Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ადონეს ხელნაკეთი სათამაშოების ისტორია: ინტერვიუ ნინო დარჩიასთან

ადონეს სათამაშოები ბავშვური ცნობისმოყვარეობით, დედასთვის მოპარული ძაფებით და ყაისნაღით მოქსოვილი ყვითელი დათუნიით დაიწყო. მაშინ ნინო დარჩია, ბრენდის დამფუძნებელი, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ თითოეული მოქსოვილი მარყუჟი წლების შემდეგ წარმატებულ ბიზნესად იქცეოდა. როგორც აღმოჩნდა, ნინოს ბავშვობის მოგონებებით შთაგონებულ ხელნაკეთ სათამაშოებს სრულიად უცხო ადამიანებისთვის შესძლებია გულწრფელი სიხარულის მინიჭება.

საქართველოს ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინიციატივით ადონეს სათამაშოები ბაზარი ორბელიანის  გამოფენა-გაყიდვაზე მარტის თვეში იქნება წარმოდგენილი. ინიციატივა დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად მეწარმე ქალების გაძლიერებას ისახავს.

ადონეს სათამაშოების დაბადება

როგორც წესი, ნებისმიერი ახალი წამოწყებისას, პირველი და ყველაზე გულწრფელი შემფასებელი ოჯახია. გამონაკლისი არც ადონეს ისტორია ყოფილა. ნინო დარჩიას ხელით შექმნილი სათამაშოები თავდაპირველად მისივე შვილებს ართობდნენ. 

მალევე ნინომ გადაწყვიტა, ჰობი პროფესიად ექცია: გაუჩერებლად ქსოვდა, ახალ-ახალ პერსონაჟებს ქმნიდა და მოუთმენლად ელოდა სათამაშოების ახალ მფლობელებთან შეხვედრას.

შთაგონების მთავარი წყარო ჩემში არსებული ბავშვია, რომელიც დედას ძაფებს პარავდა და თავისთვის რაღაცებს ქსოვდა; ქსოვისას ბავშვობის დროინდელი ემოციები იღვიძებს ხოლმე. ამიტომ, ჩემი საქმე პირდაპირ პირად მოგონებებს უკავშირდება
– ამბობს ნინო დარჩია

ჰობის ბიზნესად ქცევა ნინოსთვის არცთუ ისე მარტივი პროცესი აღმოჩნდა. ბაზარზე არავის იცნობდა და მის შესახებაც არავის ჰქონდა ინფორმაცია. პარტნიორების მოძიების პროცესი საკმაოდ გაიწელა. 

დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდი, სად უნდა წამეღო ჩემი სათამაშოები… ვქსოვდი გაუჩერებლად, მაგრამ ვერ ვახდენდი რეალიზაციას
– აღნიშნავს ადონეს დამფუძნებელი

ნინოსთვის, ერთი მხრივ, რთული და თან ძალიან საინტერესო იყო იმის ყურება, თუ როგორ იზრდებოდა ადონეს სათამაშოების ცნობადობა. ცნობადობასთან ერთად კი იმატებდა მომხმარებელთა რაოდენობაც. ხოლო, ყველაზე საინტერესო და გამოწვევით სავსე ეტაპი ნინოსა და ბიზნესისთვის სულ ცოტა ხნის წინ დადგა. 

ნინოს ერთ-ერთი კომპანია დაუკავშირდა და თანამშრომლების იდენტური თოჯინების შექმნა სთხოვა. ეს პირველი კორპორატიული შეკვეთა იყო ბრენდის დაარსების შემდეგ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდა; მერე იყო მოუთმენლობა, მოეწონებოდათ თუ არა მათთვის შექმნილი სათამაშოები თანამშრომლებს. შეფასებების მიღების შემდეგ კი ემოციების ზღვა ვიგრძენი

სირთულეები და მხარდაჭერის მნიშვნელობა

სირთულეების მიუხედავად, ნინოს დანებებაზე არასდროს უფიქრია. ალბათ, იმიტომ, რომ ამ საქმეს უპირველესად დიდი სიყვარულის გამო აკეთებს.

დანებება ჩემი საქმე არ არის, საქმეს რომ ხელს მოვკიდებ, ის ნებისმიერ ფასად მიმყავს ბოლომდე
– ნინო დარჩია

საწყისი სირთულეები მეწარმემ მაშინ გადალახა, როდესაც გამოფენა-გაყიდვების შესახებ მიიღო ინფორმაცია. გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა განსაკუთრებით საქართველოს ბანკისა და UN WOMEN-ის ინიციატივამ გაუმარტივა.

რომ არა საქართველოს ბანკის და UN WOMEN-ის მხარდაჭერა, ალბათ, ისევ ჩემს სახლში ისხდებოდნენ ჩემი სათამაშოები. სხვა ბევრი მეწარმეც მათი მხარდაჭერით გახდა წარმატებული და შემოსავლიანი

ნინოს ჟინითა და დაუღალავი შრომით ბიზნესის წარმოების ახალ ეტაპზე ადონეს სათამაშოები კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება. იხვეწება როგორც ქსოვის ტექნიკა, ისე იზრდება პროდუქტის მრავალფეროვნება, რაც ნინოს განსაკუთრებით ახარებს.

იმისთვის, რომ ადონეს ხელნაკეთი სათამაშოები უფრო მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს, საქართველოს ბანკმა სპეციალური ინიციატივა შეიმუშავა. მარტის თვეში პარასკევს, შაბათსა და კვირას, ბაზარი ორბელიანის გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრობისას, შერჩეულ ობიექტებში პროდუქციის შეძენისას 20-ჯერ მეტი PLUS ქულით (მაქს. 10 000 PLUS) დასაჩუქრდებით. 

ასე, თითოეული შენაძენი არა მხოლოდ ქულების დაგროვებას, არამედ ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს.

არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა! დაუჭირეთ მხარი ქალ მეწარმეებს და ისარგებლეთ 20x PLUS ქულის შეთავაზებით.

გახსენით ბიზნეს ანგარიში

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს