვირდე და შექმნა წესები. ზუსტად ასე დაიბადა ჩემი პირადი „არ ვიყიდი“ სია, რომელმაც ფინანსურადაც გამათავისუფლა და მენტალურადაც.
აი, რას იპოვი ამ სიაში:
#1 მორიგი ახალი სუნამო
ვაღიარებ, კარგი სუნამოები ჩემი სისუსტეა. თუმცა, როცა ჩემს თაროს დავხედე, აღმოვაჩინე, რომ საკმარისზე მეტი მაქვს და უმეტესობა ნახევრამდეც კი არ არის ჩასული. გადავწყვიტე, ამ დანაზოგით მორიგი მოგზაურობა დავიფინანსო. თავგადასავლების მოგონებები ხომ ბევრად უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე სურნელი.
#2 ლამაზი, მაგრამ ცარიელი წიგნაკები
ულამაზესი საკანცელარიო ნივთების მიმართ გულგრილი ვერ ვრჩები. შედეგად, უამრავი წიგნაკი დამიგროვდა, რომელთა უმეტესობაში არასდროს არაფერი ჩამიწერია. ყოველდღიური ჩანაწერებისა და გეგმებისთვის ტელეფონის ნოუთები და ერთი დაგეგმვის დღიური სრულიად მყოფნის. ასე რომ, კიდევ ერთი ლამაზი, მაგრამ ცარიელი წიგნაკი მაღაზიის თაროზე რჩება.
#3 თმის მოვლის (ზედმეტი) პროდუქტები
თავის დროზე დატესტვის რეჟიმში ვიყავი და თმის მოვლის ბევრ პროდუქტს ვყიდულობდი. ახლა ზუსტად ვიცი, რა უხდება ჩემს თმას და ჩამოყალიბებული რუტინა მაქვს. მთავარი ისაა, რომ ახალ პროდუქტებს იმპულსურად აღარ ვყიდულობ, რადგან უკვე ვიპოვე ის, რაც მუშაობს და 8-საფეხურიანი მოვლა ჩემთვის ნამდვილად არ არის საჭირო.
#4 პლასტმასის კონტეინერები
ჩემი სამზარეულოს სათავსოები პლასტმასის კონტეინერებითაა გადავსებული. გარდა იმისა, რომ უამრავი მაქვს, დიდი ხანია მინდა, ისინი შუშის კონტეინერებით ჩავანაცვლო. შესაბამისად, კიდევ ერთი პლასტმასის კონტეინერის ყიდვა სიიდან ამოვიღე.
#5 თერმოსების კოლექცია
ჩვევად მქონდა, მაღაზიაში შესვლისას ახალი თერმოსი მეყიდა. ახლა ჩემი „არ ვიყიდი“ წესი ამ იმპულსური შენაძენისგან თავის შეკავებაში მეხმარება და ვიყენებ იმას, რაც უკვე მაქვს (სანამ ყველას არ დავკარგავ).
#6 გამოუყენებელი გამოწერები (Subscriptions)
ძალიან მარტივია, დარეგისტრირდე ამა თუ იმ ციფრულ სერვისზე და შემდეგ დაგავიწყდეს. რეგულარულად ვამოწმებ ჩემს გამოწერებს და ვაუქმებ ყველაფერს, რასაც აქტიურად არ ვიყენებ. ეს დანაზოგის შექმნის მარტივი და ეფექტური გზაა.
#7 კიდევ ერთი „ფულე“ ზედა
მიყვარს ფუმფულა და კომფორტული ზედები, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ გარდერობში ბევრი მაქვს და საბოლოოდ მაინც რამდენიმე ფავორიტს ვიცვამ. ამიტომ, მივხვდი, რომ ახალი, მსგავსი სტილის ზედების ყიდვას აზრი არ აქვს.
#8 ერთჯერადი სამოსი ღონისძიებებისთვის
კონკრეტული ღონისძიებებისთვის ახალი სამოსის შეძენა ის ჩვევაა, რომელსაც წარსულში ვტოვებ. ეს არ არის მდგრადი არც ჩემი საფულისთვის და არც გარემოსთვის. ამის ნაცვლად, ვცდილობ, ისეთი სამოსი შევარჩიო, რომლის გამოყენებასაც არაერთხელ შევძლებ.
როგორც ხედავ, რთული და ახალი არაფერია; ფულის დაზოგვა საკუთარი იმპულსების კონტროლით იწყება. ცხადია, ყველას განსხვავებული სუსტი წერტილი აქვს და შესაბამისად, ყველას „არ ვიყიდი“ სია ინდივიდუალურია. შეადგინე შენი ვერსია, დაზოგე ფული და მიხვდები, რომ რეალური სურვილების ასასრულებლად ბევრად მეტი დრო, რესურსი და ენერგია დაგრჩება.