Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

კიდევ ერთი სერია თუ ძილი? რას ნიშნავს ალტერნატიული დანახარჯი

2017 წელს Netflix-ის გენერალურ დირექტორს, რიდ ჰასტინგსს, მთავარი კონკურენტის შესახებ ჰკითხეს. მისი პასუხი მოულოდნელი აღმოჩნდა: „Netflix-ის მთავარი კონკურენტი ძილია“.

ეს ერთი შეხედვით მარტივი ფრაზა ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კონცეფციას – ალტერნატიულ დანახარჯს – უკავშირდება.

მართლაც, რამდენჯერ დამდგარხარ არჩევანის წინაშე: გეყურებინა საყვარელი სერიალის კიდევ ერთი სერიისთვის თუ დაგეძინა. ამ ბლოგში მარტივად გაჩვენებთ, რა არის ალტერნატიული დანახარჯი და როგორ დაგეხმარება მისი ცოდნა უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.

რა არის ალტერნატიული დანახარჯი?

ალტერნატიული დანახარჯი არის იმ საუკეთესო ალტერნატივის ღირებულება, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას უარს ამბობ. ეს არის შენი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ საუბარია არა ნებისმიერ, არამედ მეორე საუკეთესო არჩევანზე.

როგორ შეაფასებდა ეკონომისტი შენს დილემას დამატებით სერიასთან დაკავშირებით? ერთი დამატებითი ეპიზოდის ყურების რეალური ფასი მხოლოდ ინტერნეტის ან ელექტროენერგიის გადასახადი არაა. ის მოიცავს იმ აქტივობასაც, რომელიც მის ნაცვლად შეგეძლო გაგეკეთებინა – დაგეძინა, წაგეკითხა წიგნი ან გესეირნა.

რატომ გვიწევს არჩევანის გაკეთება

ეკონომიკა, როგორც მეცნიერება, რესურსების სიმწირის იდეაზე დგას. ადამიანების სურვილები თითქმის უსაზღვროა, მაგრამ რესურსები, რომლებითაც ამ სურვილებს ვიკმაყოფილებთ – შეზღუდული.

რესურსებში კი მხოლოდ ფული არ იგულისხმება. ეს შეიძლება იყოს:

  • დრო
  • ენერგია
  • ყურადღება
  • სივრცე

სწორედ ამიტომ, ჩვენ მუდმივად გვიწევს არჩევანის გაკეთება. ეკონომიკური აზროვნება კი ხშირად ერთი მარტივი კითხვით იწყება: „ეს რომ ავირჩიო, რას ვკარგავ?“ ყველაზე ძვირფასი რესურსი ხშირად ფული არ არის.

თუ მეგობრებთან ერთად სასეირნოდ მიდიხარ, ალტერნატიული დანახარჯი შეიძლება იყოს სახლში მშვიდად დასვენება. თუ შაბათს სამსახურში მიდიხარ დამატებითი შემოსავლისთვის, შესაძლოა ალტერნატიული დანახარჯი ოჯახთან გატარებული დრო იყოს.

რატომ არ არსებობს არაფერი „უფასო“

ეკონომისტები ხშირად ამბობენ, რომ ბუნებაში არაფერია უფასო. მაშინაც კი, როცა რაიმეში ფულს არ იხდი, შენ მაინც ხარჯავ სხვა, არანაკლებ ღირებულ რესურსებს.

წარმოიდგინე, რომ „უფასო“ კონცერტზე მიდიხარ. შენ ფულს ბილეთში არ იხდი, მაგრამ ალტერნატიული დანახარჯი მაინც არსებობს. ეს შეიძლება იყოს:

  • გზაში დახარჯული დრო და ენერგია.
  • ის სარგებელი, რომელსაც მიიღებდი, ეს დრო სხვა საქმისთვის რომ დაგეთმო.

ალტერნატიული დანახარჯი შენს ყოველდღიურობაში

ალტერნატიული დანახარჯის კონცეფცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაშინაც კი, თუ ამაზე არ ვფიქრობთ. ის მოქმედებს, როცა:

  • სოციალურ ქსელში დამატებით 30 წუთს ატარებ, ნაცვლად იმისა, რომ იმუშაო ან დაისვენო.
  • ხელფასს ერთ კონკრეტულ ნივთზე ხარჯავ და უარს ამბობ მეორეზე.
  • არჩევანს სწავლასა და მეგობრებთან ერთად გართობას შორის აკეთებ.
  • მომენტალურ სიამოვნებას მომავალ სარგებელზე წინ აყენებ.
  • როცა ამ ბლოგს კითხულობ და ა.შ.

მთავარია, გვესმოდეს, რომ ყოველი არჩევანი რაღაცას გვაძლევს და, ამავდროულად, რაღაცას გვართმევს. ამ დანახარჯის გააზრება კი უფრო გაცნობიერებული და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. შემდეგი გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდი – რა არის შენი არჩევანის რეალური ფასი?

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს