3 წუთი წასაკითხად
კლიმენტი ბერულავა: პროფესია, რომელიც აერთიანებს ინტერესებს
4 აგვ. 2023
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებული კლიმენტი ბერულავა გიამბობს, როგორ იპოვა პროფესია, რომელიც მის მრავალფეროვან ინტერესებს აერთიანებს. აღმოაჩინე მისი შთამაგონებელი გზა!
4 აგვ. 2023
3 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, საქართველოში მე-10, მე-11 და მე-12 კლასელთათვის პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართა, რომელიც ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) პროექტის „ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის“ ფარგლებში ჩატარდა.
სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობა 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო. თუმცა, ფინალურ ტურში მხოლოდ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გადავიდა, რომელთაგან ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებულები ახლა საერთაშორისო ტურში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან, რომელიც სექტემბერში, სლოვაკეთში გაიმართება.
ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული ტურის გამარჯვებულთა შორისაა კლიმენტი ბერულავაც, რომელიც ეკონომიკის ოლიმპიადაში მიღებული გამოცდილების შესახებ გვესაუბრა.
„კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა ტექნიკურ საგნებს. შესაბამისად, ამ სკოლაში სწავლაც სწორედ იმიტომ დავიწყე, რომ ტექნიკური საგნები და აბსტრაქტული აზროვნება კარგად გამომდიოდა. თუმცა, მერვე კლასში რომ გადავედი, ჩემი ინტერესები შეიცვალა და ისეთი საკითხების შესწავლა დავიწყე, როგორებიცაა ეკონომიკა, პოლიტიკის ფილოსოფია… მინდოდა, საკუთარი თავი არ შემეზღუდა ჩარჩოებით, და არ დავრჩენილიყავი „ტექნიკური ბავშვის“ ან „ჰუმანიტარი ბავშვის“ იარლიყის ქვეშ. მსურდა მეპოვა ისეთი პროფესია, რომელიც ჩემს განსხვავებულ ინტერესებს შეითავსებდა“, – ამბობს კლიმენტი.
მისი თქმით, ასეთი მიმართულება ეკონომიკა აღმოჩნდა, რადგან ეს არის მეცნიერება, რომელიც დიდწილად მათემატიკას ეფუძნება, თუმცა ამავე დროს, ადამიანებს შორის ურთიერთობასა და ქცევასაც იკვლევს – „შეისწავლის ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთქმედებას კონკრეტულ განზომილებაში“.
„ეკონომიკის შესწავლა ჩემ მიერ მოძიებული რესურსებითა და ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ კიდევ მანამდე დავიწყე, სანამ სკოლაში ეკონომიკის საგანს გავივლიდით. თუმცა, ჩემი ინტერესის საგანი უფრო მეტად არა სკოლის სახელმძღვანელოში არსებული ტექსტები, არამედ ფილოსოფია და ადამიანებს შორის არამათემატიკური, არატექნიკური ურთიერთობების შესწავლა იყო. შესაბამისად, მალევე დავიწყე ისეთი ავტორების კითხვა, როგორებიც არის ადამ სმიტი, ჯონ ლოკი, ჯონ კეინზი და სხვა“.
ამბობს, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მთავარი მიზეზი შაბლონური აზროვნებიდან თავის დაღწევა იყო.
„თუ ტექნიკური საგნები კარგად გამოგდის, მაშინ ერთგვარად წინასწარი განწყობა არსებობს, რომ აუცილებლად კომპიუტერულ მეცნიერებებზე ან ინჟინერიაზე უნდა ჩააბარო. თუმცა, ეკონომიკის ოლიმპიადა ჩემთვის იყო შესაძლებლობა, გამომეცადა საკუთარი თავი და განმესაზღვრა, რამდენად სასარგებლოა ის არატრადიციული ინტერესი, რომელიც მქონდა ამ გარემოში. დამემტკიცებინა ჩემი თავისთვის, რომ ნამდვილად სწორ გზაზე ვდგავარ და გავთავისუფლებულიყავი იმ შინაგანი ეჭვისგან, რომელიც ადამიანებს ხშირად გვაწუხებს ჩვენი გზის არჩევის პროცესში“, – ამბობს კლიმენტი.
ოლიმპიადის ფარგლებში მან შეძლო არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ჟიურისთვისაც დაემტკიცებინა, რომ ის სწორ კარიერულ გზაზე დგას. გამარჯვებულად დასახელების შემდეგ ახლა საზაფხულო ბანაკში მონაწილეობისთვის ემზადება, შემდეგ კი სლოვაკეთში, 17 ქვეყნის გამარჯვებულებთან საასპარეზოდ გაემგზავრება.
„საერთაშორისო ოლიმპიადა მომცემს შესაძლებლობას, დავინახო თუ სად ვდგავარ მე, სად დგას საქართველო ეკონომიკური წიგნიერების თვალსაზრისით… გავიცნო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და მოვისმინო მათი პერსპექტივები, იდეები ეკონომიკის შესახებ“, – ამბობს კლიმენტი.
ის საკუთარ მომავალ პროფესიას ეკონომიკის სფეროს უკავშირებს, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, ყველაზე პრაქტიკული და მოთხოვნადია როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე. ამასთან, მის ინტერესებსაც ძალიან კარგად ერგება.
ფიქრობს, რომ საქართველოში ეკონომიკური განათლების კუთხით კიდევ ბევრი გამოწვევაა და ამიტომ საჭიროა სხვადასხვა ინიციატივის გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის მხრიდან გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებას.
თანატოლებს კი ურჩევს, არ შეუშინდნენ საკუთარი თავის ძიებას და პასუხების მისაღებად შეისწავლონ ისეთი მეცნიერებები, რომლებიც მათ გარემოში კიდევ უფრო მეტად გათვითცნობიერებულს გახდის.
„უნდა გვახსოვდეს, რომ სამყარო თითოეულ ჩვენგანზე ახდენს ზეგავლენას. გვინდა ეს ჩვენ თუ არა. ამიტომ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და განვვითარდეთ ისე, რომ ჩვენ მიერ მიღებული ცოდნის შედეგად, გარე სამყარომ და ჩვენთვის უცნობმა პროცესებმა უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინონ ჩვენს ცხოვრებაზე. ამიტომ, ისეთი საგნების სწავლა და ისეთ სფეროში გათვითცნობიერება, როგორიც არის ეკონომიკა, პოლიტიკა, ადამიანების ფსიქოლოგია და სხვა, გაძლევს შესაძლებლობას, თავად მართო შენს ცხოვრებაში მიმდინარე პროცესები“, – აღნიშნავს კლიმენტი.
საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების შესაძლებლობების შექმნას, მოტივირებული ახალგაზრდების ხელშეწყობას და ფინანსური განათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვას უკვე 120-ზე მეტი სკოლის მოსწავლისა და სტუდენტისთვის.
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026