2 წუთი წასაკითხად
მარი სუხიშვილის წერილი საკუთარ 19 წლის თავს – „არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე“
22 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
ზოგიერთი გადაწყვეტილება წლების შემდეგ ბევრად უფრო მკაფიო მნიშვნელობას იძენს. განსაკუთრებით მაშინ, როცა უკან იყურები და ხედავ, როგორ იქცა პატარა, შესაძლოა ეჭვით სავსე ნაბიჯი დიდ შესაძლებლობად.
საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და ახალ ვიდეოპროექტში წარმატებულ ადამიანებს სთხოვს, გამოცდილება გაუზიარონ საკუთარ 19 წლის თავს. ეს არის გულწრფელი ისტორიები იმის შესახებ, როგორ გახდა სწავლა და მუდმივი განვითარება მათი მიღწევების საფუძველი.
ვიდეოს მიღმა დარჩენილი პასუხები ხშირად არანაკლებ საინტერესოა. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში შეხვდები სრულ ინტერვიუს მარი სუხიშვილთან – კრეატიულ და არტ დირექტორთან, VAADS-ის არტ დაირექშენის კურსის ლექტორთან და საერთაშორისო ფესტივალების ჟიურის წევრთან.
რა როლი ითამაშა სწავლამ შენს გზაზე?
სწავლამ მომცა მყარად დგომის საფუძველი და ის ხელსაწყოები, რომლითაც ბევრი საინტერესო „სათამაშოს“ შექმნა შეიძლება.
19 წლის ასაკში შენი ყველაზე დიდი ოცნება?
მინდოდა რაღაც ისეთი შემექმნა, რასაც ადამიანები იგრძნობდნენ.
პირველი პატარა გამარჯვება, რომელიც გახსოვს?
ერთხელ ისეთი მათემატიკური ამოცანა ამოვხსენი, რომელსაც მთელი კორპუსი ერთდროულად ეჯდა დიდიან-პატარიანად და ვერავინ ხსნიდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი შეცდომიდან?
რომ შეცდომა ყოველთვის გაკვეთილია.
რა გაიძულებს მუდმივად ისწავლო?
მუშაობის გარდა ვასწავლი სხვებსაც და ალბათ ეგ მაიძულებს დავრჩე რელევანტური დროსთან მიმართებაში.
რას იტყოდა 19 წლის შენ, რომ დაგინახოს დღეს?
როგორც 34 წლის მარი ვერ იჯერებს, ისე 19 წლის მარიც ვერ დაიჯერებდა რომ ტყუპების დედაა.
წარმატება რა არის დღეს შენთვის?
წარმატება ჩემთვის პროცესია, რომელიც არასდროს მთავრდება. როგორც კი მას მიღწეულ მდგომარეობად ჩათვლი, მგონია, იქვე მთავრდება ზრდაც.
რომელმა გადაწყვეტილებამ შეცვალა ყველაფერი?
როდესაც სრულიად გამოუცდელმა მარიმ გაბედა და ერთი შეხედვით მიუღწევადი სამსახური მოითხოვა.
რა არის ყველაზე დიდი ძალა ახალგაზრდობაში?
ის, რომ შეგიძლია მთელი დრო ძიებას დაუთმო და ღამეების თენებას არ ნანობ მომავალი 3 დღის განმავლობაში.
რას ეტყოდი იმ 19 წლის საკუთარ თავს, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი ეჭვი აქვს?
არ მოუსმინო სხვებს, ვინც გეუბნება რომ უკვე გაიზარდე და უნდა იყო მეტად სერიოზული, არ გამოგადგება.
მარის ისტორია გვახსენებს, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა გაბედულ ნაბიჯებზე, მუდმივ განვითარებასა და შეცდომების გაკვეთილად ქცევაზე გადის. ამიტომ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაც ეს არის – არასდროს შეწყვიტო ახლის ძიება და განათლების გზაზე არ გაჩერდე!