Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკმა AI ინოვაციებისთვის Global Finance-ისგან ორი ჯილდო მიიღო

30 აპრ. 2026

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-ის 2026 წლის დაჯილდოებაზე ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. ეს ჯილდოები ბანკის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიღწეულ პროგრესს აღნიშნავს, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო გამოცდილების გაუმჯობესებას – გახადოს ის უფრო სწრაფი, მარტივი და პერსონალიზებული.

ამ ბლოგში გაიგებ, რას ნიშნავს ეს აღიარებები და როგორ აისახება თანამედროვე ტექნოლოგიები შენს ყოველდღიურ საბანკო გამოცდილებაზე.

AI კვლევითი ლაბორატორია: მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბი

საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია (AI Research Lab), რომელიც 2020 წელს დაარსდა, Global Finance-მა მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბად დაასახელა. ამ ნომინაციაში ბანკი ისეთი გლობალური გიგანტების გვერდით დასახელდა, როგორებიცაა Citi, Mastercard და Goldman Sachs.

ლაბის მთავარი მიზანია, შექმნას უნიკალური ტექნოლოგიები, რომლებიც ქართულ ენასა და ადგილობრივ საჭიროებებსაა მორგებული. ეს ბანკს საშუალებას აძლევს, ნაკლებად იყოს დამოკიდებული გარე მომწოდებლებზე და დამოუკიდებლად შექმნას ინოვაციური პროდუქტები.

ამის კარგი მაგალითია ლაბის მიერ შექმნილი ქართული მეტყველების ამოცნობის (ASR) უნიკალური სისტემა. ის სატელეფონო საუბრებს ავტომატურ რეჟიმში აანალიზებს, ათავისუფლებს თანამშრომლებს რუტინული სამუშაოსგან და ბანკს მომხმარებელთა საჭიროებების უფრო სიღრმისეულად გაანალიზების საშუალებას აძლევს.

ინოვატორი GEN AI-ის დანერგვისთვის

მეორე ჯილდო ბანკმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ფინანსური ინოვატორის ნომინაციაში, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GEN AI) დანერგვისთვის მიიღო.

ეს არ არის ერთი კონკრეტული პროდუქტი, არამედ მთელი ეკოსისტემა, რომელიც ბანკის მუშაობის სხვადასხვა ასპექტს ეხება და გაზომვად შედეგებზეა ორიენტირებული:

  • AI ჩატბოტი მომხმარებლებისთვის: გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი პირველი დანერგვა მობილბანკის ჩატბოტს შეეხო. დღეს მობილბანკში შემოსულ ყველა ჩატს AI ბოტი პასუხობს და მომხმარებელთა მოთხოვნების 70%-ს ადამიანის ჩარევის გარეშე აგვარებს.
  • შიდა პროცესების ტრანსფორმაცია: ბანკის თანამშრომლების 55%-ზე მეტი ყოველკვირეულად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. მათ ტექნიკური გუნდის დახმარების გარეშე შექმნეს 400-ზე მეტი დამხმარე AI ასისტენტი, რამაც თვეში 6 600-ზე მეტი სამუშაო საათი გამოუთავისუფლათ.
  • სპეციალიზებული AI სისტემები: შეიქმნა ორი უნიკალური სისტემა
  • AI-მონაცემთა მეცნიერი (DS-Agent): ეს აგენტებისგან შემდგარი სისტემაა, რომელსაც რამდენიმე კვირის სამუშაოს (მაგალითად, კომპლექსური მონაცემების ანალიზი) ერთ დღეზე ნაკლებ დროში შესრულება შეუძლია.
  • AI-თანამშრომელი: ეს არის ავტონომიური სისტემა, რომელიც ტექნიკურ დავალებებს დამოუკიდებლად მართავს. ის უკვე ციფრული პროდუქტების ახალი Java კოდის 30%-ს ავტონომიურად ქმნის.

რას ნიშნავს ეს აღიარება შენთვის?

Global Finance-ის დაჯილდოება ფინანსურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მოვლენად მიიჩნევა. საბოლოო ჯამში, ეს ორი ჯილდო ნიშნავს, რომ ტექნოლოგიური გარდაქმნა პირდაპირ შენს გამოცდილებას აუმჯობესებს:

  • სისწრაფე: როცა AI ახალი პროდუქტების კოდის 30%-ს წერს, ეს ნიშნავს, რომ სასურველი ფუნქციონალი ციფრულ არხებში მომხმარებლამდე 3-ჯერ სწრაფად მიდის.
  • ხარისხი: როცა თანამშრომლებს რუტინული სამუშაოს ნაცვლად მეტი დრო რჩებათ მომხმარებელთან ურთიერთობისთვის, მომსახურების ხარისხი იზრდება.
  • ინოვაცია: როცა ბანკი დამოუკიდებლად ავითარებს საკუთარ უნიკალურ ტექნოლოგიებს, მას შეუძლია, შექმნას ისეთი სერვისები, რომლებიც ზუსტად შენს საჭიროებებზეა მორგებული.

ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ რეალური, გაზომვადი ღირებულება მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის და ბიზნესისთვის,
– ამბობს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

Global Finance-ის მიერ მინიჭებული ორი პრესტიჟული ჯილდო ამ სტრატეგიის წარმატებას ნათლად ადასტურებს.

გააზიარე