Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

სუხიშვილების რეპერტუარი: რას გვიყვება თითოეული ცეკვა

აღმოაჩინე სუხიშვილების ცეკვების მნიშვნელობები. გაიგე, რას გვიყვება „ხორუმი“, „სამაია“ და სხვა შედევრები, კლასიკიდან თანამედროვეობამდე

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საცეკვაო ანსამბლი – ეს არის კულტურული ფენომენი, რომელმაც რვა ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს ქართული სული და ხასიათი ცეკვის ენით გააცნო. 

დაარსებიდან დღემდე, სუხიშვილების სამი თაობა წარმატებით ახერხებს, შეინარჩუნოს უნიკალური მემკვიდრეობა და, ამავდროულად, მუდმივად შესთავაზოს მაყურებელს ინოვაციური დადგმები. 

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სცენების, მათ შორის „ლა სკალასა“ და „მეტროპოლიტენ ოპერის“ დაპყრობის შემდეგაც, ანსამბლისთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა კვლავ ქართველი მაყურებლის წინაშე გამოსვლაა.

სწორედ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, საქართველოს ბანკის, როგორც გენერალური სპონსორის, მხარდაჭერით, ანსამბლი წარმოადგენს პროგრამას, რომელმაც „კარნეგი ჰოლში“ სრული ტრიუმფი მოახდინა. ეს არის წარმოდგენა, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და მაყურებელს ქართული ქორეოგრაფიის განვითარების შთამბეჭდავ ისტორიას უყვება.

ეს ბლოგი გიამბობთ იმ ცეკვებზე, რომლებიც სუხიშვილების რეპერტუარის ღერძს წარმოადგენს – კლასიკური დადგმებიდან უახლეს ექსპერიმენტებამდე.

ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მემკვიდრეობა

ყველაფერი 1945 წელს დაიწყო, როდესაც ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ქართული ფოლკლორული ცეკვა სრულიად ახალ, სასცენო განზომილებაში გადაიყვანეს. მათ შექმნეს ქორეოგრაფიული შედევრები, რომლებიც დღეს ანსამბლის „ოქროს ფონდს“ წარმოადგენს და დროის გამოცდას უძლებს.

  • „ქართული“ – ეს არის ქალისა და მამაკაცის არისტოკრატული დუეტი, რომელიც ქართულ ხასიათს, კდემამოსილებასა და რაინდულ სულს განასახიერებს. როგორც ნინო რამიშვილი ამბობდა, ესაა ცეკვა, რომელიც მოდერნიზაციას არ ექვემდებარება. იგი დღემდე უცვლელი სახით, დუდუკისა და დოლის თანხლებით სრულდება და განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვს.
  • „სამაია“ – თამარ მეფის ფრესკებითა და ქართული ხუროთმოძღვრების მონუმენტურობით შთაგონებული ეს ცეკვა ანსამბლის ერთ-ერთი სიმბოლოა. სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი კოსტიუმები და მოცეკვავეთა სინქრონული მოძრაობა სცენაზე სიდიადისა და ჰარმონიის განცდას ქმნის.
  • „ხორუმი“ – ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმული ეს ცეკვა საბრძოლო სულისკვეთების ქორეოგრაფიული გამოხატულებაა. იგი ოთხი ნაწილისგან შედგება და მეომრების თავდადებისა და გამარჯვების ისტორიას მოგვითხრობს.
  • „ილოური“ – თავდაპირველად ეს იყო ნინო რამიშვილის მიერ შესრულებული „მთიულური“, რომელმაც თავის დროზე კრიტიკა დაიმსახურა იმის გამო, რომ ქალი თეთრი ჩოხით ცეკვავდა. დღეს ცეკვას „ილოური“ ჰქვია, უფროსი ილიკო სუხიშვილის პატივსაცემად, რადგან მის გამოგონილ ილეთებს ის ილიკოსეულს, ილოურს უწოდებდა.
  • საღამო დასრულდება „შეჯიბრით“ – ცეკვით, რომელიც ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა გამოიგონეს და იდეალურად ასახავს ქართულ ხასიათს. მისი შესრულება საკმაოდ რთულია, რადგან მოცეკვავეებს მუხლზე დაცემა, ცერზე ტრიალი, სალტოების გაკეთება უწევთ. 

ძველი თბილისისა და მთის ხასიათი

სუხიშვილების რეპერტუარი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხასიათსა და ცხოვრებას აცოცხლებს.

ძველი თბილისის სურათები გაერთიანებულია ერთ კომპოზიციაში, სადაც „ყარაჩოღელი“, „კინტოური“ და „დავლური“ ქალაქის მრავალფეროვან სოციალურ ფენებს ასახავს – ხელოსნებიდან და ვაჭრებიდან დაწყებული, არისტოკრატიით დამთავრებული.

მთის ცეკვები კი რეგიონების მკაცრსა და ამაყ ბუნებას გადმოსცემს:

  • „სვანური“ სრულდება ცერებზე, რაც სვანეთში მონადირეთა სიფრთხილესა და მოქნილობას ასახავს.
  • „ხანჯლური“, ისევე როგორც „ხევსურული“, დინამიკური და ენერგიული ნომერია, რომელიც მთიელთა შეუპოვარ ხასიათს წარმოაჩენს.
  • „ცდო“, რომელიც მთიულურისა და ყაზბეგურის მოტივებზეა აგებული, რიტმითა და ენერგიით გამოირჩევა.
  • „ჯუთა“, რომელიც ხევსურულ მოტივებზეა აგებული, მთის ქალის სიძლიერესა და დამოუკიდებლობას უსვამს ხაზს.

ტრადიციის ახალი სიცოცხლე: თანამედროვე რეპერტუარი

ანსამბლის განვითარების ახალი ეტაპი უმცროსი ილიკო სუხიშვილის ნოვატორულ დადგმებს უკავშირდება. ეს ცეკვები ინარჩუნებს ტრადიციულ ფესვებს, თუმცა გამოირჩევა თანამედროვე ქორეოგრაფიული გადაწყვეტითა და თეატრალური ელემენტებით.

  • „ზეკარი“, რომელიც 2000 წელს დაიდგა, ნამდვილ გარდატეხად იქცა და ანსამბლის რეპერტუარში ახალი ეპოქის დასაწყისს ჩაუყარა საფუძველი. საღამო სწორედ „ზეკარით“ დაიწყება.
  • „ნანილა“ – სვანურ იავნანაზე შექმნილი ეს მოდერნისტული ცეკვა ოთხი ქალის მიერ სრულდება და სრულიად ახლებურად წარმოაჩენს ქართულ ფოლკლორს.
  • „ჯარა“ – ანსამბლის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი ეს დადგმა გამორჩეულია თავისი სცენოგრაფიითა და ენერგეტიკით. სახელწოდება კლდეში გარეული ფუტკრის ბუდეს ნიშნავს და ცეკვაც სწორედ ამ ველურ, დინამიკურ ენერგიას გადმოსცემს.

„სუხიშვილები“ აგრძელებენ ისტორიის წერას, ქმნიან ახალს და აცოცხლებენ ძველს. ეს არის ხელოვნება, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას და მუდმივად ვითარდება. 

საქართველოს ბანკი, როგორც ანსამბლის გენერალური პარტნიორი, ამაყობს, რომ ამ უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მხარდამჭერია.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს