Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

საქართველო ევროპული საფეხბურთო ელიტის გზაზე | ერთა ლიგა იწყება

25 სექ. 2026

მუნდიალის, ცხელი სატრანსფერო ზაფხულისა და საკლუბო ფეხბურთის გახურების ფონზე, ერთა ლიგა იწყება – ტურნირი, რომელიც ქართველი გულშემატკივრის გონებაში განსაკუთრებულ ისტორიულ მოგონებებთანაა კავშირში.

სწორედ დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. ეს თამაში განსხვავებული იქნება, რადგან ჩვენი ფეხბურთელები ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ – სტადიონზე დასწრების უფლება მხოლოდ საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებულ 10-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდებს მიეცათ.

თუმცა, ქომაგობა სტადიონის კარებთან არც იწყება და არც მთავრდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ნაკრების გულშემატკივრების ერთობლივი ძალისხმევით, ქუჩაშივე აშენდა სპეციალური ტრიბუნა და მოეწყო გულშემატკივართა ზონები.

დღეს, 17:00 საათიდან, საქართველოს ქომაგები სწორედ „დინამო არენასთან“ იკრიბებიან, რომ დახვდნენ ნაკრების ავტობუსს, ხმაურით შეაცილონ ბიჭები სტადიონზე და კიდევ ერთხელ დაამტკიცონ, რომ ქომაგობა არ ჩერდება!

საიდან დაიწყო გზა B დივიზიონამდე 

სანამ ახალ თავს გადავშლით, გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ეს გზა. საქართველომ ასპარეზობა D დივიზიონში, ჯერ კიდევ ვლადიმერ ვაისის პერიოდში დაიწყო. ნაბიჯ-ნაბიჯ, გუნდმა C ლიგაში გადაინაცვლა, სადაც ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოვიპოვეთ, ფინალში საბერძნეთს ვუმასპინძლეთ და… საოცარი დღეები იყო: სიხარულით გაერთიანებული ქვეყანა და პირველი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ისტორიაში.

დღეს საქართველოს ნაკრები უკვე B დივიზიონში ასპარეზობს, სადაც სრულიად განსხვავებული კალიბრის მეტოქეები გვყავს. ამჯერად ჩვენი ჯგუფელები ჩრდილოეთ ირლანდია, უკრაინა და უნგრეთი იქნებიან.

მატჩების განრიგი

21 სექტემბრიდან ჩვენი ნაკრები თბილისში შეიკრიბა და მოახლოებული მატჩებისთვის მზადება დაიწყო. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ეროვნული გუნდი ოთხ შეხვედრას გამართავს:

  • 25 სექტემბერი, 20:00 – საქართველო vs ჩრდილოეთ ირლანდია
  • 28 სექტემბერი, 20:00 – საქართველო vs უკრაინა
  • 2 ოქტომბერი, 22:45 – უნგრეთი vs საქართველო
  • 5 ოქტომბერი, 22:45 – ჩრდილოეთ ირლანდია vs საქართველო

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განცხადებით, ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება და A დივიზიონში – ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის გადასვლაა. 

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც სანიოლმა მოახლოებული მატჩებისთვის იხმო. მათ შორისაა გუნდის ახალწვეული – ოთარ მამაგეიშვილი, რომელიც ავსტრიული “ვოლფსბერგის” შემადგენლობაში გამოდის.

  • მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), დავით კერესელიძე (დილა, საქართველო).
  • დაცვა: ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა).
  • ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), ოთარ მამაგეიშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).

წინ დიდი საფეხბურთო მარათონია. შევიკრიბოთ „დინამო არენასთან“, გავაგონოთ ჩვენი ხმა ბიჭებს და ერთად მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება.

ქომაგობა არ ჩერდება!

დღე

საათი

წუთი

წამი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს