2 წუთი წასაკითხად
ყველაფერი მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - საუკეთესო მასწავლებლის შესარჩევი კონკურსი დაიწყო
22 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ბევრი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ერთი განსაკუთრებული მასწავლებელი, რომელმაც მათში ინტერესის პირველი ნაპერწკალი გააღვივა. დროთა განმავლობაში ეს ნაპერწკალი შეიძლება დიდ კოცონადაც გადაიქცა და ამ ადამიანის ცხოვრებაც განსაზღვრა: შეაყვარა მას საკუთარი საქმე, აზრი მისცა მის ყოველდღიურობას და ამასთან, გზად საკუთარი თავის სიყვარულიც ასწავლა.
ასეთი ადამიანების დავიწყება შეუძლებელია და ალბათ დაგვეთანხმებით,, ისინი მეტად დაფასებას იმსახურებენ. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მიზანი ასეთი პედაგოგების აღმოჩენა და მოსწავლისა თუ ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების სათანადოდ აღნიშვნაა. საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, ამ ინიციატივაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კონკურსის ისტორია
მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს საქართველოში უკვე მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. ის 2016 წელს დაარსდა და უკვე 10 წელია, ინიციატივა მიზნად განათლების სფეროში საუკეთესო და გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენასა და მათ დაფასებას ისახავს. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
როგორ შეგიძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს, რომელსაც უყვარს თავისი საქმიანობა და ცდილობს, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობა გააღვიძოს. კონკურსზე რეგისტრაცია 20 აპრილს დაიწყო და 25 მაისს დასრულდება.
მასწავლებლს რეგისტრაციის ფორმა შეუძლია შეავსოს და საკუთარ გამოცდილებაზე 19 წევრისგან დაკომპლექტებულ ჟიურის მოუყვეს. ჟიურის რიგებში არიან მეცნიერები, სპეციალისტები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
ასევე, მასწავლებლის ნომინირება კონკურსში ნებისმიერ მსურველსაც შეუძლია. თუ გეგულება პედაგოგი, რომელმაც მოსწავლეების ცხოვრება შეცვალა, მათში ცნობისმოყვარეობა გააღვივა და მნიშვნელოვანი ღირებულებები ასწავლა, ამის შესახებ სხვებსაც უნდა მოუყვე.
რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ საინტერესოა. აპლიკაციაში მასწავლებლებს საკუთარი შრომისა და გამოცდილების შეფასება შეუძლიათ. ჟიურის განსაკუთრებით მასწავლებლის უნიკალური პერსპექტივა და მეთოდები აინტერესებს; მაგალითად, რა გამოწვევებია კონკრეტულ საგანმანათლებლო გარემოში და როგორ შეიძლება მათი დაძლევა. უფრო დეტალურად რჩევები ამ ბლოგში შეგიძლია წაიკითხო.
კონკურსში მასწავლებლების შერჩევა მრავალმხრივი შეფასების კრიტერიუმებით ხდება, მათ შორისაა:
- მოსწავლეების შედეგები;
- მიდგომებისა და მეთოდების ინოვაციურობა;
- ზოგადსაკაცობრიო და მოქალაქეობრივი ღირებულებების სწავლება;
- სამოქალაქო აქტივობა და აღიარება;
- პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.
რაც შეეხება თავად კონკურსს, ის ოთხ ეტაპად ტარდება:
- ეტაპი I: აპლიკანტების ტექნიკური შემოწმება
- ეტაპი II: კონკურსანტთა ათეულის შერჩევა
- ეტაპი III: ფინალისტთა დასახელება
- ეტაპი IV: ფინალი – რომელიც 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს ტარდება და სწორედ აქ ხდება ეროვნული ჯილდოს მფლობელის გამოვლენა.
სხვის მიერ წარდგენა ხშირად გადამწყვეტი ბიძგია მასწავლებლისთვის, რომ კონკურსში ჩაერთოს. ასე რომ, ნომინირება საუკეთესო გზაა იმ გამორჩეული პროფესიონალების მხარდასაჭერად, რომელთა ყოველდღიური შრომაც ხშირად მხოლოდ საკლასო ოთახის კედლებში რჩება და ფართო აუდიტორიამდე ვერ აღწევს.
პედაგოგის პროფესია უმნიშვნელოვანესია უკეთესი მომავლის შექმნისთვის. მასწავლებლების მხარდაჭერა კი მომავალი თაობებისთვის გაკეთებული კეთილი საქმეა. თუ ხარ პედაგოგი, რომელიც ცდილობს, სწავლების პროცესი უკეთესი გახადოს, ნუ დააყოვნებ – შეავსე აპლიკაცია და გაგვიზიარე შენი უნიკალური გამოცდილება. ხოლო თუ იცნობ ასეთ მასწავლებელს, წარადგინე ის ნომინაციაზე.
ჯილდო The Global Teacher Prize-ის ნაწილია და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება. ორი წელია, რაც საქართველოს ბანკი ინიციატივას შეუერთდა და ქვეყანაში მასწავლებელთა წახალისების მთავარი მხარდამჭერია. კონკურსის გენერალური სპონსორი კი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია.