2 წუთი წასაკითხად
Breakfast is, კანცელარია, ლონდა და მათი 23 წლის დამფუძნებელი | თაობა ახალი იდეებით
4 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
Breakfast is, კანცელარია და ლონდა ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახელებია – ამ სივრცეების უკან 23 წლის სალომე მიქელაძე დგას, რომელმაც შეუპოვრობით, სიმამაცით და მონდომებით დასახულ მიზნებს მიაღწია.
სალომეს გზა სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობით დაიწყო. სწორედ პროცესში ყოფნისას აღმოაჩინა, რომ ყველაზე მეტად ადამიანებთან კომუნიკაცია მოსწონდა. საკუთარი ადგილის შექმნის სურვილმა პირველ პროექტამდე მიიყვანა და ასე გაჩნდა Breakfast is, იდეით, რომ ადამიანებს დღე ენერგიულად და დადებითი ემოციებით დაეწყოთ, რადგან საუზმე ხომ ზუსტად ის დროა, რომელიც მთელი დღის განწყობას ქმნის.
დილის ენერგიას მოგვიანებით საღამოს იდილიის შექმნის სურვილი მოჰყვა. კანცელარია შეიქმნა მათთვის, ვისაც სანთლის შუქზე საუბარი, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა, გემრიელი საკვები და ნატურალური ღვინო უყვარს.
კანცელარია არის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. ჩემთვის ეს მხოლოდ რესტორანი ან ბარი არასდროს ყოფილა – უფრო შეხვედრების, ემოციების გაზიარებისა და მოგონებების შექმნის ადგილია.
მესამე პროექტი ლონდა – შედარებით მასშტაბური კონცეფციაა, რომელშიც სალომემ წინა წლებში დაგროვილი ცოდნა და ხედვა გააერთიანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამი ადგილი სხვადასხვა განწყობას ატარებს, მათი მთავარი იდეა მაინც საერთოა – ინტერიერით, მომსახურებით, გემრიელი მენიუთი სტუმრებისთვის განსაკუთრებული ემოციის შექმნა.
ყოველდღიური გამოწვევები და მოძრაობის სიყვარული
ამ ინდუსტრიაში სიმშვიდე იშვიათია. კადრები იცვლება, ფასები მერყეობს, სტუმრების ნაკადიც არასტაბილურია. ახალგაზრდა ასაკში სამი მიმართულების მართვა მუდმივ მოძრაობასა და სირთულეებს ნიშნავს. სალომესთვის ეს პროცესი ყოველდღიურად ახალი პრობლემის გადაჭრის უნარს ითხოვს, რაც მისთვის საქმის განუყოფელი და საინტერესო ნაწილია:
წარმატების გზაზე ყოველთვის იქნება რთული პერიოდები, დაღლა და იმედგაცრუება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერმა არ შეგცვალოს როგორც ადამიანი – შეინარჩუნო შენი დამოკიდებულება, ენთუზიაზმი და სიყვარული იმის მიმართ, რასაც აკეთებ.
სირთულეების დაძლევაში სალომეს მუდმივი ჩართულობა ეხმარება. როგორც ამბობს, ბიზნესის განვითარება შეუძლებელია პროცესზე უშუალო დაკვირვებისა და მასში მონაწილეობის გარეშე.
მომავლის ხედვა და ახალი იდეები
სალომე გაჩერებას არ აპირებს. წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმებია და ახლა უკვე ისეთ ბრენდზე ფიქრობს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გავა და სტუმართმოყვარეობის კულტურაში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს.
შეუპოვრობა იმ თაობის საერთო განწყობაა, რომელსაც საკუთარი ენერგიით რეალური ცვლილებები მოაქვს. თაობას, რომელიც სულ მოძრაობს, არ ჩერდება და არ ასვენებს ახალი იდეები, მოჰყავს მომავალი, უფრო ძლიერი, ლაღი და თავისუფალი.