Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის თავს მიმართავს

19 წელი ის ასაკია, როცა გეჩვენება, რომ მთელი სამყაროს ტვირთი შენს მხრებზეა ჩამოკიდებული. გინდა ყველაფერი იდეალურად გამოგივიდეს, წარმატების გზაზე სულ მწვანეზე იარო და ფეხი არასდროს გადაგიცდეს. თუმცა რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია: ეჭვები, შეცდომები და იმედგაცრუებები კი იმ ძიების ნაწილია, რომელიც ოცნებების ასრულებამდე მიგიყვანს.

რადგან ახალგაზრდებისა და განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შევქმენით სერია, სადაც ადამიანები საკუთარ 19 წლის ვერსიებს გამოცდილებას უზიარებენ, ამჯერად გრაფიკული დიზაინერი და კონტენტ კრეატორი, ფოქსი ელენიკო შემოგვიერთდა. 

ელენიკოს წარმატების ამბავი კარგი მაგალითია იმისთვის, რომ პერფექციონიზმი დაამარცხო და არასდროს შეწყვიტო სწავლა.

დაიწყე დღეს, დახვეწე ხვალ

ცხოვრებაში არის ერთი კონკრეტული ჩვევა, რომელმაც ჩემთვის ყველაფერი შეცვალა. და ესაა: დაწყება მაშინაც, როცა ჩანაფიქრი ჯერ კიდევ არ არის იდეალური.

წლების განმავლობაში, მუდმივად რაღაცის – სწორი მომენტის, უკეთესი უნარების ან შესაბამისი გარემოს მოლოდინმა ძალიან დიდი დრო დამაკარგინა. სულ მეგონა, რომ ჯერ საკმარისად კარგი არ ვიყავი. სასურველი საქმის დასაწყებად ნიშანს ველოდი, რომელიც მუდამ განუსაზღვრელ მომავალში რჩებოდა.

ერთ დღესაც გავიაზრე: თუ ამ მიდგომას არ შევცვლიდი, მთელი ცხოვრება ერთი დიდი მოლოდინი და იმედგაცრუება იქნებოდა. დავიწყე იმ არასრულყოფილი მოცემულობებით, შეზღუდული რესურსებით, თუმცა დიდი სურვილით, წარმატებისთვის მიმეღწია. ჩემს 19 წლის თავსაც ამას ვურჩევდი:

მთავარია, უბრალოდ დაიწყო. პროცესი გიჩვენებს გზას

ისიც ზუსტად მახსოვს, რასაც განვიცდიდი 19 წლის ასაკში: უამრავი ეჭვი და პასუხისმგებლობა მქონდა. ჩემს თავთან საუბარი რომ შემეძლოს, ალბათ, გავამხნევებდი, ვეტყოდი:

ვიცი, ახლა ძალიან დაკარგული ხარ, ბევრი პასუხისმგებლობა გაქვს და ისიც არ იცი, საერთოდ გაუმკლავდები თუ არა ამ რთულ პერიოდს. მაგრამ მერწმუნე, შენი საქმის სიყვარული და ძალიან ბევრი შრომა მოგიყვანს ჩემამდე. ოღონდ არ გაჩერდე

პროფესია, რომელიც ყველა კარს ხსნის

კარიერულ არჩევანზე თუ დავფიქრდები, 19 წლის საკუთარ თავს მხოლოდ შევაქებდი. თავიდანვე ვიცოდი, რომ გრაფიკული დიზაინის არჩევა ძალიან ბევრი შესაძლებლობის კარს გამიხსნიდა.

როცა პროფესიას ირჩევ, მნიშვნელოვანია, მომავალზე ორიენტირდე. ისეთი საქმე გამონახო, რომელიც მოქნილია და სხვა, მრავალ საქმიანობაშიც გამოგადგება. გრაფიკული დიზაინი სწორედ ასეთი აღმოჩნდა ჩემთვის. ამ პროფესიამ მომცა თავისუფლება, ვყოფილიყავი შემოქმედებითი და, ამავდროულად, პრაქტიკული.

მოსწავლის მერხი არასდროს ძველდება

პროფესიულ განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი ითამაშა ცნობისმოყვარეობამ და სწავლის დაუოკებელმა სურვილმა. ბევრს ჰგონია, რომ როცა კარიერაში რაღაცას მიაღწევ, სწავლის ეტაპი სრულდება. მე კი მტკიცედ მჯერა, რომ განათლება უწყვეტი გზაა.

მე დღემდე ვსწავლობ. ამ ეტაპზე იუთუბერობის კურსებს ვესწრები. თავიდან კურსზე ყველას მენტორი ვეგონე, მაგრამ მოსწავლის მერხთან ძალიან კომფორტულად მოვკალათდი. ყურადღებით ვუსმენ მენტორს და ამაში არაფერია უცნაური.

შეცდომა, როგორც გაგრძელების მიზეზი

ცხადია, შეცდომებისგან ვერც ბევრი შრომა, ვერც მიზანდასახულობა და ვერც სწავლის უწყვეტი პროცესი დაგაზღვევს. მაგრამ სინამდვილეში, შეცდომებიც კარგი მასწავლებლები არიან, თუ ხელს არ ჩაიქნევ და შენს ჩანაფიქრს ბოლომდე მიჰყვები.

კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია

თუ არ გაჩერდები, იდეა რეალობად იქცევა, ხოლო 19 წლის დაკარგული გოგო, საკუთარ თავში დარწმუნებულ პროფესიონალად.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს