მისამართები
ვალუტის კურსი
სანამ ბიზნესს დაიწყებთ საგანმანათლებლო პლატფორმა პოტენციური ან დამწყები მეწარმეებისთვის, რომელიც აძლევს მათ ინფორმაციას ყველაფერზე, რაც უნდა იცოდნენ, სანამ ბიზნესის დარეგისტრირებას გადაწყვეტენ
1 ბიზნესის გზამკვლევი
1.1 რა არის სტარტაპი?
1.2 როგორ დავაგენერიროთ ბიზნეს იდეა?
1.3 ბიზნესის რეგისტრაცია
1.4 ბიზნეს გეგმა
2 ბრენდის გზამკვლევი
2.1 როგორ ავაშენოთ ბრენდი ბიზნესთან ერთად
2.2 რა არის ბრენდი და რატომ არის მნიშვნელოვანი?
2.3 ბრენდის სტრატეგია
2.4 ბრენდის ვიზუალური იდენტობა
2.5 ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგია
3 დაფინანსება
3.1 აგრო სესხი
3.2 აგრო სესხის ტიპები
3.3 ბიზნეს სესხი
ბიზნესის გზამკვლევი
1.1 რა არის სტარტაპი?
რა არის სტარტაპი?
სტარტაპი ქართულ ბიზნეს რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და ამავდროულად ყველაზე რთულად აღქმადი ფენომენია. ყველა ქართველ ბიზნესმენს სტარტაპის თავისებური განმარტება აქვს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სტარტაპი, როგორც ფენომენი, საქართველოში ჯერ კარგად არც შეგვისწავლია და არც გაგვიაზრებია.
არადა თუ სიტყვას ინგლისური ენის ჭრილში შევხედავთ, ყველაფერი მარტივადაა. სტარტაპი, ქართულად რომ გადმოვთარგმნოთ, არის წამოწყება, ჩხირკედელაობა. ასეთი მაგალითები ქართულ ფილმებშიც გვაქვს: შერეკილები და მათი ცათმფრენი, უდიპლომო სასიძო და მექანიკური ჩიტების დამფრთხობი და ა. შ.
ერთადერთი, რაც ამ ქართულ წამოწყებებს და თანამედროვე სტარტაპებს განასხვავებს არის ის, რომ ისინი “ფულის საკეთებლად” არ შეუქმნიათ, თანამედროვე ტექ სტარტაპები კი 21-ე საუკუნის ნავთობად ან ოქროდ იქცა. ყველა დიდი ინვესტორი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ცდილობს, რომ სტარტაპებში ჩადოს ფული.
ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ სტარტაპები რადიკალურად ცვლიან სამყაროში არსებულ სიტუაციას, ადამიანების ყოველდღიურ პრობლემებს ახლებურად უყურებენ და ყოველთვის როცა ადამიანების ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად უმჯობესდება ან რამე მნიშვნელოვანი პრობლემა გვარდება, იქ ძალიან დიდი ფულის შოვნის შესაძლებლობაც არის.
ყველა სტარტაპის უკან დგას დიდი პრობლემა, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს და არსებული ბიზნესები ამ პრობლემას ან ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ აგვარებენ.
მაგალითისთვის: Robinhood: ჩვეულებრივ ადამიანებამდე ინვესტირების შესაძლებლობის მიტანა
კომპანიებში ინვესტირება ამ კომპანიის გამოჩენამდე დიდ თავის ტკივილთან იყო დაკავშირებული, უნდა მიგეღო კვალიფიციური ინვესტორის სტატუსი, გაგეხსნა ანგარიში, მისულიყავი პირად ბანკირთან, შემდეგ საინვესტიციო ბანკირთან, მისთვის უნდა გეთქვა რომელი აქციების ყიდვა გსურდა. ან თუ ეს არ გინდოდა, რთული და ძვირიანი სერვისებით უნდა გესარგებლა, რომელსაც ძალიან მაღალი საკომისიოები ჰქონდა. რობინჰუდმა კი საკომისიოების მოდელი გააქრო და ინვესტირება ყველასთვის ნაცნობ მობილურის აპლიკაციებს დაამსგავსა.
Stripe: ციფრული გადახდების სისტემების გამარტივება.
სტრაიპის გაჩენამდე კომპანიებს უწევდათ ბიუროკრატიულ საფინანსო ინსტიტუტებთან მისვლა და თვეობით ლოდინი მათი გადახდის სისტემის ჩასაშენებლად. სტრაიპმა კი შექმნა ინფრასტრუქტურა, რომლის დახმარებითაც რამდენიმე საათში ონლაინ გადახდების მიღება შეგეძლო.
SpaceX, Blue origin, Virgin galactic: კოსმიური მოგზაურობის ხელმისაწვდომობის გაზრდა
მათ გამოჩენამდე კოსმოსში წასვლის მონოპოლია მხოლოდ სამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ, რამდენიმე მილიარდერმა კი გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინათ და დღეს ორბიტაზე სატელიტის გაშვების ფასი განახევრდა.
თუმცა, აუცილებელია, რომ გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: არც ერთ მათგანს არ ჰქონდა იმის გარანტია, რომ ბიზნესი წარმატებული იქნებოდა, ყველა რობინჰუდის, სფეის იქსის და სტრაიპის ისტორიის პარალელურად უამრავი:
Theranos - ჯანმრთელობის კვლევა ერთი სისხლის ანალიზით სახლიდან გაუსვლელად, Juicero - ჯანსაღი წვენი სახლიდან გაუსვლელად მარტივად, Quibi - Short-form ვიდეოების პლატფორმა, Webvan - სურსათის მიტანის სერვისი… გვყავს.
მოკლე აღწერით, სტარტაპი სარისკო წამოწყებაა, რომლის წარმატებაც გარანტირებული არ არის. თუმცა, ამ რისკის საპირწონედ უდიდესი ფინანსური წარმატება დგას.
ახლა კი ჩამოვთვალოთ ის ფაქტორები, რაც ყველა ამ იდეას აერთიანებს:
1. ინოვაცია - სტარტაპები ხშირ შემთხვევაში დაფუძნებულია ინოვაციურ იდეებზე, ტექნოლოგიებზე ან განსხვავებულ ბიზნეს მოდელებზე. ისინი ცდილობენ პრობლემების ახალი გზებით გადაჭრას ან ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტების ან სერვისების შემოტანას, რაც მანამდე ან არ არსებობდა ან მსგავსი გამოყენება არ ჰქონია. ინოვაცია უნდა იყოს სტარტაპის იდენტობის საფუძველი, რაც განაპირობებს მის დიფერენციაციას არსებული მოთამაშეებისგან.
2. ზრდის პოტენციალი - სტარტაპების ერთ-ერთი მნიშვნელობანი მახასიათებელია სწრაფი ზრდისა და გამასშტაბურების პოტენციალი. ტრადიციული მცირე ბიზნესისგან განსხვავებით, სტარტაპები შექმნილია იმისათვის, რომ სწრაფად გაიზარდონ და გააფართოვონ თავიანთი ოპერაციები, ამისთვის ხშირად იყენებენ ტექნოლოგიებს ან ახალ პროცესებს, ახალ ბიზნეს მოდელს, ბიზნესის ოპერირების ახლებურ სქემას. რათა მიაღწიონ ექსპონენციალურ ზრდას რესურსების ან ხარჯების პროპორციული ზრდის გარეშე. ეს შეიძლება იყოს გეოგრაფიული ზრდის ხარჯზე, ვინაიდან სტარტაპები ძირითადად იწყება ლოკალური გარემოდან და ყველას საბოლოო მიზანი (გამონაკლისები ალბათ არსებობს) არის და უნდა იყოს ლოკალური საზღვრებიდან გასვლა საერთაშორისო ბაზრებზე.
3. ფოკუსირება ზრდაზე - სტარტაპები ზრდას უმთავრეს პრიორიტეტს ანიჭებენ. ისინი მიზნად ისახავენ ბაზრის წილის ხელში ჩაგდებას, რაც შეიძლება სწრაფად, დიდი რაოდენობით მომხმარებლების შეძენას საწყის პერიოდებში, დიდი აჟიოტაჟის ატეხვას და რაც შეიძლება სწრაფად გაფართოებას. ზრდა, როგორც წესი, მიიღწევა აგრესიული მარკეტინგული სტრატეგიების, პროდუქტის განვითარებისა და ახალ ბაზრებზე ან მომხმარებელთა სეგმენტებზე გაფართოების გზით.
ხშირად ამ ყველაფერს სტარტაპები ზარალის ხარჯზეც აკეთებენ და ბიზნესის მოკლევადიანი წარმატება მათთვის მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს.
4. არსებული სტანდარტების ნგრევა - სტარტაპები ხშირად არღვევენ დამკვიდრებული ინდუსტრიის სტანდარტებს ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვით, რომლებიც გამოწვევას უქმნიან სტატუს კვოს. მათ შეუძლიათ შესთავაზონ უკეთესი პროდუქტი, ან გაუმჯობესებული მომსახურება დაბალ ფასად, განაახლონ ინდუსტრიის სტანდარტები ან შექმნან სრულიად ახალი ბაზრის კატეგორიები. ეს “ნგრევა/შეფერხება” არის სტარტაპების ზრდისა და დიფერენციაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მიზეზი, რაც მათ საშუალებას აძლევს მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა და დაიმკვიდრონ თავი ინდუსტრიის ლიდერებად.
მოკლედ, სტარტაპები არიან დინამიური და ამბიციური კომპანიები, რომლებიც ხასიათდებიან მათი ინოვაციური იდეებით, მასშტაბურობით, ზრდაზე ორიენტირებული აზროვნებითა და არსებული სტანდარტებისთვის დამანგრეველი პოტენციალით. ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ ეკონომიკურ ზრდაში და ინოვაციების ხელშეწყობაში. იმისათვის, რომ ნათელი იყოს, რამდენად შეიძლება განსხვავდებოდეს და მეტიც, ეწინააღმდეგებოდეს სტარტაპების სტრატეგია და ბიზნეს მოდელი ინდუსტრიაში დამკვიდრებულ სტანდარტს, შეგვიძლია მოვიყვანოთ Uber-ის მაგალითი.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინტეგრაცია:
Uber-მა მოახდინა რევოლუცია სატრანსპორტო ინდუსტრიაში, შემოიტანა მობილური აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მგზავრებს მძღოლებთან. ეს ინოვაციური პლატფორმა იყენებს GPS ტექნოლოგიას, რეალურ დროში მონაცემთა ანალიტიკას და გადახდის უპრობლემოდ დამუშავებას, რათა უზრუნველყოს მოსახერხებელი ტრანსპორტირების სერვისები.
ამ დროს კი, ტრადიციული ტაქსის კომპანიები ეყრდნობიან სატელეფონო ზარებს, ქუჩაში დგომას და ხელის ქნევას, ან დისპეჩერების მეშვეობით მძღოლებთან დაკავშირებას. ისინი, როგორც წესი, მუშაობენ ძველი ტექნოლოგიების გამოყენებით და შეიძლება არ შესთავაზონ მოხერხებულობის ან ეფექტურობის იგივე დონე, როგორსაც Uber სთავაზობს. მასშტაბურობა და გაფართოება:
დაარსების დღიდან Uber-მა სწრაფად გააფართოვა თავისი ოპერაციები მსოფლიოს ასობით ქალაქში. მისი პლატფორმა უაღრესად მასშტაბირებადია, რაც საშუალებას აძლევს მას ათასობით მძღოლით მილიონობით მომხმარებელს მოემსახუროს სხვადასხვა რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ტაქსის კომპანიებს შეუძლიათ მუშაობა მრავალ ქალაქში ან რეგიონში, მათი გაფართოება ხშირად შემოიფარგლება ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა მარეგულირებელი შეზღუდვები, ლიცენზირების მოთხოვნები და ინფრასტრუქტურის შეზღუდვები. ტრადიციული ტაქსის ბიზნესის მასშტაბირება, როგორც წესი, მოითხოვს მნიშვნელოვან კაპიტალურ ინვესტიციას და ოპერაციულ ხარჯებს.
სტარტაპებისთვის ერთი საერთო მახასიათებელი ისაა, რომ თუკი მიაღწევს სტარტაპი საწადელს და ბაზარზე დომინანტურ პოზიციას დაიკავებს, შემდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში უდიდესი მოგებისა და შემოსავლის გენერირება შეუძლია. ამიტომ სტარტაპები ხშირად მოკლევადიანი მოგების სანაცვლოდ გრძელვადიან მოგებაზე კონტცენტრირდებიან
ადაპტაცია და მოქნილობა:
Uber აჩვენებს ადაპტაციის და მოქნილობის მაღალ დონეს ახალი სერვისების (მაგ., Uber Eats) დანერგვით და მიმდებარე ბაზრებზე გაფართოებით (მაგ., Uber Freight). ბაზრის დინამიკის საპასუხოდ გადაქცევისა და განვითარების ეს უნარი დამახასიათებელია მრავალი სტარტაპისთვის.
ტრადიციული ტაქსის კომპანიები შეიძლება შეხვდნენ გამოწვევებს ტექნოლოგიურ შეფერხებებთან ადაპტაციის ან მომხმარებელთა ქცევის შეცვლაში. მათი ბიზნეს მოდელები და ოპერაციები შეიძლება იყოს უფრო მკაცრი და მდგრადი ცვლილებების მიმართ, რაც ართულებს ეფექტურ კონკურენციას უფრო მოქნილ და ინოვაციურ სტარტაპებთან, როგორიცაა Uber.
მოკლედ, Uber ასახავს სტარტაპის ბევრ განმსაზღვრელ მახასიათებელს, მათ შორის ინოვაციას, მასშტაბურობას, ზრდის ფოკუსირებას და ინდუსტრიის სტანდარტების დარღვევას, რაც განასხვავებს მას ტრადიციული ტაქსის კომპანიებისგან. ტექნოლოგიის გამოყენებით, აგრესიული გაფართოებისა და დადგენილი ნორმების გამოწვევით, სტარტაპებმა, როგორიცაა Uber, შეცვალეს ინდუსტრიები და შეცვალეს ჩვენი აზროვნება ტრანსპორტის შესახებ.
1.2 როგორ დავაგენერიროთ ბიზნეს იდეა?
***
ნებისმიერი ბიზნესი იწყება იდეით, თუმცა იდეების უმრავლესობას ერთი ფუნდამენტური პრობლემა აქვს: ადამიანები ფიქრობენ საკუთარი სურვილებიდან და არა ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე.
როგორ გავიგოთ, ღირს თუ არა იდეაზე მუშაობა?
ბევრი ადამიანი ფიქრობს - მე რაღაცის გაკეთება ვიცი, მოდი გავაკეთებ და ვინმე იყიდის. ეს მიდგომა არასწორია და წარუმატებლობისთვის არის განწირული.
მაგალითი: ვიცი ხაჭაპურის გამოცხობა და ვხსნი სახაჭაპურეს. ამ დროს არ ვფიქრობ: სჭირდება კი ეს ვინმეს? რამდენად არის მოთხოვნა? როგორია კონკურენცია? მე უბრალოდ პროდუქტზე ვარ ფოკუსირებული.
სწორი პროცესი კი ასე გამოიყურება: გამიჩნდა პრობლემა/დისკომფორტი. ვეძებე გადაწყვეტა და ვერ ვიპოვე. აღმოვაჩინე, რომ ეს პრობლემა სხვებსაც აწუხებთ. დავიწყე ფიქრი მის გადაჭრაზე.
გახსოვდეთ: ადამიანს არასდროს სჭირდება პროდუქტი, მას სჭირდება შედეგი. თუ თქვენი პროდუქტი მას შედეგამდე მიიყვანს - ბიზნესი შედგება.
იდეის სწორად მოფიქრება ნიშნავს - მე რაღაც პრობლემა გამიჩნდა, შემდეგ ვცადე, რომ ეს პრობლემა მომეგვარებინა, ვერ ვიპოვე ვერაფერი, რაც ამ პრობლემას მომიგვარებდა, მერე დავფიქრდი, რომ ეს პრობლემა სხვებსაც ხომ არ აქვთ, აღმოვაჩინე, რომ ეს პრობლემა სხვებსაც აწუხებთ, ისინიც ვერ ჭრიან თავისით და დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა. მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა და რაც უფრო მეტად მწვავეა, მით უფრო დიდი პოტენციალი აქვს ამ იდეას
ადამიანები კიდევ, პირიქით, ხშირად ვიწყებთ ფიქრს პროდუქტიდან, თუმცა ის გვავიწყდება, რომ წარმატებული ბიზნესების დიდ ნაწილს, სანამ პროდუქტამდე მივიდოდა, მრავალი საფეხური აქვს გავლილი, იდეის გენერაციიდან - მის ვალიდაციამდე. პროდუქტის დაწყების ყველაზე დიდი მინუსი სწორედ ესაა - ამ დროს ჩვენ ვცდილობთ ჯერ პროდუქტი შევქმნათ და შემდეგ მის გარშემო პრობლემა აღმოვაჩინოთ, თუმცა შეიძლება ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობდეს.
არ უნდა დაგვავიწყდეს - ადამიანს არასდროს სჭირდება პროდუქტი. ადამიანს სჭირდება რაღაც შედეგის მიღწევა, შესაბამისად ამ შედეგის მიღწევაში ჩვენი პროდუქტი თუ დაეხმარება, იგი წარმატებული იქნება. თუ ვერა - მაშინ ჩვენი პროდუქტი არავის დასჭირდება.
ამიტომ, როდესაც ჩვენ ბიზნეს იდეის მოფიქრებას ვცდილობთ, არასდროს უნდა დავიწყოთ პროდუქტიდან. არსებობს ერთი კარგი სავარჯიშო - იდეა რომ მოგვივა, უნდა დავფიქრდეთ - ვთქვათ განვახორციელეთ, ვინმესთვის რამე შეიცვლება? არ არის აუცილებელი მარსზე რაკეტა გავუშვათ, უბრალოდ უნდა დავინახოთ, ვინმე უფრო უკეთესად იქნება, ვიდრე მანამდე? თუ პასუხია - არა, მაშინ შეგვიძლია შემდეგი იდეის მოფიქრებაზე გადავიდეთ. აქ მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება უკეთ, ვიდრე მანამდე და რაც უფრო მნიშვნელოვან პრობლემას გადაუჭრი, მით უფრო დიდი წარმატების შანსი აქვს თქვენს იდეას.
თუმცა აუცილებელია, რომ განვასხვავოთ პროდუქტები: ტკივილგამაყუჩებლები - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ადამიანი ამის გამო წვიმაში გავა და შეიძენს, თუ საჭიროება დაუდგა. ვიტამინები - კარგია რომ გქონდეს, მაგრამ აუცილებელი არაა. წვიმაში არ წავალთ მის საყიდლად. სავარაუდოდ, ხშირ შემთხვევაში, კარგ ამინდშიც არ წავალთ სპეციალურად მისთვის. გზად თუ გავივლით - შევიძენთ. შესაბამისად, ეცადეთ, თქვენი იდეა იყოს ტკივილგამაყუჩებელი და არა უბრალოდ ვიტამინი. ეს არ ნიშნავს, რომ ვიტამინები არ არის საჭირო. უბრალოდ, ტკივილგამაყუჩებელს შეიძლება წარმატების უფრო დიდი შანსი ჰქონდეს.
ასევე, მნიშვნელოვანია გამოვყოთ საჭიროება და გადახდისთვის მზადყოფნა. ვინმეს რომ რამე სჭირდება, ეს არ ნიშნავს, რომ მასში ფულს გადაიხდის. მაგალითად, მე შეიძლება მაწუხებს დაულაგებელი სახლი, მაგრამ მერჩივნოს, რომ მე თვითონ დავალაგო, ვიდრე დამლაგებელს გადავუხადო 100 ლარი. აუცილებელია გვესმოდეს, რამდენს გადაიხდიდა პოტენციური მყიდველი ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენ არასდროს მოგივათ კარგი ბიზნეს იდეა, ერთი ხრიკს გასწავლით: მოძებნეთ არსებული ბიზნესები და წაიკითხეთ მათი მომხმარებლების უკმაყოფილო კომენტარები. სწორედ იქ, სადაც სხვები ვერ ახერხებენ მომხმარებლის დაკმაყოფილებას, იმალება შესაძლებლობა.
ადამიანები ხშირად ცდილობენ, თავისი “გენიალური” იდეა დამალონ, არ გაუზიარონ არავის, იმის შიშით, რომ სხვამ არ მოპაროს. ამასთან დაკავშირებით, არსებობს ხუმრობა, რომ თქვენ თუ კარგი ბიზნეს იდეა მოგივიდათ, უკვე არსებობს მსოფლიოში ხუთი კომპანია, რომელიც ამაზე მუშაობს, ხოლო თუ მართლა მაგარი იდეა მოგივიდათ - ათი კომპანია მუშაობს უკვე ამაზე.
ეს ხუმრობა სწორად გამოხატავს მთავარ თემას - იდეა არ არის ასეთი მნიშვნელოვანი - მთავარია განხორციელება. შესაბამისად, ძალიან დაბალია იმისი შანსი, რომ ვინმემ თქვენი ნაფიქრი უბრალოდ მოისმინოს, ხელი წაავლოს და თქვენზე უკეთ განახორციელოს. საქმე იმაშია, რომ იდეა მხოლოდ ჰიპოთეზაა, ბიზნესი კი ურთულესი პროცესების ერთობლიობა. იმისთვის, რომ სხვამ თქვენი იდეა მოიპაროს, მას უნდა ჰქონდეს ზუსტად იგივე ინტერესები, რაც თქვენ, იგივე ხედვა, იგივე რესურსი და იგივე მოტივაცია ამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. ეს კი პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
პირიქით, იდეის დამალვა ბევრად უფრო დიდი რისკია, ვიდრე მისი გაზიარება. ამ დროს თქვენ კარგავთ ყველაზე ძვირფას რესურსს - უკუკავშირს და უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი იდეების მიმართ სუბიექტურად ვართ განწყობილნი, შესაბამისად შეიძლება რეალობას მკვეთრად ვიყოთ აცდენილები. ამიტომ, ამ დროს თქვენ გჭირდებათ არა მარტო თანამოაზრეები, არამედ კრიტიკოსებიც. უნდა ელაპარაკოთ პოტენციურ მომხმარებლებს, მეგობრებს, სფეროს ექსპერტებს. სწორედ მათთან საუბარში გამოჩნდება ის ბზარები და ნაკლოვანებები, რასაც თქვენი სუბიექტური ხედვა ვერ ამჩნევს.
შესაძლოა, იდეის გაზიარებისას აღმოაჩინოთ, რომ: პრობლემა, რომლის გადაჭრაც გინდათ, სინამდვილეში არავის აწუხებს. უკვე არსებობს გადაწყვეტა, რომელიც იდეალურად მუშაობს. ან სულაც, საუბრის დროს იდეა ტრანსფორმირდეს და სულ სხვა, უფრო სიცოცხლისუნარიანი ფორმა მიიღოს.
ამიტომ თქვენ უნდა შეიყვაროთ არა თქვენი იდეა, არამედ ის პრობლემა, რომელსაც ჭრით. თუ პრობლემაზე იქნებით ფოკუსირებული, მუშაობის პროცესში აუცილებლად იპოვით მის გადაჭრის საუკეთესო გზას, თუნდაც ეს ის არ იყოს, რაც თავიდან ჩაიფიქრეთ. ბიზნესიც სწორედ ესაა, მუდმივი ძიება იმისა, თუ როგორ გავხადოთ ადამიანების ცხოვრება ოდნავ უფრო მარტივი და უკეთესი.
დამწყები ბიზნესმენების კიდევ ერთი ხშირი პრობლემა პერფექციონიზმია. ისინი ფიქრობენ, რომ სანამ პროდუქტს არ დახვეწენ მაქსიმალურად, არ გახდიან იდეალურს, მანამდე არ გაიტანენ ბაზარზე გასაყიდად. სინამდვილეში კი, ბიზნეს იდეა მხოლოდ მაშინ ხდება ბიზნესი, როდესაც მასში პირველი ადამიანი ფულს გადაიხდის. მანამდე ის მხოლოდ ჰიპოთეზაა.
წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ იდეა, გააკეთოთ ონლაინ პლატფორმა, სადაც ადამიანები ხელნაკეთ ნივთებს გაყიდიან. არასწორი გზა: დაიქირაოთ პროგრამისტები, დახარჯოთ ათასობით ლარი ვებ-გვერდის აწყობაში, შექმნათ ლოგო, დაიქირაოთ ოფისი და ექვსი თვის შემდეგ აღმოაჩინოთ, რომ ხალხს არ აინტერესებს ხელნაკეთი ნივთების ონლაინ ყიდვა. სწორი გზა: შექმნათ მარტივი ფეისბუქ გვერდი ან ჯგუფი, მოიძიოთ რამდენიმე ხელოვანი, განათავსოთ მათი ნივთების ფოტოები და ნახოთ, გამოეხმაურება თუ არა ვინმე. თუ გაიყიდა, ესე იგი იდეა მუშაობს. თუ არ გაიყიდა, თქვენ ბევრად ნაკლები დაკარგეთ, ვიდრე პირველ შემთხვევაში.
შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნეს იდეის გენერირება არ არის მუზის მოლოდინი. ეს არის დისციპლინირებული პროცესი: დაკვირვება, პრობლემის იდენტიფიცირება და გამოსავლის ძიება. ნუ ეცდებით მოიფიქროთ ისეთი რამ, რაც მსოფლიოს შეცვლის. ეცადეთ, იპოვოთ ისეთი რამ, რაც კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას ოდნავ მაინც გააუმჯობესებს. დაიწყეთ პრობლემიდან, გაუზიარეთ ხალხს თქვენი ხედვა, მოუსმინეთ კრიტიკას და დაიწყეთ კეთება მცირე ნაბიჯებით. წარმატებული ბიზნესი სწორედ ამ მცირე, მაგრამ სწორი ნაბიჯების ერთობლიობაა.
1.3 ბიზნესის რეგისტრაცია
ბიზნესის რეგისტრაცია
ბიზნესის რეგისტრაცია ნიშნავს, რომ სახელმწიფო ოფიციალურად გცნობთ მეწარმედ. საქართველოში ეს პროცესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივად და სწრაფად მოგვარებადია.
სანამ იუსტიციის სახლში ან საქართველოს ბანკის ფილიალში მიბრძანდებით რეგისტრაციისთვის, უნდა გადაწყვიტოთ თქვენი ბიზნესის იურიდიული ფორმა. ბიზნესის იურიდიული ფორმები მრავალია, თუმცა განვიხილავთ ორ ყველაზე გავრცელებულს:
ინდივიდუალური მეწარმე (ი.მ): ამ ფორმით, ბიზნეს სუბიექტი პირდაპირ თქვენ ხართ. ეს ყველაზე მარტივი ფორმაა მცირე საქმიანობისთვის (მაგალითად: ხელნაკეთი ნივთების რეალიზაცია). 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში აქტიური საქმიანობა აქვს 192,868 ინდ. მეწარმეს; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს): ეს არის კომპანია, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მფლობელი. თუ ბიზნესს მეგობრებთან ერთად იწყებთ, ეს საუკეთესო გზაა. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში აქტიური საქმიანობა აქვს 81,848 შპს-ს.
თქვენი ბიზნესის რეგისტრაციისთვის იუსტიციის სახლში ან საქართველოს ბანკის ფილიალში შესაბამისი დოკუმენტების შევსების შემდეგ იხდით რეგისტრაციის საფასურს და რამდენიმე საათში ან მომდევნო დღეს უკვე ბიზნესის მფლობელი ხდებით. მას შემდეგ, რაც იუსტიციის სახლში განაცხადს შეავსებთ, თქვენი ბიზნესი ოფიციალურად აისახება სამეწარმეო რეესტრში. რეგისტრაციისას თქვენს ბიზნესს ენიჭება (როგორც ჩვენ ყველას გვაქვს პირადი ნომერი) საიდენტიფიკაციო კოდი.
ბიზნესის რეგისტრაციისას თქვენ უნდა მიუთითოთ იურიდიული მისამართი, რაც ოფიციალური მისამართია, სადაც სახელმწიფო „ეძებს“ თქვენს ბიზნესს. აქ მიიღებთ ოფიციალურ წერილებს საგადასახადოდან ან სასამართლოდან. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის აუცილებლად ის ადგილი, სადაც უშუალოდ სავაჭრო თუ სხვა ობიექტი გაქვთ განთავსებული. ეს შეიძლება იყოს თქვენი სახლის მისამართიც.
რეგისტრაციისას ასევე იღებთ მომხმარებლის სახელსა და პაროლს rs.ge-სთვის (საგადასახადო სამსახური). ეს არის თქვენი „ონლაინ ოფისი“, საიდანაც აგზავნით ინფორმაციას თქვენი ბრუნვის, შემოსავლებისა და გადასახადების შესახებ.
საქართველოში არ არის სავალდებულო, რომ ბიზნესს ბეჭედი ჰქონდეს.. თქვენი ხელმოწერა სრულიად საკმარისია ნებისმიერი დოკუმენტისთვის. ბეჭედს კომპანიები მხოლოდ სურვილისამებრ, იმიჯისთვის იყენებენ.
რა გადასახადების გადახდა უწევს კომპანიას?
თუ ხართ ინდივიდუალური მეწარმე და თქვენი წლიური ბრუნვა (ჯამური გაყიდვები) არ აღემატება 500,000 ლარს, შეგიძლიათ ისარგებლოთ მცირე მეწარმის სტატუსით, რა დროსაც დაიბეგრება თქვენი შემოსავლის მხოლოდ 1%
შპს-ების გადასახადი სხვანაირად იანგარიშება:
თქვენ არ იხდით გადასახადს მანამ, სანამ მოგების განაწილებას და გადატანას არ გადაწყვეტთ ბიზნესიდან; მოგების გადასახადს, რომელიც 15%-ს შეადგენს, იხდით მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ თანხას ბიზნესიდან პირადი მოხმარებისთვის გაიტანთ (დივიდენდი)
თუ თქვენს ბიზნესში თანამშრომელი აიყვანეთ და მას ხელფასს უხდით, მაშინ ხელფასის 20% უნდა დააკავოთ და გადაურიცხოთ სახელმწიფოს. ამას საშემოსავლო გადასახადი ეწოდება. თუ თანამშრომელი ჩართულია საპენსიო სქემაში, მაშინ იგი ვალდებულია გადაიხადოს ხელფასის 2%, 2%-ს იხდის თქვენი ბიზნესი, ხოლო 2%-ს ამატებს სახელმწიფო.
თუ თქვენი ბიზნესის ბრუნვამ (გაყიდვებმა) ბოლო 12 თვის განმავლობაში გადააჭარბა 100,000 ლარს, თქვენ ხდებით დღგ-ს გადამხდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენს პროდუქტზე ფასი 18%-ით გაიზრდება, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს.
დაფინანსების მოძიება
ბიზნესის განსახორციელებლად კარგი იდეა არ კმარა - აუცილებელია ფინანსური რესურსებიც. საქართველოში დაფინანსების მოსაძიებლად რამდენიმე ძირითადი გზა არსებობს:
1. სახელმწიფო გრანტები (GITA და „აწარმოე საქართველოში“) ეს არის ფინანსური მხარდაჭერა ბიზნესისთვის, რომელსაც სახელმწიფო გასცემს კონკრეტული მიზნობრიობით. აღნიშნული დაფინანსებები სხვადასხვა მიზნობრიობით გაიცემა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ბევრს უნდა დაფინანსების მიღება და მაღალი კონკურენციაა. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდებს: https://www.enterprisegeorgia.gov.ge/ („აწარმოე საქართველოში“) და https://gita.gov.ge (ინოვაციების სააგენტო).
2. „ანგელოზი ინვესტორები“ (Angel Investors) ანგელოზი ინვესტორები არიან კერძო პირები, რომლებიც ეძებენ პერსპექტიულ სტარტაპებსა და ინოვაციურ იდეებს ინვესტირებისთვის. დაფინანსების სანაცვლოდ თქვენ მათ სთავაზობთ თქვენი კომპანიის წილს. დაფინანსების ამ ფორმის დადებითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ინვესტორს უკან ფულს არ უბრუნებთ. ის ასევე, ფინანსებთან ერთად, გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებასა და პროფესიულ კავშირებს, თუმცა თქვენ აღარ ხართ ბიზნესის სრული მფლობელი და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში ინვესტორის აზრის გათვალისწინებაც მოგიწევთ. სად მოვიძიოთ? საქართველოში ფუნქციონირებს Axel (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი - https://axelnetwork.org). ასევე, ამ მიმართულებას პოპულარიზაციას უწევდა გადაცემა „Shark Tank Georgia“.
3. საბანკო სესხი (ბიზნეს კრედიტი) ეს დაფინანსების ყველაზე გავრცელებული გზაა, თუმცა დამწყები ბიზნესისთვის ხშირად რთულად ხელმისაწვდომია. ამ დროს თქვენ თანხას იღებთ ბანკისაგან, თქვენ კი ყოველთვიურად ფარავთ ძირითად დავალიანებასა და დარიცხულ პროცენტს. ბანკი ხშირად საჭიროებს გარანტიას (მაგალითად, უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას) ან იმის დადასტურებას, რომ ბიზნესს უკვე აქვს სტაბილური გაყიდვები, თუმცა არსებობს შეღავათებიც: მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში სახელმწიფო ბანკის პროცენტის დიდ ნაწილს თქვენს ნაცვლად ფარავს.
აღნიშნული დაფინანსების მეთოდის ძირითადი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიის 100%-იანი მფლობელობა თქვენ გინარჩუნდებათ.
4. საკუთარი ძალებით დაფინანსება მრავალმა წარმატებულმა კომპანიამ საქმიანობა სწორედ ასე დაიწყო. ეს გულისხმობს საკუთარი დანაზოგის ან ე.წ. 3F წყაროს გამოყენებას: Family (ოჯახი) Friends (მეგობრები) Fools/Enthusiasts (ენთუზიასტები, ვისაც სჯერა თქვენი იდეის). რჩევა: ბევრი დამწყები ბიზნესისთვის ეს ყველაზე რეალური გზაა პირველი „პროტოტიპის“ (ნიმუშის) შესაქმნელად, რათა შემდგომ ინვესტორს საჩვენებელი პროდუქტი წარუდგინოთ.
1.4 ბიზნეს გეგმა
***
1. რა არის ბიზნეს გეგმა?
წარმოიდგინეთ, რომ ექსკურსიაზე მიდიხართ უცხო ქალაქში – თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ რუკა, რომ არ დაიკარგოთ. ბიზნეს გეგმაც ზუსტად იგივეა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც შენს ბიზნესზე ყველაფერს ყვება თუ რას ყიდი, როგორ ქმნი პროდუქტს თუ მომსახურებას, ვინ ყიდულობს, ვინ არიან შენი ბიზნესის მფლობელები თუ თანამშრომლები, რა ფული გჭირდება მომავლისთვის და ა.შ.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ: ბიზნეს გეგმა არ აღწერს მხოლოდ იმას, რაც დღეს ხდება. მისი მიზანია აჩვენოს, სად იქნება შენი ბიზნესი 3-დან 5 წლამდე პერიოდში.
2. ვინ კითხულობს თქვენს ბიზნეს გეგმას?
სანამ წერას დაიწყებთ, უნდა იცოდეთ, ვისთვის წერთ. აი, ვის აინტერესებს თქვენი გეგმა: კომერციულ ბანკებს: თუ სესხი გინდათ, ბანკი ამ გეგმით ამოწმებს, შეძლებთ თუ არა ფულის დაბრუნებას; საინვესტიციო კომპანიებს: ისინი ეძებენ კარგ იდეებს, რომლებშიც ფულს ჩადებენ, რათა მომავალში მეტი მოგება ნახონ; სახელმწიფო პროგრამებს (GITA, აწარმოე საქართველოში), რომლებიც გრანტებს გასცემენ; კერძო ინვესტორებს: ადამიანებს, რომელთაც თქვენი იდეის სჯერათ და სურთ თქვენი პარტნიორები გახდნენ; პოტენციურ თანამშრომლებს: თუ ძალიან მაგარ სპეციალისტს ეპატიჟებით სამუშაოდ, მან უნდა ნახოს, რომ თქვენი ბიზნესი სერიოზულია და მას მომავალი აქვს.
3. როგორი უნდა იყოს ბიზნეს გეგმა?
იმისათვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილმა ადამიანებმა თქვენი და თქვენი ბიზნესის პოტენციალის დაიჯერონ, გეგმა უნდა იყოს: სრულყოფილი: არაფერი გამოგრჩეთ; გულწრფელი: ნუ მოიტყუებით, სიმართლე მაინც გამოჩნდება; ფაქტებზე დაფუძნებული: „ბევრი კლიენტი მეყოლება“ - ცუდი არგუმენტია. „ჩემს უბანში სკოლაა, სადაც 500 მოსწავლე სწავლობს და გარშემო არ არის საკვები ობიექტი” ფაქტია; კარგად სტრუქტურირებული: კითხვა არ უნდა იწვევდეს თავის ტკივილს.
ბიზნეს გეგმის შემადგენელი ნაწილები
ნაწილი 1: მოკლე შეჯამება (Executive Summary)
წარმოიდგინეთ, რომ ძალიან დაკავებულ ადამიანს შეხვდით ლიფტში და გაქვთ მხოლოდ 2 წუთი, რომ თქვენი იდეით დააინტერესოთ. აი, სწორედ ეს არის მოკლე შეჯამება - თქვენი ბიზნეს გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.
რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი? ინვესტორებსა და ბანკირებს კვირაში ათეულობით ბიზნეს გეგმა მისდით. ისინი ყველას დეტალურად ვერ წაიკითხავენ. ხშირად, ისინი მხოლოდ ამ მოკლე ნაწილს კითხულობენ და თუ იქიდანვე არ დაინტერესდნენ, დანარჩენ გვერდებს არც გადაშლიან.
ოქროს წესი: მიუხედავად იმისა, რომ შეჯამება ბიზნეს გეგმის თავშია, ის ყველაზე ბოლოს უნდა დაიწეროს, რომ არ გამოგვრჩეს რამე მნიშვნელოვანი.
რჩევები საუკეთესო შეჯამებისთვის: იყავით ლაკონური: არ დაწეროთ ზედმეტი სიტყვები. ტექსტი უნდა იყოს მოკლე და საინტერესო; გამოიყენეთ ფაქტები: ნუ დაწერთ - "ჩვენი პროდუქტი საუკეთესოა". დაწერეთ - "ჩვენი პროდუქტი 20%-ით უფრო იაფია, რადგან..."; ყურადღება მიაქციეთ გრამატიკას, ორთოგრაფიას და ფორმატირებას.
ნაწილი 2: გუნდი და მართვა
ინვესტორები ხშირად ამბობენ: "ჩვენ ფულს ვდებთ არა იდეაში, არამედ ადამიანებში". ამ ნაწილში უნდა დაამტკიცო, რომ შენი გუნდი საუკეთესოა ამ საქმისთვის.
ეს ნაწილი აუცილებლად უნდა პასუხობდეს კითხვებს: ვინ ხართ თქვენ? რა განათლება და გამოცდილება გაქვთ? რა უნარები გაქვთ, რაც ამ ბიზნესს სჭირდება? რატომ ხართ მოტივირებულები, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოთ? ვინ არიან მფლობელები და როგორ ნაწილდება წილები?
ასევე, შექმენით ორგანიზაციული ჩარტი. ეს ეხმარება მკითხველს დაინახოს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი და როგორ იფუნქციონირებს კომპანია ყოველდღიურად.
ნაწილი 3: შესაძლებლობები
ეს ნაწილი ეხება ბიზნეს-მოდელის ეკონომიკურ ვალიდაციას. აქ ყურადღება გამახვილებულია რესურსების ეფექტურ მართვასა და ბაზარზე შესვლის სტრატეგიაზე:
მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ქცევა: აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს სამიზნე აუდიტორია და მათი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები; პროდუქტის კონკურენტუნარიანობა: რატომ წარმოადგენს პროდუქტი მომხმარებლისთვის "აუცილებელ შენაძენს" და რა ფაქტორები განაპირობებს მის მიმზიდველობას.; ოპერაციული მდგრადობა: რამდენად ეფექტურად შეუძლია ბიზნესს სამიზნე სეგმენტებთან კომუნიკაცია და მომხმარებელთა ლოიალობის უზრუნველყოფა.
მომხმარებლები
ეს სექცია ფოკუსირებულია სეგმენტაციასა და მომხმარებლის პროფილზე. ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად იცნობს ის თავის კლიენტს:
კლიენტების დემოგრაფიული და გეოგრაფიული ანალიზი, ვინ არიან ისინი და სად არიან; შესყიდვის მოტივაცია და გარემოებები: "რატომ" და "რა პირობებში" ყიდულობენ. რა ტიპის ბარიერები აფერხებთ მათ ყიდვის პროცესში; პრიორიტეტების განსაზღვრა: ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას დაბალ ფასს თუ მაღალ ხარისხსა და მომსახურებას; უარყოფითი სეგმენტაცია: სტრატეგიული გადაწყვეტილება იმ მომხმარებელთა ჯგუფების გამორიცხვის შესახებ, რომლებიც არ შეესაბამება ბიზნესის მასშტაბებს ან მიზნებს
მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი
ამ ეტაპზე ხდება მომხმარებლის ფსიქოლოგიური და რაციონალური მოტივების სიღრმისეული შესწავლა:
ფუნქციური და ემოციური საჭიროებები: პროდუქტის მიერ შესრულებული კონკრეტული "სამუშაო" და ის ემოციური ფონი, რომელიც თან ახლავს მოხმარების პროცესს; ბაზრის არსებული მდგომარეობა: მიმდინარე გადაწყვეტილებების ეფექტურობის შეფასება. რა არსებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ არსებული მოთამაშეები ბაზარზე; ღირებულების ფორმირება: პროდუქტის ღირებულება იზრდება იმის პროპორციულად, თუ რამდენად ეფექტურად უჭრის ის პრობლემას კლიენტს
გადაწყვეტილების მიღების პროცესის ანალიზი
ეს არის მომხმარებლის ქცევის ხუთსაფეხურიანი მოდელი, რომელიც აღწერს გზას საჭიროების გაჩენიდან პროდუქტის შეფასებამდე:
პრობლემის იდენტიფიცირება: მომხმარებლის მიერ პრობლემის ან საჭიროების გაცნობიერება; ინფორმაციის მოძიება: შიდა და გარე წყაროების (რეკომენდაციები, სოციალური მედია, რეკლამა) გამოყენება ალტერნატივების გასაცნობად; ალტერნატივების შეფასება: პროდუქტის ატრიბუტების შედარება. გადაწყვეტილება შეიძლება იყოს რაციონალური, ან ემოციური (იმპულსური); შესყიდვის აქტი: უშუალო ტრანზაქციის პროცესი, სადაც დიდ როლს თამაშობს გარემო ფაქტორები და მომსახურების ხარისხი გაყიდვის წერტილში; პოსტ-შესყიდვის შეფასება: კმაყოფილების დონის განსაზღვრა. ამ ეტაპზე ყალიბდება მომხმარებლის სამომავლო დამოკიდებულება ბრენდის მიმართ (ლოიალობა ან სინანული).
პროდუქტები ან მომსახურება
ეს სექცია მოითხოვს შეთავაზების დეტალურ არგუმენტაციას:
კონკურენტული უპირატესობა: იმ გამორჩეული მახასიათებლების იდენტიფიცირება, რაც პროდუქტს ბაზარზე უნიკალურს ხდის; ბაზრის მოთხოვნა: ანალიზი იმისა, თუ რა ტიპის საჭიროებას აკმაყოფილებს შეთავაზება და როგორია მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივები; ტექნიკური აღწერა: პროდუქტის ვიზუალის, ფუნქციონირების, გამძლეობისა და ხელმისაწვდომი ვარიაციების აღწერა არაპროფესიონალებისთვის გასაგები ენით.
წარმოების პროცესი
ოპერაციული გეგმა განსაზღვრავს პროდუქტის შექმნის ციკლს:
წარმოების სტრატეგია: გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი ნაწილები დამზადდება შიდა რესურსით და რომელი იქნება აუთსორსინგზე (სხვას გადავუხდით ფულს და შეგვისრულებს სამუშაოს); ტექნიკური აღჭურვილობა: საჭირო დანადგარების სპეციფიკაციები (სიმძლავრე, ენერგომოხმარება) და საწარმოო სივრცის დაგეგმარება; ხარისხის კონტროლი: კრიტიკული ფაქტორების განსაზღვრა და ტესტირების მექანიზმები საბოლოო პროდუქტის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად.
რეკლამირება
კომუნიკაციის სტრატეგიის მიზანია ბრენდის ცნობადობისა და იმიჯის ფორმირება:
სტრატეგიული მიზნები: ბაზრის ინფორმირება პროდუქტის შესახებ და მისი უპირატესობების დემონსტრირება; მედია არხები: სარეკლამო პლატფორმების შერჩევა (ინტერნეტი, ბილბორდები, პრესა, ტელევიზია/რადიო) და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) პროგრამის შემუშავება.
გაყიდვები და დისტრიბუცია
ეს ნაწილი ფოკუსირებულია პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანის გზებსა და კომერციულ პირობებზე:
გაყიდვების მენეჯმენტი: პასუხისმგებლობების განაწილება, გაყიდვების არხების შერჩევა (პირდაპირი გაყიდვები თუ შუამავლები) და გადახდის პირობების განსაზღვრა; დისტრიბუციის ლოჯისტიკა: მიწოდების არხების შერჩევა (საცალო ქსელი, ინტერნეტ კომერცია) და მათი შესაბამისობა ბრენდის იმიჯთან; შეფუთვა და ტრანსპორტირება: პროდუქტის უსაფრთხო გადაზიდვისა და სასაქონლო სახის შენარჩუნების გარანტიები
ფასდადება
ფასის პოლიტიკა უნდა აბალანსებდეს ორ ძირითად ასპექტს:
მომხმარებლის პერსპექტივა: ფასის მიმართ მგრძნობელობის ანალიზი და კონკურენტების ფასებზე რეაგირების პროგნოზირება; გამყიდველის პერსპექტივა: ფასი, რომელიც სრულად ფარავს ხარჯებს და უზრუნველყოფს სასურველი მოგების მარჟას
კონკურენტების ანალიზი და სტრატეგია
ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ საკუთარ ეფექტურობაზე, არამედ ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეების ცოდნაზე.
კონკურენტების იდენტიფიცირება: აუცილებელია იმ კომპანიების აღწერა, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მსგავს პროდუქტს ან ალტერნატიულ გადაწყვეტილებას. ანალიზი უნდა მოიცავდეს მათ საბაზრო წილს, გაყიდვების მოცულობას, ლოკაციასა და საფასო პოლიტიკას; ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება: უნდა გაანალიზდეს კონკურენტების მენეჯმენტი, ტექნოლოგიური შესაძლებლობები, ფინანსური რესურსები და მარკეტინგული სტრატეგიები; ბაზარზე პოზიციონირების სტრატეგიები: კომპანიამ შეიძლება აირჩიოს სამი ძირითადი გზიდან ერთ-ერთი:
1. დაბალი ხარჯების სტრატეგია: ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება ხარჯების მაქსიმალური ოპტიმიზაციის ხარჯზე.
2. დიფერენციაცია: უნიკალური მახასიათებლებისა და მაღალი ხარისხის შეთავაზება, რაც პროდუქტს გამორჩეულს ხდის.
3. ფოკუსირება ნიშაზე: ბაზრის მცირე სეგმენტის სიღრმისეული შესწავლა და მათზე მორგებული სპეციფიკური პროდუქტის შექმნა.
კონკურენტული უპირატესობა
ეს არის ის "უნიკალური ძალა", რაც თქვენს კომპანიას კონკურენტებისთვის მიუწვდომელს ხდის.
უპირატესობის წყაროები: უპირატესობა შეიძლება მომდინარეობდეს ეფექტური სარეკლამო კამპანიებიდან, ჩამოყალიბებული ბრენდის იმიჯიდან, მომხმარებლებთან არსებული მყარი ურთიერთობებიდან ან კვლევისა და განვითარების (R&D) მაღალი დონიდან; რესურსების ოპტიმიზაცია: უკეთესი თანამშრომლები ან წარმოების დაბალი ხარჯები ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას.
ფასდადება და დისტრიბუცია
პროდუქტის ღირებულება და მისი მიწოდების გზები პირდაპირ კავშირშია მომხმარებლის კმაყოფილებასთან.
ფასდადების ბალანსი: საფასო პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ორ ფაქტორს: რამდენად მგრძნობიარეა მომხმარებელი ფასის ცვლილების მიმართ (მყიდველის ხედვა) და ფარავს თუ არა ეს ფასი ხარჯებს საკმარისი მოგების მისაღებად (გამყიდველის ხედვა); დისტრიბუციის არხები: უნდა განისაზღვროს პროდუქტის მიწოდების ოპტიმალური გზები: საცალო მაღაზიები, საბითუმო ვაჭრობა, ინტერნეტ გაყიდვები თუ კარდაკარ მიწოდება; იმიჯთან შესაბამისობა: შერჩეული სადისტრიბუციო არხი უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის იმიჯს; მაგალითად, მაღალი კლასის კოსმეტიკის გაყიდვა კარდაკარ პრინციპით არ არის რეკომენდებული; ლოჯისტიკა და შეფუთვა: შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს პროდუქტის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და მომხმარებლამდე მის იდეალურ მდგომარეობაში მიტანას.
გაყიდვები და პრომოუშენი
კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის რეალიზაციას.
პრომოუშენის მიზნები: ბაზრის ინფორმირება პროდუქტის შესახებ, ბრენდის იმიჯის შექმნა და მომხმარებლისთვის სარგებლის ჩვენება; გაყიდვების მეთოდები: შეიძლება გამოყენებულ იქნას პირდაპირი ვიზიტები, სატელეფონო გაყიდვები, გამოფენებში მონაწილეობა ან ინტერნეტ რეკლამა; პასუხისმგებლობის განაწილება: მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, ვინ მართავს გაყიდვების პროცესს და ვინ არის პასუხისმგებელი საბოლოო შედეგებზე; ანგარიშსწორების პირობები: აუცილებელია კლიენტებისთვის გადახდის მკაფიო ვადებისა და პირობების შეთავაზება
ნაწილი 3. გარე ფაქტორები
ამ სექციაში განვიხილავთ იმ გარე ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ბიზნესზე.
დემოგრაფიული გარემო
აქ ბიზნესი აანალიზებს ვინ არის მომხმარებელი. ეს არის "მშრალი სტატისტიკა", რომელიც განსაზღვრავს ბაზრის პოტენციალს.
ასაკობრივი სტრუქტურა: მაგალითად, თუ მოსახლეობა ბერდება (როგორც ევროპაში), ბიზნესმა აქცენტი უნდა გააკეთოს ჯანდაცვასა და საპენსიო სერვისებზე. თუ მოსახლეობა ახალგაზრდაა (როგორც აფრიკის ქვეყნებში) - ტექნოლოგიებსა და განათლებაზე; ოჯახის სტრუქტურა: მარტოხელა ადამიანების რაოდენობის ზრდა ცვლის პროდუქტების შეფუთვას (უფრო მცირე ულუფები) და უძრავი ქონების ბაზარს (პატარა ბინები); ურბანიზაცია: ხალხი ქალაქში გადადის საცხოვრებლად თუ პირიქით? ეს გავლენას ახდენს ლოჯისტიკასა და რეკლამის განთავსებაზე
ეკონომიკური გარემო
აქ ბიზნესი აანალიზებს აქვს თუ არა მომხმარებელს ფული და რა ხარჯები ექნება თავად კომპანიას.
მსყიდველობითი უნარი: ინფლაციის დროს ფულის მსყიდველობითი უნარი ეცემა. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი უარს იტყვის ფუფუნების საგნებზე და გადავა აუცილებელ პროდუქტებზე; საპროცენტო განაკვეთები: თუ ბანკში სესხი ძვირია, ადამიანები ნაკლებად ყიდულობენ სახლებსა და მანქანებს, ბიზნესი კი ნაკლებ ინვესტიციებს აკეთებს; შემოსავლების განაწილება: არის თუ არა ქვეყანაში ძლიერი "საშუალო ფენა"? თუ მხოლოდ ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები არიან, ბიზნესს უწევს ან ელიტარულ სეგმენტზე მუშაობა, ან ძალიან დაბალფასიანზე.
სოციალურ-კულტურული გარემო
ეს ეხება ხალხის ცხოვრების წესს, რწმენებსა და გემოვნებას. ეს გარემო ყველაზე რთული დასანახია, მაგრამ ყველაზე მეტად ცვლის მოთხოვნას.
ღირებულებები: მაგალითად, ბოლო წლებში გაიზარდა გარემოსდაცვითი ცნობიერება ("Eco-friendly"). კომპანიები, რომლებიც პლასტმასს იყენებენ, კარგავენ მომხმარებელს; ცხოვრების ტემპი: ფასთ ფუდის პოპულარობა სწორედ დროის სიმცირემ და ცხოვრების სწრაფმა ტემპმა გამოიწვია; ტრადიციები და რელიგია: მაგალითად, კვების ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს მარხვის პერიოდები ან რელიგიური აკრძალვები
პოლიტიკურ-სამართლებრივი გარემო
ეს არის თამაშის წესები, რომლებსაც სახელმწიფო ადგენს.
რეგულაციები: მაგალითად, მონაცემთა დაცვის კანონები ცვლის იმას, თუ როგორ მუშაობენ IT კომპანიები; საგადასახადო პოლიტიკა: გადასახადების ზრდა პირდაპირ ამცირებს მოგებას; ოლიტიკური სტაბილურობა: ომის ან არჩევნების მოლოდინი ბიზნესს აიძულებს შეაჩეროს ინვესტიციები ("დალოდების რეჟიმი").
ტექნოლოგიური გარემო
ეს გარემო განსაზღვრავს როგორ იწარმოება და იყიდება პროდუქტი.
ინოვაციების ტემპი: თუ თქვენი კომპანია ვერ ეწევა ტექნოლოგიას (მაგალითად, როგორც Kodak-მა ვერ აუწყო ფეხი ციფრულ ფოტოგრაფიას), ის ბაზრიდან გაქრება; ავტომატიზაცია: ხელოვნური ინტელექტი და რობოტები ამცირებენ ხარჯებს, მაგრამ მოითხოვენ დიდ საწყის კაპიტალს; ონლაინ ვაჭრობა: ტექნოლოგიამ შეცვალა მომხმარებლის ქცევა - ხალხი ჯერ ინტერნეტში ეძებს შეფასებებს და მხოლოდ შემდეგ ყიდულობს.
