2 წუთი წასაკითხად
ისწავლე პროგრამირება უფასოდ: Code IT მოსწავლეებისთვის
ეძებ პროგრამირების უფასო კურსს? Code IT 14-18 წლის ახალგაზრდებს ასწავლის Front-end-ს. შექმენი პორტფოლიო და დაიწყე კარიერა. გაიგე, როგორ ჩაერთო პროექტში.
11 თებ. 2026
2 წუთი წასაკითხად
დაინტერესებულხარ, როგორ იქმნება შენი საყვარელი ვებგვერდები და აპლიკაციები? ამ ყველაფრის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც კოდების საშუალებით იდეებს ციფრულად აცოცხლებენ.
დღეს პროგრამირება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საინტერესო პროფესიაა. თუ გინდა შენი ცნობისმოყვარეობა რეალურ საქმედ აქციო, Code IT ზუსტად შენთვისაა.
რა არის Code IT?
Code IT საქართველოს ბანკის, GITA-სა და ICT ასოციაციის მხარდაჭერით შექმნილი პროექტია, რომელიც 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, სრული დაფინანსებით ისწავლონ პროგრამირება.
პროექტი “თანატოლთა სწავლების” (Peer-to-Peer) მიდგომას ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ შენ არ უსმენ მხოლოდ ლექციებს, მუშაობ გუნდურად, უზიარებ იდეებს სხვებს, სწავლობ პრაქტიკაზე დაყრდნობით და ქმნი რეალურ პროექტებს.
მითი და რეალობა
ბევრს ჰგონია, რომ კოდირების დასაწყებად მათემატიკის განსაკუთრებული ცოდნაა საჭირო. სინამდვილეში, მთავარი ლოგიკური აზროვნება და მონდომებაა.
Code IT-ში სწავლას იწყებ Front-end დეველოპმენტით. ეს არის პროგრამირების ის ნაწილი, რომელსაც მომხმარებელი ხედავს. შეისწავლი ყველაფერს, რაც ვებგვერდის ასაწყობად არის საჭირო:
- HTML & CSS – ისწავლი, როგორ ააწყო ვებგვერდის სტრუქტურა და შექმნა სასურველი ვიზუალი
- JavaScript & Responsive Page – გაიგებ, როგორ აამუშავო შენი შექმნილი გვერდი, გახადო ინტერაქციული და მოარგო მობილურ ტელეფონებს
- React – ისწავლი Facebook-ისა და Instagram-ის შემქმნელ ტექნოლოგიას რთული და სწრაფი ვებგვერდების ასაწყობად.
როგორია სწავლის პროცესი?
ლექციები კვირაში ორჯერ, საქართველოს მასშტაბით 15 ლოკაციაზე, ძირითადად ტექნოპარკებსა და სპეციალურად გამოყოფილ ახალგაზრდულ სივრცეებში მიმდინარეობს.
- თბილისი
- ბათუმი
- ზუგდიდი
- სენაკი
- ოზურგეთი
- კასპი
- გურჯაანი
- ახმეტა
- თელავი
- მესტია
- გორი
- საგარეჯო
- პანკისი
- რუსთავი
- ფოთი
ლექციები ჰიბრიდულია, თუმცა Code IT გუნდურ მუშაობას ეფუძნება, ამიტომ ადგილზე მისვლა საკითხების სრულყოფილად შესწავლისთვის აუცილებელია.
სწავლა 6 თვე გრძელდება და 3 ეტაპად იყოფა. დაგჭირდება მხოლოდ ლეპტოპი, მაგრამ თუ არ გაქვს, ტექნოპარკის სივრცე და იქ არსებული ტექნიკა სრულად შენს განკარგულებაშია.
რა შედეგს მიიღებ?
Code IT-ის მიზანი არ არის მხოლოდ თეორიის სწავლება. კურსის ბოლოს შენ უკვე გექნება ხელშესახები შედეგი:
- საკუთარი პორტფოლიო – ააწყობ რეალურ პროექტებს, რომლებსაც მომავალში დამსაქმებელს წარუდგენ
- სერტიფიკატი – თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ იღებ სერტიფიკატს
- ახალი სანაცნობო წრე – გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, დარგის სპეციალისტებს
- კარიერული მზაობა – დაესწრები ვებინარებს, სადაც გასწავლიან, როგორ დაგეგმო პროფესიული მომავალი
როგორ ჩავერთო პროექტში?
მიღება წელიწადში ორჯერ – გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებში ცხადდება. შერჩევის პროცესი ასეთია:
- 22 თებერვლამდე რეგისტრირდები ვებგვერდზე
- ასრულებ საინტერესო დავალებას
- გადიხარ გასაუბრებას ტექნოპარკის მენეჯერთან
- 10 მარტს იწყებ სწავლას
გახსოვდეს, რომ ყველაზე რთული პროგრამაც კი პირველი კოდის დაწერით იწყება. არ გაჩერდე და არ შეუშინდე სიახლეებს განათლების გზაზე. ეს პროექტი საუკეთესო შესაძლებლობაა, აღმოაჩინო შენი პოტენციალი და იპოვო საქმე, რომელიც მომავალში წარმატებას მოგიტანს.