3 წუთი წასაკითხად
ანა კორძაია-სამადაშვილი: წიგნები, რომლებმაც წერა მომანდომა
7 მარ. 2024
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
რა წიგნებმა შთააგონა ანა კორძაია-სამადაშვილი? გაეცანით მის საყვარელ მწერალ ქალებს, ქართველ ავტორებსა და ლიტერატურულ აღმოჩენებს.
7 მარ. 2024
3 წუთი წასაკითხად
გაზაფხული – სიცოცხლის და განახლების სეზონი, ქალების თვით იწყება: ჯერ დედის დღეს აღვნიშნავთ 3 მარტს, შემდეგ კი ქალების დღეს ვზეიმობთ 8 მარტს. ყვავილების თაიგულებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საჩუქრების შერჩევის გარდა, რომლებსაც, როგორც წესი, ამ დღეებში ვიღებთ ან გავცემთ ხოლმე, მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი იმ გამოცდილების გასაზიარებლად გამოვიყენოთ, რომელსაც ქალები სხვა დანარჩენ დღეებშიც, მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ.
ქალების ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის, დარდის, ტკივილისა თუ იმედების გასაგებად კი საუკეთესო გზა, ალბათ, ლიტერატურაა. ამაზე კი ვინ მოგვიყვება იმაზე უკეთ, ვიდრე ანა კორძაია-სამადაშვილი:
ერთხელ ერთმა კაცმა ერთ ქალს მისწერა, რომ ქალის მიერ მამაკაცის შესახებ წერა შესანიშნავი რამაა. გასაკვირი ნამდვილად არაფერი მიუწერია, უბრალოდ, ეს კაცი მაქს ფრიში იყო, ქალი კი – ინგებორგ ბახმანი.
ეს როცა წავიკითხე, ვიფიქრე, რომ, ალბათ, ყველა მწერალი ქალი ინატრებდა ასეთ რამეს: ძალიან მკაცრი შემფასებლის და დიდი მწერლის წერილს, სადაც ნათქვამია, რომ ის არა უბრალოდ შესანიშნავი მწერალი, არამედ შესანიშნავი მწერალი ქალია.
ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტულმა წიგნმა მომანდომა რამის დაწერა. მხოლოდ ერთი ამბავი იყო, და ახლა რომ მაგონდება, მეცინება – ნეტა, რა მეგონა საკუთარი თავი? ვიყავი ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ბედნიერი, და სეეს ნოტებოომის „რიტუალები“ რომ წავიკითხე, ვიფიქრე: „ნიდერლანდელი კაცი რომ ვყოფილიყავი, ეს წიგნი ჩემი დაწერილი იქნებოდა“. თავს იმით ვიმართლებ, რომ ძალიან ახალგაზრდას ძალიან მაღალი თვითშეფასებაც ეპატიება.
მე მიყვარს სელმა ლაგერლოფი – მან ჩემი სიცოცხლე დღესასწაულად აქცია. მე მიყვარს ასტრიდ ლინდგრენი – ვფიქრობ, ყოველი მკითხველი ადამიანი ცოტა „დედას“ უნდა ეძახდეს. პამელა ტრევერსის გარეშე ბავშვობა ცოტა უღიმღამო იქნებოდა – აბა, საიდან გავიგებდით, რა ხდება ზოოპარკში სავსემთვარეობის ღამეს? მაგრამ როცა საქმე „სერიოზულ“ ლიტერატურას ეხება, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტული მწერალი ქალი მიყვარს განსაკუთრებით. აღტაცებული კი ვარ. აღტაცებული ვარ, მაგალითად, ინგებორგ ბახმანით, მაგრამ მის ტექსტებს საკუთარი ნებით აღარ გადავიკითხავ. კარგი მწერალი ქალები მძიმე ხალხია, არ გაგახარებენ. სამაგიეროდ, ძალიან დიდები არიან და გასაკვირად წერენ, სულ სხვანაირად, სხვანაირად შესანიშნავად.
მძიმე წიგნები ცალკე ამბავია, მძიმე ამბავი – ტავტოლოგიის გამო ბოდიში მომითხოვია. ასე, მუდამ ვიცოდი, რომ ეკატერინე გაბაშვილი არის საყმაწვილო ტექსტების ავტორი. გთხოვთ, გადაიკითხეთ „თინას ლეკური“ – რატომაა საყმაწვილო? როცა ვინმე ამბობს სიტყვას „დიდედო“, დღესაც მეტირება. ეკატერინე გაბაშვილი შესანიშნავი მწერალია – და გულის გაპობის დიდოსტატი, როგორც შესანიშნავი მწერალი ქალების უმრავლესობა.
თუმცა, ერთი გამონაკლისი ნამდვილად ვიცი. შარლოტა ბრონტე, „ჯეინ ეარი“. ხშირად მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ „გოგოური“ წიგნია და არ კითხულობენ. სამაგიეროდ, ყველა გოგოს წაკითხული აქვს, და ყველა გოგოს უყვარს, ეროვნების, სოციალური სტატუსის და ასაკის მიუხედავად. იქ რაღაც ხდება, აშკარად, ისეთი რაღაც, რაც მარტო გოგოებმა ვიცით.
მაგრამ მე არ ვიქნებოდი „ჯეინ ეარის“ ავტორი. მე მინდა, რომ ჩემი დაწერილი იყოს წიგნი, რომელიც ასე იწყება: „ისმაელი დამიძახეთ“. თუ ოცნებაა, ოცნება იყოს.
იდეათეკა საქართველოს ბანკის გამორჩეული საგანმანათლებლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონების ათეულობით სკოლაში მულტიფუნქციური სივრცეები ეწყობა და ასე იქმნება განათლების შესაძლებლობები მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - მოსწავლეებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებთან ერთად, იდეათეკა, პირველ რიგში, აღჭურვილია ლიტერატურული საკითხავის მრავალფეროვანი არჩევანით. წიგნები იდეათეკიდან კი ჩვენი ბლოგების სერიაა, სადაც ლიტერატურის ყველაზე დიდი ქომაგები ნებისმიერი ასაკის მკითხველს საყვარელი წიგნების შესახებ უყვებიან.
აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
2 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
გაიგე, როგორ აქცევს sCoolApp ტრივია შენი შვილის ზოგად განათლებას ფულად ჯილდოებად და VELI.store-ის ვაუჩერებად. აღმოაჩინე შემეცნებით-გასართობი თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის!
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
როდესაც მომავლის პროფესიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროები გვახსენდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. უკვე 4 წელზე მეტია, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, STEM ოლიმპიადას ვატარებთ, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი. სასკოლო პროგრამის მიღმა: ახალი უნარების განვითარება ოლიმპიადა მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებს,
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026