3 წუთი წასაკითხად
როგორ იქცა ოჯახური საავტორო რეცეპტები წარმატებულ საქმედ? გიშნაგორას ისტორია
აღმოაჩინეთ „გიშნაგორას“ ისტორია - დედის რეცეპტებით შთაგონებული ბრენდი, რომელიც მეწარმე ქალის წარმატების სიმბოლოდ იქცა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით
2 მარ. 2026
3 წუთი წასაკითხად
გემოს ჯადოსნური თვისებები აქვს: ახსენებს ადამიანებს გამორჩეულ მოგონებებს, ენით აუწერელ შეგრძნებებს აღვიძებს და ადამიანურ კავშირებს განამტკიცებს.
ხათუნა ხუხიასთვის, ბრენდ გიშნაგორას დამფუძნებლისთვის, გემო ამბის თხრობის, გამოცდილების შეძენისა და გახსენების საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამ ფილოსოფიით შეიქმნა მისი ბრენდიც. ტრადიციებისა და თანამედროვეობის მიჯნაზე ხათუნას რეცეპტებით შექმნილი საავტორო საწებლები, აჯიკები თუ ტრადიციული სანელებლები ადამიანებს საკუთარ ფესვებსა და ოჯახურ იდილიას ახსენებს.
საქართველოს ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ინიციატივით, გიშნაგორა ბაზარი ორბელიანის გამოფენა – გაყიდვებს უსასყიდლოდ შეუერთდა და მარტში ნაირ-ნაირ გემოებს ფართო აუდიტორიას გააცნობს. ინიციატივა დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად მეწარმე ქალების გაძლიერებას ისახავს.

მშობლიური გემო და გიშნაგორას დაბადება
სიტყვა გიშნაგორა მეგრულად გამორჩეულს ნიშნავს. ბრენდი გიშნაგორას მიღმა კი გამორჩეული ქართული გემოები, უნიკალური ოჯახური ტრადიციები და თანამედროვე მომხმარებლის სურვილებთან თანხვედრის სურვილი დგას. ხათუნას მიზანია ნატურალური, სათუთად შერჩეული ინგრედიენტებითა და ასწლოვანი რეცეპტებით მომხმარებელმა ქართული გემოები ხელახლა განიცადოს.
ცხარე აჯიკა მეგრული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. მე ეს გემო მაკავშირებს დედისეულ სახლთან, შორეულ აფხაზეთში და თვალწინ მიცოცხლებს ბავშვობის მოგონებებს
– ამბობს ხათუნა ხუხია, გიშნაგორას დამფუძნებელი
ყველაფერი ოჯახიდან დაიწყო. ხათუნას პირველი შემფასებლები მისივე შვილები იყვნენ, რომელთათვისაც დედის მომზადებული წითელი თუ მწვანე აჯიკა დღემდე შეუცვლელი პროდუქტია. სწორედ მათი უდიდესი მხარდაჭერითა და პოზიტიური უკუკავშირით დაიბადა გიშნაგორას შექმნის იდეაც.
როცა საქმის დაწყება გადავწყვიტე, ჩემს ხანდაზმულ დედას მივმართე, რომელიც წლების განმავლობაში ამზადებდა ტრადიციულ მეგრულ აჯიკას. ეს არის თაობიდან თაობისთვის გადმოცემული, ნამდვილი ოჯახური რეცეპტი
– იხსენებს მეწარმე ხათუნა ხუხია
თავდაპირველად, წარმოება მცირე მასშტაბით, დიდი ბიზნეს გეგმების გარეშე დაიწყო. თუმცა, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: ავთენტურმა გემოებმა მომხმარებელი მალევე აღაფრთოვანა. სწორედ ამ გულწრფელმა და პოზიტიურმა შეფასებებმა დაარწმუნა ხათუნა საკუთარ პოტენციალსა და რეცეპტების უნიკალურობაში, რამაც გაჩერების საშუალება აღარ მისცა.
ბრენდის განვითარება და გამოწვევები
დღეს გიშნაგორას ბრენდი მადისაღმძვრელი და ნატურალური პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს აერთიანებს. მათ შორისაა:
- წითელი, მწვანე და ნიგოზიანი აჯიკა
- მშრალი აჯიკა (მათ შორის, ორეგანოთი) და სვანური მარილი
- ქართული პესტო და ნიორპასტა
- საცივის საკმაზი
- ტყემლისა და პომიდვრის საწებელი
თუმცა, იდეიდან რეალურ, მასშტაბურ წარმოებამდე გზა მარტივი არ ყოფილა. ხათუნა იხსენებს, რომ პროდუქციის ბაზარზე წარდგენას თან არაერთი გამოწვევა ახლდა: ინგრედიენტების უმაღლესი ხარისხის შენარჩუნება, შეფუთვისა თუ ლოჯისტიკის დეტალების მოგვარება და კონკურენტულ გარემოში თავის დამკვიდრება.
რთულ მომენტებში ხშირად მავიწყდებოდა, რომ ჩემი ნიჭი და დედის რეცეპტები მართლაც უნიკალური იყო. მიჩნდებოდა შიში, რომ საქმის ბოლომდე გამართვას ვერ შევძლებდი
ასეთ დროს, მთავარი საყრდენი კვლავ ოჯახი აღმოჩნდა. დედის უნიკალურმა რეცეპტებმა, შვილების შემართებამ და ენთუზიაზმმა მას ის ძალა მისცა, რაც დაბრკოლებების გადასალახად სჭირდებოდა.
საქართველოს ბანკისა და UN WOMEN-ის მხარდაჭერა
ოჯახის თანადგომასთან ერთად ბიზნესის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პროფესიული ხელშეწყობა. საქართველოს ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ქალ მეწარმეთა ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში ხათუნამ შეძლო ბიზნესისთვის მყარი საფუძვლის შექმნა.
ტრენინგებით, ცოდნის გაზიარებითა და მუდმივი ფინანსური თუ მენტორული მხარდაჭერით ინიციატივა დაეხმარა მეწარმეს უფრო მეტი ინფორმაცია მიეღო და პოზიციები გაემყარებინა კონკურენტულ ბაზარზე. ამასთან, ინიციატივამ შესაძლებლობა მისცა უნიკალური რეცეპტები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო.
მხარდაჭერამ საშუალება მომცა, ხმამაღლა მომეყოლა კომპანიის შესახებ და სხვებისთვისაც გამეზიარებინა ის გამოცდილება თუ გამოწვევები, რაც ამ გზაზე გავიარე
მარტის თვეში ბაზარი ორბელიანის სივრცეში გიშნაგორას დაგემოვნებას პარასკევს, შაბათსა და კვირას გამოფენა-გაყიდვის ღონისძიების ფარგლებში შეძლებთ. ამასთან, შერჩეულ ობიექტებში პროდუქციის შეძენისას 20-ჯერ მეტი PLUS ქულით (მაქს. 10 000 PLUS) დასაჩუქრდებით. ასე, თითოეული შენაძენი ქულების დაგროვებასთან ერთად, ბიზნესის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს.
მოდით და დააგემოვნეთ თითოეული მათგანი: აჯიკები, ნიორპასტა, სვანური მარილი თუ საწებლები. ჩვენთვის, ვინც პროდუქტს ვქმნით, ცოცხალი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ასე საკუთარი თვალით ვხედავთ რეაქციას, ვისმენთ უკუკავშირს და ვამყარებთ კავშირს იმ ადამიანებთან, რომელთათვისაც ვქმნით გიშნაგორას
– ხათუნა ხუხია
ასე რომ, არ გამოტოვოთ შესაძლებლობა! აღმოაჩინეთ ახალი საყვარელი გემო, დაუჭირეთ მხარი ქალ მეწარმეებს და ისარგებლეთ 20x PLUS ქულის შეთავაზებით.