ნაწილი 4. რისკები და ბენეფიტები
აღნიშნულ სექციაში მკითხველი იგებს, თუ რა რისკებს ხედავთ თქვენსავე ბიზნესში და რა შესაძლო მოგების ნახვაა შესაძლებელი.
ინვესტორებს ძირითადად ეშინიათ:
კომპანიის შემოსავლიანობის შემცირების; კომპანიის აქტივების გაუფასურების; კომპანიის გაკოტრების; რეპუტაციის დაკარგვის.
ინვესტორების პოტენციური ზარალი, როგორც წესი, შემოიფარგლება მათ მიერ გადახდილი თანხით.
ფინანსური დაგეგმარება
ეს სექცია განსაზღვრავს ბიზნესის მომგებიანობას და საჭირო რესურსებს.
ბიზნესის მომავალი მომგებიანობისა და ფინანსური რისკების ჩვენება; დამატებითი სახსრების საჭიროების განსაზღვრა (რა რაოდენობაა საჭირო, როდის მოხდება მათი დაბრუნება); ფინანსური უწყისები გამოიყენება ბიზნესის ეფექტურობის გასაანალიზებლად და ინვესტორების დასარწმუნებლად.
გასათვალისწინებელია, რომ ბიზნესის დასაწყისში ხარჯები ხშირად აჭარბებს შემოსავლებს. ადეკვატური რეზერვების გარეშე ფულადი სახსრების ნაკლებობამ შეიძლება ბიზნესის ადრეული შეწყვეტა გამოიწვიოს.
გაყიდვების და მოგების პროგნოზირება
საპროგნოზო გაყიდვები: გაყიდვები უნდა ეფუძნებოდეს პროდუქტის უპირატესობებს, ბაზრის ზომასა და თქვენს წილს. პირველი წლის გეგმა უნდა დაიყოს კვარტლებად, სეზონურობის გათვალისწინებით. რეკომენდებულია პესიმისტური, რეალისტური და ოპტიმისტური სცენარების შემუშავება; გეგმარების ვადები: ბიზნეს-გეგმა უნდა ფარავდეს მინიმუმ ოთხ წელს: პირველ ორ წელს მოსალოდნელი წმინდა ზარალით და მომდევნო ორ წელს — მოგებით. ეს მნიშვნელოვანია ინვესტორის ნდობისთვის.
პოტენციური ბენეფიტები
მომდევნო სექცია ეთმობა ფინანსურ დოკუმენტებს, სადაც დეტალურად უნდა ვაჩვენოთ ისტორიული, მიმდინარე და მომავალი შეფასებები
ფინანსური გეგმის არსი და ფუნქცია
ეს სექცია ბიზნეს გეგმის "ხერხემალია". მისი მიზანია დაამტკიცოს, რომ ბიზნესი იქნება მომგებიანი.
საჭიროებების განსაზღვრა: ზუსტად უნდა გაიწეროს, რა რაოდენობის თანხაა საჭირო, რისთვის დაიხარჯება ის და როდის დაიწყებს ინვესტიცია უკუგებას; რისკების მართვა: ფინანსური დოკუმენტები ეხმარება მენეჯერს დაინახოს, სად შეიძლება წარმოიქმნას პრობლემები (მაგალითად, ფულის ნაკლებობა).
ძირითადი ფინანსური დოკუმენტები
მოგება-ზარალის უწყისი (Income Statement)
ეს დოკუმენტი აჩვენებს კომპანიის საქმიანობის შედეგს გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
შემოსავლები: გაყიდვებიდან მიღებული თანხა; ხარჯები: წარმოების, ადმინისტრაციული და საოპერაციო ხარჯები; შედეგი: წმინდა მოგება ან ზარალი (შემოსავლებს გამოკლებული ხარჯები).
ფულადი ნაკადების უწყისი (Cash Flow Statement)
ბიზნესისთვის გადამწყვეტია არა მხოლოდ მოგება, არამედ რეალურად ხელზე არსებული ნაღდი ფულის რაოდენობა. ეს დოკუმენტი გვიჩვენებს, გვეყოფა თუ არა ფული ყოველდღიური გადასახადებისთვის.
შემოდინება: ფული გაყიდვებიდან, ინვესტიციებიდან ან სესხებიდან; გადინება: ხელფასები, ქირა, მასალების ყიდვა, ვალების გადახდა.
ბალანსის უწყისი
ეს არის კომპანიის ფინანსური “ფოტო” კონკრეტულ მომენტში. იგი ეყრდნობა ფორმულას: აქტივები=ვალდებულებები+საკუთარი კაპიტალი
ქტივები: რაც ბიზნესს ეკუთვნის (ნაღდი ფული, მანქანა-დანადგარები, მარაგი); ვალდებულებები: რაც ბიზნესს მართებს სხვების (ბანკის, მომწოდებლების); კაპიტალი: მფლობელების წილი ბიზნესში.
ფინანსური პროგნოზირების წესები
ვადები: გეგმა უნდა იყოს მინიმუმ 4 წლიანი. ტიპური სცენარია: პირველი 2 წელი - ზარალი (ინვესტიციის ფაზა), მომდევნო 2 წელი - მოგება; სცენარები: არ უნდა დავწეროთ მხოლოდ ერთი ციფრი. უნდა გვქონდეს სამი ვარიანტი:
1. პესიმისტური: "თუ საქმე ცუდად წავიდა".
2. მოსალოდნელი: "ყველაზე რეალური ვარიანტი".
3. ოპტიმისტური: "თუ ყველაფერმა იდეალურად იმუშავა".
ბიზნეს პროექტის შეფასების კრიტერიუმები
ინვესტორები იყენებენ კონკრეტულ ფინანსურ საზომებს, რათა გადაწყვიტონ, ღირს თუ არა პროექტში ფულის დაბანდება. ძირითადი მეთოდებია:
უკუგების პერიოდი (Payback Period): ეს არის დროის მონაკვეთი (წლები), რომელიც საჭიროა საწყისი ინვესტიციის ამოსაღებად; წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV): ეს მეთოდი ითვალისწინებს „ფულის დროით ღირებულებას“. ის მომავალში მისაღებ ფულად ნაკადებს აკონვერტირებს დღევანდელ ღირებულებაში და აკლებს საწყის ინვესტიციას. თუ NPV>0, პროექტი მომგებიანია. თუ NPV<0, პროექტი წამგებიანია; Internal Rate of Return (IRR): ეს არის პროცენტული განაკვეთი, რომლის დროსაც NPV ნულის ტოლია. რაც უფრო მაღალია IRR, მით უფრო მიმზიდველია პროექტი.
დაფინანსების მოთხოვნა
ბიზნეს გეგმის ეს ნაწილი ინვესტორს ეუბნება, კონკრეტულად რა გჭირდებათ მისგან:
დაფინანსების ტიპი: უნდა მიუთითოთ, გინდათ სესხი თუ გსურთ წილის დათმობა ინვესტიციის სანაცვლოდ; თანხის განაწილება: დეტალურად უნდა აღიწეროს, რაში დაიხარჯება ფული და რა გავლენას მოახდენს ეს ბიზნესის ზრდაზე.
ოქროს წესი: არასოდეს მოითხოვოთ იმაზე ნაკლები თანხა, ვიდრე რეალურად გჭირდებათ. სჯობს ცოტა მეტი გქონდეთ რეზერვში, ვიდრე შუა პროცესში ფული გამოგელიოთ და ხელახლა მოგიწიოთ თხოვნა.
რისკების მართვა
არ არსებობს ბიზნესი რისკის გარეშე. ინვესტორები აფასებენ თქვენს უნარს, წინასწარ დაინახოთ საფრთხეები:
რისკები უნდა შეფასდეს გულწრფელად; თითოეული რისკისთვის უნდა გქონდეთ მომზადებული გეგმა, თუ როგორ იმოქმედებთ მისი დადგომის შემთხვევაში.
ბიზნეს გეგმის გამარტივებული შაბლონი სტარტაპებისთვის
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში