განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მოსწავლეებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს.
იდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას მრავალფეროვან, 3000-მდე წიგნისგან შემდგარ ბიბლიოთეკაზე, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებზე – კომპიუტერებსა და პროექტორებზე.
პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება და დღეისთვის საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 10 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს. ინიციატივის შედეგად კი საქართველოს ბანკი 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების სივრცეს.
ფოთის იდეათეკას მოსწავლეები კითხვის, კომპიუტერში საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და მეცადინეობის გარდა, კიდევ უამრავი მიზნით იყენებენ. აქ ბავშვები სხვადასხვა პროექტზე დამოუკიდებლად თუ ჯგუფურად მუშაობენ, ესწრებიან მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებს, ისვენებენ და ეძებენ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე.
„შექმნის დღიდან, საქართველოს ბანკის იდეათეკა, ფოთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების საგანმანათლებლო ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. სივრცე ახალგაზრდებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებულად ხშირად მას დაწყებითი კლასის მოსწავლეები სტუმრობენ, რაც განსაკუთრებულად მახარებს. ეს ფერადი სივრცე ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, შეიმეცნოს, ისწავლოს, განვითარდეს და არ გაჩერდეს. მიხარია, რომ ამ ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალი გამოვლენასა და უკეთ რეალიზებაში ვუჭერთ მხარს“,- აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.