2 წუთი წასაკითხად
დათო ტურაშვილი განათლებაზე, წიგნებსა და შვილიშვილთან ურთიერთობაზე
20 ოქტ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი განათლების მხარდამჭერი და თბილისის წიგნის დღეების მთავარი პარტნიორია – სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა ეს ბლოგიც.
მართალია მაკა კეკელიძე ამ თემაზე საუბარს სასტიკად მიკრძალავს, მაგრამ ზოგჯერ მას არ ვემორჩილები და (საქართველოს კონსტიტუციის მეჩვიდმეტე მუხლის საფუძველზე) ღიად და თამამად ვაღიარებ, რომ როცა ბაბუა გავხდი, მე თვითონ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი.
მეტიც, რამდენიმე წლის წინ, ანაკომ რომ მითხრა გათხოვებას ვაპირებო, ძალიან გამიკვირდა, – რა დროს შენი გათხოვებაა შვილო, ჯერ პატარა ხარ-მეთქი და თვითონ უფრო გაკვირვებულმა მითხრა, – მამი უკვე დიდი ვარ, უკვე გავიზარდე და უკვე ოცდაერთი წლის გავხდიო.
ოცდაერთი წლის ქალს, მე რომ გათხოვებას ვერ დავუშლიდი, კი მივხვდი და ანა-მარიამს “ვეფხისტყაოსანიც” გავატანეთ მზითევში და მერე თამარ მერლანიც დაიბადა. პატარა თამარს რომ ჩვენთან მოიყვანდნენ ხოლმე კვირაობით და უზომო სიხარულით ვაღებდი კარს, საბოლოოდ ვრწმუნდებოდი, რომ მე თვითონ უკვე აღარ ვიყავი პატარა. თუმცა, არც მერე, უკვე ლაპარაკი რომ დაიწყო, თამარს არასოდეს მოუმართავს ჩვენთვის როგორც ბებიასა და ბაბუასთვის და ყოველთვის პირდაპირ სახელებით მოგვმართავდა. რა საკვირველია ჩემთვის, როგორც ქართლელისთვის, ისედაც უცნაურად ჟღერს სიტყვა ბაბუა და როგორც რუსთაველი ამბობს, სინამდვილეში პაპა ვარ, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში მაინც ფუნქციაა, რომელსაც კარგად ვერ ვასრულებ და არც კარგი პაპა ვარ და არც კარგი ბაბუა. ჩვენი სტერეოტიპული წარმოდგენებიც იმ ურთიერთობებზე, რაც ბაბუასა და შვილიშვილებს შორის წიგნებში თუ ფილმებში არსებობდა, მგონი ისედაც აღარ არსებობს, რადგან თამარ მერლანის თაობა, უკვე სულ სხვა თაობაა. საქართველოშიც და საერთოდ სამყაროშიც, მართლა სულ სხვა თაობა გაჩნდა ბევრი მიზეზის გამო და ერთ-ერთი მთავარი კი – უსასრულო ტექნოლოგიური ცვლილებებია.
სამყარო ისე შეიცვალა, რომ ჩვენც სხვა გზები უნდა ვეძებოთ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გასაცნობად, მათთან ურთიერთობისა და მეგობრობის შესანარჩუნებლად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა შევძლოთ მათი გაგება.
როცა დედებს ან ბებიებს, დილიდანვე აქვთ თავები ჩარგული ეგრეთ წოდებულ გაჯეტებში, შვილიშვილებსაც ძალიან აინტერესებთ რას “სქროლავენ” უფროსები ასე გამწარებულები, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ მათი ცხოვრების ყველაზე კეთილი თანამგზავრი მაინც წიგნი იქნება.
ამასწინათ მივადექი კიდეც თამარ მერლანს იმ წიგნით ხელში, რომელიც საბავშვო მწერალმა კრისტინ როშიფტემ შექმნა და ქართულად უკვე თარგმნეს და გამოსცეს კიდეც (ისევე როგორც უამრავ ქვეყანაში), მაგრამ მთავარი მაინც ქართულად გამოცემაა, რადგან თანამედროვე ნორვეგიელი ავტორი იმის ახსნას ცდილობს პატარა მკითხველებისთვის, რასაც დიდებს გვასწავლიდა შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში.
წიგნს ჰქვია “მოდი, ერთად დავითვალოთ” და აბა ჯერ კიდევ როდის ეწერა “ვეფხისტყაოსანში,” რომ სამყაროში უთვალავი ფერია და ეს არის კიდეც ამ სამყაროს მთავარი ხიბლი და უპირატესობა. ჯერ კიდევ როდის გვითხრა რუსთაველმა რომ სამყაროს მთავარი საგანძური, არის ერთი, კონკრეტული ადამიანი და ადამიანი უნდა იყოს კიდეც ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება.
იმედია ჩვენი შვილიშვილებისთვისაც, ყველაზე რთულ და გამოწვევებით სავსე დროში, სიყვარული იქნება მათი ცხოვრების გზაც და ხიდიც, როგორც ამას “ვეფხისტყაოსანი” გვკარნახობდა.
და იმედია, სადაც ბევრი წიგნი და სიყვარული იქნება, იქნება ბედნიერებაც და თავისუფლებაც…
ავტორი: დათო ტურაშვილი