Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ქუთაისური შეუპოვრობა: გიორგი ბურჯალიანის გზა Minecraft-იდან დიდ ტექნოლოგიებამდე

არის ქალაქები, რომლებიც უბრალოდ ბავშვობის მოგონებებს ინახავენ, და არიან ისეთებიც, რომლებიც ადამიანის ხასიათს, პრინციპებსა და სამყაროს ხედვას აყალიბებენ. გიორგი ბურჯალიანისთვის, საქართველოს ბანკის სტიპენდიატისთვის ასეთი ქალაქი ქუთაისია – ადგილი, სადაც სიყვარულის, იუმორისა და სიმშვიდის ნაზავი იმ განსაკუთრებულ მუხტს ქმნის, რომელიც ადამიანს ასწავლის, სირთულეებს სიმშვიდით შეხვდეს, საქმე კი სიყვარულით აკეთოს.

ეს არის ქალაქი, რომელიც ფიქრს გასწავლის და საკუთარი თავის აღმოსაჩენად დროს გაძლევს. სწორედ აქ, სადაც ადამიანებს შორის ზღვარი პირობითია, გიორგიმ მთავარი ისწავლა – გამოსავლის პოვნა იქ, სადაც სხვები მხოლოდ პრობლემას ხედავენ.

პირველი ექსპერიმენტები: ძრავებიდან Minecraft-ის სამყარომდე

გიორგის ინტერესი ტექნოლოგიებისადმი ბავშვობიდანვე გაუჩნდა. 8-9 წლის ასაკში ტექნიკასთან „ჩხირკედელაობა“ იზიდავდა – დაშლა, აწყობა, ექსპერიმენტები. ელექტროძრავებით სხვადასხვა მინი-მოწყობილობასა თუ პატარა მანქანებს აწყობდა. სიამოვნებდა ძიების პროცესი, იდეის ვიზუალიზაცია და შემდეგ მისი რეალობაში გადმოტანა.

მოგვიანებით, ამას ვიდეოთამაშები, განსაკუთრებით კი Minecraft-ი დაემატა, სადაც საკუთარი წარმოსახვის გაცოცხლება შეეძლო. თანდათან კომპიუტერს სხვა თვალით შეხედა – დაინტერესდა, რა და როგორ მუშაობდა. თუ ვინმეს კომპიუტერზე შეცდომის (Error) ფანჯარა ამოუგდებდა, მის გარშემო უკვე იცოდნენ, ვისთვის უნდა მიემართათ. 10-11 წლის ასაკში YouTube არხიც კი ჰქონდა, სადაც კომპიუტერთან დაკავშირებულ საკითხებზე საგანმანათლებლო ვიდეოებს ქმნიდა.

განათლების როლი

ამ ყველაფერმა გიორგი პროგრამირების ენების შესწავლამდე მიიყვანა. თავიდან React-ით დაიწყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ალგორითმული, უფრო საფიქრალი სამუშაო აინტერესებდა. სკოლა იყო ის გარემო, სადაც სწავლა მუდმივ გამოწვევასთან ასოცირდებოდა. გამოცდები, ამოცანები და დისკუსიები მასწავლებლებთან მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. ეს გარემო, სადაც განათლება ყოველთვის განსაკუთრებულად ფასობდა, მისთვის ყველაზე დიდი ინსპირაცია გახდა – მუხტი, რომ არასდროს დაკმაყოფილდეს მიღწეულით.

პროფესიული ზრდა და მიზნები

დღეს გიორგი კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტია და ცოდნას Backend-ის მიმართულებით იღრმავებს. მას აინტერესებს, როგორ მუშაობს რთული მექანიზმები კადრს მიღმა და როგორ იქცევა იდეა რეალურ პროდუქტად. პარალელურად, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტსა და პროგრამაში:

  • საქართველოს ბანკის სტიპენდია: საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გიორგის მსგავსი ახალგაზრდების აღმოჩენასა და ხელშეწყობას. თავად გიორგი აღნიშნავს, რომ ბანკის სტიპენდიატობა მისთვის ფინანსურ მხარდაჭერაზე მეტია. ეს არის ნდობა, რომელიც მას საქმისადმი კიდევ უფრო სერიოზულად მიდგომის პასუხისმგებლობას აკისრებს.
  • TECHXPLORE 2026-ის გამარჯვებული: მისმა გუნდმა ამ ჰაკათონზე პირველი ადგილი დაიკავა პროექტით, რომელიც გემიფიკაციის გზით ახალგაზრდების ციფრულ ბანკინგში ჩართულობას ისახავდა მიზნად.
  • პრაქტიკული პროექტები: პირველ კურსზე მუშაობდა პროექტზე, რომელიც კრიპტოვალუტით გადახდის სისტემას ეხებოდა.

ხედვა მომავლისთვის: გლობალური პრობლემების გადაჭრა საქართველოდან

გიორგის მთავარი მიზანი მიღებული ცოდნის საქართველოში გამოყენება და სხვებისთვის გაზიარებაა. ფიქრობს, რომ საკუთარ ქვეყანაში ცოდნის იმპორტი ყველაზე დიდი საქმეა. სურს, შექმნას საკუთარი კომპანია და ისეთი პროდუქტები, რომლებიც ადამიანებს რეალურ, გლობალური მასშტაბის პრობლემებს მოუგვარებს.

მისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია იმის გაცნობიერებაა, რომ საქართველოში შექმნილ კოდს შეუძლია ბარიერები მოუხსნას მომხმარებელს სხვადასხვა კონტინენტზე. ეს თავისუფლება და მასშტაბი მუდმივად უბიძგებს წინსვლისკენ.

რჩევა მათ, ვინც ახლა იწყებს

მათ, ვისაც დღეს პირველი ნაბიჯის გადადგმის ეშინია, გიორგი ურჩევს, რომ აუცილებლად დაიწყონ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ტექნოლოგია იქნება თუ სხვა სფერო – მთავარია, თავად პროცესი გიყვარდეს. თუ საქმეს ენთუზიაზმით აკეთებ და შედეგზე მეტად განვითარებაზე ხარ ფოკუსირებული, წარმატება გარანტირებულია. მისი თქმით, არ ღირს იდეალური მომენტის ლოდინი – ჯობია, უბრალოდ დაიწყო და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს