2 წუთი წასაკითხად
შენმა არაცნობიერმა უფრო მეტი იცის შენზე, ვიდრე ცნობიერმა – ჰიტა საკუთარ 19 წლის თავს მიმართავს
8 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
19 წელი ის ასაკია, როცა საკუთარი თავის, პროფესიისა და მომავლის ძიების პროცესში ბევრი კითხვა და კიდევ უფრო მეტი ეჭვი გვიჩნდება. რა არის ის მთავარი საყრდენი, რაც ამ დროს სწორი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარება?
საქართველოს ბანკის რუბრიკაში, სადაც ადამიანები საკუთარ 19 წლის თავს უბრუნდებიან და დღევანდელი გადასახედიდან უზიარებენ გამოცდილებას, ამჯერად H1Ta-ს რჩევებს მოვუყარეთ თავი. ჰიტას შესახებ თუ ჯერ კიდევ არ იცით, ის ქართველი ბლოგერი და იუთუბერია, რომლის პლატფორმებზეც ძალიან ბევრ საინტერესო და შემეცნებით კონტენტს იპოვით.
ჰიტას აზრით, გადაწყვეტილებების მიღებისას ხშირად ლოგიკას ვეყრდნობით და გვავიწყდება ის, რასაც ინტუიცია გვკარნახობს. მისი თქმით, ერთი ჩვევა, რომელმაც მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა, სწორედ საკუთარი გულისთქმის დაჯერება იყო.
თინეიჯერობაში საკუთარ თავს არ ვენდობოდი, მუდამ ეჭვებში ვიყავი, შევძლებდი თუ არა იმას, რაც გულით მსურდა. მერე ერთხელაც გადავწყვიტე, მერწმუნა საკუთარი თავისთვის და საუკეთესო შედეგიც მივიღე. ნელ-ნელა ეს ნდობა ჩვევად იქცა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.
შესაბამისად, მისი მთავარი რჩევა საკუთარი 19 წლის ვერსიისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი ეჭვი აწუხებს, ასეთია: მიჰყევი გულისთქმას!
შენი შინაგანი სამყარო ბევრად უფრო მეტს აცნობიერებს, ვიდრე შენ ცნობიერით. ამიტომ ის უფრო ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს მიიღებს იმის შესახებ, თუ რა გინდა შენ სინამდვილეში.
ჰიტას აზრით, ზოგადად, განათლება მხოლოდ უნივერსიტეტსა თუ სკოლაში სილაბუსის მიყოლით მიღებული ცოდნა არაა, არამედ პროცესია: უწყვეტი და თან ძალიან საინტერესო, რომელიც შემეცნების ყოველდღიურ მცირე ნაბიჯებს მოიცავს. ჰიტა ამბობს, რომ ყოველდღიურად ცდილობს, რაღაც ახალი გაიგოს სამყაროსა და, ამასთან, საკუთარ თავზე.
თუნდაც მცირედით რომ გამეუმჯობესებინა ცოდნა, უკეთესად მეძინებოდა. ამ მეთოდით დღეების ჭრილში თითქოს დიდ ცვლილებას ვერ ამჩნევ, თუმცა, თუ წლებით დავითვლით, მიღებული შედეგი კოლოსალურია.
სწორედ ამიტომ, 19 წლის თავისთვის განათლებაზე მისი რჩევა ძალიან მოკლე და ზუსტია: „ეცადე, ჭკვიანი იყო“
ჰიტას თქმით, დრო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კარიერას ეხება. პროფესიული ცოდნის დაგროვება დროს მოითხოვს, ამიტომაც, სჯობს, კარიერული აღმოჩენები არ დააყოვნო და ყური დაუგდო გულისთქმას.
რა პროფესიასაც 3 წელიწადში აღმოაჩენ, ჯობს, ახლა აღმოაჩინო. ვინც უფრო ადრე აირჩევს პროფესიას და უერთგულებს მას, უფრო მეტ ბენეფიტს მიიღებს.
წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მარცხი გარდაუვალია, სულ მცირე, ერთხელ მაინც. თუმცა, როგორც კონტენტ-კრეატორი ამბობს, მარცხსაც აქვს დადებითი მხარეები.
როცა რაღაცას ვცდი და გამოდის, პროცესში დიდად ვერაფერს ვსწავლობ. აი, თუ რაღაც ვცადე და არ გამოვიდა, ეს ძალიან ძვირფასი გაკვეთილი ხდება ჩემთვის. შეცდომის გაცნობიერება ძალიან მეხმარება მომავლის გეგმების წარმოდგენასა და უკეთეს შედეგებზე გასვლაში.
მოკლედ, ჰიტას აზრით, დაბრკოლებებმა არ უნდა შეგაშინოს, პირიქით, უნდა გაგიხარდეს, რომ ცხოვრება ასეთ გაკვეთილებს გვასწავლის. უნდა შეიმეცნო ეს გაკვეთილი, მიზანი განაახლო და გზა გააგრძელო.
განათლების გზაზე არ გაჩერდე.