2 წუთი წასაკითხად
ფრანგული შოკოლადის ქართული ისტორია | მეწარმე ნინო ჯაფარიძის L’autre Chocolat
2 ივლ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ქართული ხელნაკეთი შოკოლადი, რომელიც ფრანგული ისტორიული გამოცდილებითა და გემოებით იქმნება – გაიცანით ნინო ჯაფარიძის L’autre Chocolat, ხელნაკეთი ტკბილეულის მაღაზია, სადაც თითოეული შოკოლადი ფრანგული რეცეპტებით, უმაღლესი ხარისხის პროდუქტებითა და დიდი სიყვარულით იქმნება.
ხელნაკეთი პროდუქტის შექმნიდან ბიზნესის მართვის ეტაპზე გადასვლაში ნინოს მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა დაეხმარა. ეს ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე სრულ მხარდაჭერას სთავაზობს.
ბიზნესის შექმნის იდეა
L’autre Chocolat-ის ამბავი საფრანგეთში დაიწყო. ნინოს ბიძამ შოკოლადის ხელოვნება პროფესიონალურად შეისწავლა და პარიზში საკუთარი შოკოლატერიაც გახსნა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ცოდნა და გამოცდილება ნინოს გაუზიარა. ასე გაჩნდა იდეა, რომ ნამდვილი ფრანგული შოკოლადი საქართველოშივე დაემზადებინა:
თავიდანვე გვჯეროდა, რომ კარგი შოკოლადი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ხელით შექმნილი და საუკეთესო ინგრედიენტებით დამზადებული უნდა იყოს, ისეთი დახვეწილი, რომ პირველივე გასინჯვისას განსაკუთრებულ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებდეს, ამიტომ თითოეულ გემოსა და ინგრედიენტს საგულდაგულოდ ვარჩევთ.
გამოწვევები და პრაქტიკული ცოდნა
ბიზნესის ზრდას თან სდევს გამოწვევები, რომელთა დასაძლევად საკუთარი საქმის ცოდნა და ენთუზიაზმი საკმარისი აღარაა. სწორი სტრატეგიისა და პროცესების მართვის საჭიროებამ ნინო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამამდე მიიყვანა:
მჭირდებოდა სტრატეგია, სწორი ხედვა და ბიზნესის მართვის პრაქტიკული ცოდნა. ტრენინგებზე მშრალი თეორიის ნაცვლად, კონკრეტული, სწორი გზები დამანახეს და პრაქტიკული რჩევები მომცეს, რომლებსაც საკუთარ საქმეში უკვე ვიყენებ.
ახალი შესაძლებლობები
პროგრამაში მიღებული ცოდნა ნინოს ყოველდღიური პროცესების დაგეგმვაში, რესურსების განაწილებასა და პროდუქტის ბაზარზე სწორად წარდგენაში ეხმარება. განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა სხვა მეწარმე ქალებთან ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა:
ყველა მეწარმე ქალს ვურჩევ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ამ პროგრამის მიზანი არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაზიარება, არამედ ახალ ადამიანებთან შეხვედრა, პრაქტიკული გამოცდილება და ახალი კავშირებია. მენტორებთან დღემდე მაქვს ურთიერთობა, ყოველთვის მზად არიან ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამცენ. ვფიქრობ, ასეთი ურთიერთობები განვითარების გზაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია.
თუ თქვენც გსურთ განავითაროთ საკუთარი მცირე ბიზნესი, ან ბიზნეს იდეა გაქვთ და გსურთ ისწავლოთ, როგორ გადადგათ პირველი ნაბიჯები, შემოუერთდით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შემდეგ ნაკადს. გამოიყენეთ შესაძლებლობა, გაიზიაროთ გამოცდილი მენტორების პრაქტიკული ცოდნა, ისწავლოთ და გაიცნოთ სხვა წარმატებული მეწარმეები.