Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

რომელ წიგნებს გვირჩევს დათო ტურაშვილი? | წიგნები იდეათეკიდან

დათო ტურაშვილისთვის ყველაფერი ასტრიდ ლინდგრენის „მაწანწალა რასმუსით“ დაიწყო. ეს იყო მისი პირველი და ნამდვილი წიგნი, რომელიც მამამ წაუკითხა მაშინ, როცა ჯერ ასოების ცნობაც არ შეეძლო. ნაწარმოებმა მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ კითხვის სწავლა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. სწორედ აქედან იწყება მისი მოგზაურობა ლიტერატურის სამყაროში, რომელიც დღემდე გრძელდება.

ეს ბლოგი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტ იდეათეკისა და მისი ახალი სერიის, „წიგნები იდეათეკიდან“ ნაწილია. ამ სერიაში ცნობილი ავტორები და ლიტერატურის მოყვარულები გაგვიზიარებენ იმ წიგნებს, რომლებმაც მათზე განსაკუთრებული გავლენა იქონია. პირველი სტუმარი დათო ტურაშვილია.

თანამედროვე ქართული ლიტერატურა

მათთვის, ვისაც თანამედროვე ქართული ლიტერატურა ჯერ არ აღმოუჩენია, მწერალი კონკრეტული ავტორების სიას გვთავაზობს. მისი აზრით, ამ ავტორებთან შეხვედრა საუკეთესო გზაა, რომ ჩვენი დროის ლიტერატურა თავდავიწყებით შეიყვარო. სიაში მოხვდნენ:

  • ოთარ ჭილაძე
  • გურამ დოჩანაშვილი
  • რეზო ინანიშვილი
  • ზაირა არსენიშვილი
  • ჯემალ ქარჩხაძე
  • ნაირა გელაშვილი
  • რეზო ჭეიშვილი
  • აკა მორჩილაძე

წიგნები, რომლებიც დროს უსწრებენ

ბოლო დროს წაკითხული წიგნებიდან დათო ტურაშვილზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება პოლ ვალერის „აზრებმა“ მოახდინა, რომელიც ბაჩანა ბრეგვაძემ თარგმნა და რამდენიმე წლის წინ „არტანუჯმა“ გამოსცა. მისთვის გასაოცარი აღმოჩნდა, როგორ შეძლო ფრანგმა პოეტმა ჯერ კიდევ საუკუნის წინ დაწერილ ტექსტებში ეწინასწარმეტყველა ევროპისა და სამყაროს სულიერი მდგომარეობა.

მწერლის უნარზე, დროს გაუსწროს, საუბრისას ტურაშვილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ იხსენებს. მისი აზრით, რუსთაველმა ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში ამოიცნო ის, რასაც პოლ ვალერი მეოცე საუკუნეში მიხვდა. სწორედ ამიტომ, „ვეფხისტყაოსანი“ არის წიგნი, რომლის წაკითხვასაც ის ყველაზე ხშირად ურჩევს სხვებს. ამასთან, აკრიტიკებს სკოლაში სწავლების მეთოდს, რომელიც საზეპიროების გამო მოსწავლეებს ამ გენიალური წიგნის მიმართ შიშს უნერგავს.

რატომ არ არსებობს წიგნი, რომელიც ყველას მოსწონს

კითხვა ღრმად პირადი პროცესია და ნებისმიერმა მკითხველმა ერთი და იგივე წიგნი შეიძლება სრულიად განსხვავებულად გაიგოს. ამის მაგალითად დათო ტურაშვილს საკუთარი გამოცდილება მოჰყავს, როდესაც ბავშვობაში მისი კლასელები ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერით“ აღფრთოვანდნენ, მას კი ამ წიგნმა ინტერესი სულაც არ გაუღვიძა და მხოლოდ წლების შემდეგ წაიკითხა.

ეს გამოცდილება ცხადყოფს, რომ საყვარელი წიგნების არჩევის მთავარი კრიტერიუმი არა სხვების აზრი, არამედ ისაა, თუ რომელი ნაწარმოები ახერხებს შენი გულისა და გონების დაპყრობას.


იდეათეკა საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც საქართველოს რეგიონების სკოლებში თანამედროვე, მულტიფუნქციურ სივრცეებს ქმნის. ეს სივრცეები აღჭურვილია როგორც ტექნოლოგიებით, ასევე მრავალფეროვანი ლიტერატურით, რათა მოსწავლეებს განათლებაზე წვდომა გაუმარტივდეთ.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს