Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ორი თამაში, რომელიც ყველაფერს წყვეტს: საქართველოს ნაკრები ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ემზადება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორ ურთულეს გასვლით შეხვედრას გამართავს: 11 ოქტომბერს ესპანეთს, 14-ში კი თურქეთს დაუპირისპირდება.

სექტემბერში ქომაგებმა ორი განსხვავებული მატჩი იხილეს თბილისში: თურქეთთან დასანანი მარცხის შემდეგ, ჩვენმა ბიჭებმა ბულგარეთი დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხეს. 

ამ შედეგით, ნაკრები ჯგუფში მე-2 ადგილზეა და მთავარ კონკურენტ თურქეთთან ბურთების შეფარდებით უკეთესი მდგომარეობა აქვს (+2 საქართველოს, -5 თურქეთს), რაც ქულების თანაბრობის შემთხვევაში უპირატესობას გვაძლევს.

პირველი გამოცდა – ესპანეთი

“მარტინეს ვალეროს” სტადიონზე, ესპანეთის მხურვალე გულშემატკივრების წინაშე, ჩვენს ნაკრებს ურთულესი გამოცდა ელის. ესპანეთი – ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ლამაზი და ეფექტური ფეხბურთის სინონიმი, ნებისმიერი მატჩის ფავორიტია.

თუმცა არის ერთი “მაგრამ” – მასპინძლებს რამდენიმე ვარსკვლავი გამოაკლდათ, მათ შორის ლამინ იამალი, ნიკო უილიამსი, როდრი და გავი.

სამწუხაროდ, დანაკლისი ჩვენც გვაქვს – გიორგი ჩაკვეტაძე ნაკრებს ვერ დაეხმარება. თუმცა, სასიხარულოა, რომ მოედანს უბრუნდება ოთარ კიტეიშვილი. ის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელსაც თამაშის ტემპის კონტროლი და მოედნის ცენტრში წესრიგის დამყარება საუკეთესოდ გამოსდის. თანაც, კიტეიშვილი შესანიშნავ ფორმაშია და ბოლო ორ მატჩში ორი გოლიც გაიტანა.

ქართველი ვარსკვლავები ევროპულ არენაზე

სანაკრებო პაუზის წინ, ჩვენი ფეხბურთელები ევროპულ კლუბებში ბრწყინავდნენ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს:

  • გიორგი მიქაუტაძე “ვილიარეალში” ფაქტობრივად შეუჩერებელია. მან ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსის” კარი აიღო, შემდეგ კი ლა ლიგაში მადრიდის “რეალს” გაუტანა. მისი პროგრესი ნაკრებისთვის უდიდესი ძალაა და მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ მისი შეჩერება ნებისმიერი დონის მცველისთვის ურთულესი ამოცანაა.
  • გიორგი მამარდაშვილი “ლივერპულის” ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა. ალისონ ბეკერის ტრავმის შემდეგ, ის ინგლისური გრანდის კარის მთავარი დარაჯი გახდა და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა.
  • ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება. დიდი ალბათობით, მას ესპანეთთან ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ, რაც გუნდს შემოქმედებითობასა და ძალას შემატებს.

მეორე გამოცდა – თურქეთი

თურქეთის ნაკრები ოქტომბრის მატჩებს, ფაქტობრივად, უდანაკარგოდ ხვდება. ვარსკვლავური შემადგენლობით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც ვინჩენცო მონტელა წვრთნის, უმძიმესი მეტოქეა, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. 

თურქეთთან სტამბულში თამაში ყოველთვის დიდი გამოწვევაა. აქ მხოლოდ ფეხბურთი არ თამაშდება – ემოციები, ატმოსფერო, ზეწოლა – ყველაფერი ერთად ქმნის ურთულეს გარემოს, რომელშიც საქართველოს გუნდმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.

გულშემატკივარს დაძაბული და იმედიანი დღეები ელის. საქართველოს ნაკრები მზად არის, კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია.

11 და 14 ოქტომბერი – ორი თარიღი, რომელიც შესაძლოა ისტორიულად იქცეს.

მატჩების განრიგი:

⚽ 11 ოქტომბერი, 22:45 – ესპანეთი-საქართველო
⚽ 14 ოქტომბერი, 22:45 – თურქეთი-საქართველო

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს