3 წუთი წასაკითხად
იდეათეკის წიგნები: აღმოაჩინე შენი თავგადასავალი კითხვით
5 ოქტ. 2023
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინე იდეათეკის გამორჩეული წიგნები, რომლებიც შთაგაგონებს და შეგცვლის. მიიღე 25% ფასდაკლება სულაკაურის მაღაზიებში. იპოვე შენი თავგადასავალი!
5 ოქტ. 2023
3 წუთი წასაკითხად
არსებობს თაროები, რომლებსაც გულგრილმა არ უნდა ჩაუარო.
იდეათეკის თარო, სწორედ ასეთი თაროა.
აქ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული წიგნებია თავმოყრილი. როგორც ამბობენ, ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანს რომ აკმარებს თავს – „სულო და გულო“.
ბევრი წიგნის გარემოცვა რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენადვე ჰგავს გზაგასაყარს – საით წახვიდე, რომელი გზა ამოირჩიო.
მე კი ღრმად მწამს, რომ ოლივანდერის მაღაზიის ჯადოსნური ჯოხების მსგავსად, შენი წიგნი თავადვე ამოგირჩევს, მაგრამ ხანდახან რჩევაც არაა ცუდი. ცუდი არ არის, მაგრამ სარისკოა.
იქნებ მხოლოდ შენ აღგაფრთოვანა და სხვის ნერვებს ძვრა ვერ უყო. დაგრჩება მერე ის სხვა ნაწყენი და შეიძლება აგითვალწუნოს კიდეც.
ლოცვისა არ იყოს, კითხვაც დახურულ კარს მიღმაა სწორი. [გონიერი მკითხველი იოლად მიმიხვდება, რომ ოთახში გამოკეტვას და ისე კითხვას არ ვგულისხმობ. ღმერთო კი მომკალი, რამდენი ერთი ისეთი წიგნი წამიკითხავს ავტობუსში, სკვერში ან სამსახურში, ანუ ხალხის რიარიაში, რომ დღემდე მაცხოვრებენ თავიანთ ფურცლებში და მიმალავენ იქიდან გამოსასვლელ გზებს]. ვამბობ იმას, რომ ადამიანებისა არ იყოს, ტექსტთანაც საჭიროა გაჩნდეს ქიმია. ეს ქიმია სიტყვით ვერ აიხსნება და ხანდახან არც უნდა სცადო.
ოდნავ მაღალფარდოვნად ვიტყვი: შენი წიგნი ისაა, რომლიდანაც გამოძვრება უხილავი ხელი, ჩაგავლებს ქეჩოში და შეგათრევს შიგნით; გატარებს თავისი გზებით, გაცხოვრებს საკუთარ პერსონაჟებთან ერთად და იქნებ მთავარიც მოახერხოს – თანაუგრძნო მათ.
სამიჯნურო ამბების მსგავსად, ამ საქმეში რჩევები სარისკო საქმეა, მაგრამ ერთი საოცარი პერსონაჟის, რენდელ პატრიკ მაკმერფისა არ იყოს, მე მაინც ვცდი.
იყოს აქ რამდენიმე ისეთი წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრების სხვადასხვა დროს ამაღელვა, მაფიქრა, გამამხნევა ან შემცვალა; რომლებსაც ხანდახან ვუბრუნდები კიდეც; რომელთა გადაფურცვლის დროს ისევ მიპყრობს განცდა, რომელიც ძალიან ჰგავს… ძალიან ჰგავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ:
“სამნი ნავში თუ ძაღლს არ ჩავთვლით” – ჯერომ ჯერომი
ლიტერატურას უყვარს გზა. მითუმეტეს მაშინ, თუ ამ გზას მეგობრები ადგანან. ჯერომ ჯერომის ტექსტის შემთხვევაში კი ტემზას მიუყვებიან. პერსონაჟების გადაადგილებას A პუნქტიდან B პუნქტამდე (ბოდიში მომითხოვია მათემატიკური ტერმინოლოგიის შემოტანის გამო), თუკი გმირებს მიზანი აქვთ, ყოველთვის ახლავს თან თავგადასავალი და ფათერაკები. აქაც ასეა: ჯორჯი, ჰარისი, ჯეი და ცუგა, სახელად მონმორანსი, მიუყვებიან ტემზას კინგსტონიდან ოქსფორდამდე და ეს ტექსტიც, თავდაპირველად უბრალოდ მოგზაურთა მეგზურად რომ იყო ჩაფიქრებული, საინტერესო, თავშესაქცევ და სასაცილო თავგადასავლად იქცევა.
უცნაურია, მაგრამ ახლაც კი მახსოვს ყველა განცდა, რომელიც შორეულ ბავშვობაში ამ ტექსტის კითხვის დროს დამეუფლა. განცდა კი არა, ყველა ის ამბავი მახსოვს, რომელიც მაშინ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში კითხვის პარალელურად.
“ვა, სოფელო” – ზაირა არსენიშვილი
თელავი გიყვართ? პრინციპში, თელავი როგორ არ უნდა გიყვარდეთ. სხვანაირად ვიკითხავ: თელავი იცით?
თუმცა, სიყვარულიცაა და სიყვარულიც, ცნობაცაა და ცნობაც. ზაირა არსენიშვილის ამ რომანმა ერთიც გამიათმაგა და მეორეც.
ეს ტექსტი გვიან აღმოვაჩინე (ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის მკითხველების უდიდესმა ნაწილმა), სულ რამდენიმე წლის წინ, როცა რომანი ხელახლა გამოიცა. ავტორს, რომელსაც ალალად და უსაყვედუროდ ვუწოდებ სიტყვის ოსტატს, ჩრდილში ყოფნა უყვარდა. ჩრდილში ყოფნა და მაღალი ლიტერატურის შექმნა. ბევრმა არ იცოდა, რომ თურმე კინოს არაჩვეულებრივი სცენარების მიღმა ზაირა არსენიშვილის ხელიდან საოცარი რომანები და მოთხრობები დნებოდა.
“ვა, სოფელო” ქალაქსა და ადამიანებზეა, მაგრამ ამ ქალაქისა და ამ ადამიანების ბედის ჩვენებით ავტორი მთელი ქვეყნისა და ხალხის ბედსაც ხატავს მთელი თავისი ტრაგიზმით, ტერორითა და სინამდვილით.
თანამედროვე მკითხველს წიგნის დიდი გაბარიტები აშინებს ხოლმე. ვერც გაამტყუნებ, დრო ცოტაა, საქმე და კარგი საკითხავი – ბევრი, მაგრამ ზაირა არსენიშვილის შემთხვევაში ამ შიშისთვის თვალებში ჩახედვა ნამდვილად ღირს.
“ბუზთა ბატონი” – უილიამ გოლდინგი
ეს წიგნი ბავშვებზეა, მაგრამ ვერ იტყვი, რომ ბავშვებისთვისაა.
მე ყმაწვილკაცობისას ჩამივარდა ხელში. სწორედ მაშინ, როცა წაკითხული და გარეთ, უბანში ნანახი სისასტიკე ხშირად ერთმანეთის მსგავსი იყო. ერთი სიტყვით, სულზე მომისწრო.
ლიტერატურის ძალაც ხომ ეგაა: ინსტრუქციასავით ახლავს ხოლმე თან ცხოვრებას. ან უფრო ცხოვრების გაშიფვრის ხელსაწყოა. იქნებ ცხოვრებასთან შეგუების ინსტრუმენტი. ვინ იცის. ერთი კია: ხანდახან ვიღაც კარგი მწერლის თავში მოფიქრებული, გამრუდებული სამყარო უფრო რეალურია, ვიდრე ჩვენ გარშემო არსებული.
ჯერ ეს სამი არაჩვეულებრივი ტექსტი იყოს. შეიძლება წაკითხულიც გქონდეთ, მაგრამ გადაკითხვას, საკუთარი თავისთვის რაღაც-რაღაცების შეხსენებასა და ხელახლა აღფრთოვანებას რა უდგას წინ?
არც არაფერი.
სულაკაურის წიგნის მაღაზიებში საქართველოს ბანკის იდეათეკის თაროზე განთავსებულ წიგნებს 25%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ.
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
როდესაც მომავლის პროფესიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროები გვახსენდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. უკვე 4 წელზე მეტია, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, STEM ოლიმპიადას ვატარებთ, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი. სასკოლო პროგრამის მიღმა: ახალი უნარების განვითარება ოლიმპიადა მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებს,
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026