Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ლიდერატორი: წარმატების გზა ბანკში – სანდროს ისტორია

გაიგე, როგორ ეხმარება საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა სტუდენტებს კარიერულ წინსვლაში. სანდრო გოცაძის წარმატებული გამოცდილება და მისი რჩევები.

საქართველოს ბანკის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება დასაქმების ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით, უკვე მეხუთე წელია, ბანკი სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში 200-მდე სტუდენტს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, ბანკის 40-მდე დეპარტამენტში მიეღო გამოცდილება და განევითარებინა პროფესიული უნარ-ჩვევები ტრენინგებითა და მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორობით. აღსანიშნავია, რომ ამ სტუდენტთა უმრავლესობამ პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა სწორედ საქართველოს ბანკში გააგრძელა.
ჩვენ დღეს ლიდერატორის ერთ-ერთ მონაწილეზე მოგიყვებით, სანდრო გოცაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფინანსების საერთაშორისო ფაკულტეტის მეოთხე კურსის წარმატებული სტუდენტია. წელს მან ACCA-ს საერთაშორისო საფინანსო სტანდარტების გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ერთ-ერთ მოდულში საქართველოში ყველაზე მაღალი ქულა მოიპოვა. ამ შედეგით ის მსოფლიოში 22-ე ადგილზეა.
რაც შეეხება ლიდერატორის პროგრამას, მან უნივერსიტეტიდან შეიტყო და მიხვდა, რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოეყენებინა.
„როდესაც უნივერსიტეტიდან მეილი მომივიდა ლიდერატორის პროგრამის შესახებ, მივხვდი, რომ ხელიდან არ უნდა გამეშვა ეს შესაძლებლობა.  მალევე დავინტერესდი და მთავარი ის იყო, რომ სამუშაო აღწერილობა პირდაპირ ემთხვეოდა ჩემს ინტერესებს. ამიტომ, ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია.” – სანდრო გოცაძე
მისივე თქმით, მოხარულია, რომ ტესტების, გასაუბრებებისა და პრეზენტაციების შემდეგ საქართველოს ბანკში აღმოჩნდა.
„ახლა ლიდერატორის პროგრამას კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგის მიმართულებით გავდივარ. უკვე მაქვს სამუშაო გამოცდილება კორპორატიული რისკების დეპარტამენტსა და გალტ & თაგარტში. ვმუშაობდი ფინანსურ მოდელებზე, ბაზრის კვლევებზე, კვარტალურ მიმოხილვებსა და რისკების ანალიზზე.”
როგორც თავად ამბობს, მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლება მეტად დატვირთოს საკუთარი გრაფიკი და მეტი ისწავლოს.
„დღის განმავლობაში გიწევს ძალიან კვალიფიციურ და გონება-გახსნილ ადამიანებთან კომუნიკაცია, ვისი ინტერესიც შენი განვითარებაა. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ კითხვაზე გაგეცემა პასუხი. ამისთვის რაც შეიძლება ბევრი კითხვა უნდა დასვა. ლოკალურ ბაზარზე, საქართველოს ბანკი ერთ-ერთი ტოპ ფინანსური ინსტიტუტია და შესაბამისად, პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმა მსგავს კორპორაციაში უდაოდ სანატრელი შესაძლებლობაა.
ყველაზე დიდი ბენეფიტი იმ ხალხის გაცნობაა, ვინც სამუშაო სივრცეში მუდამ გეხმარება, შენს განვითარებაზე ზრუნავს და ვისთან ერთადაც სამუშაო სივრცის გარეთაც საინტერესო გამოცდილებას შეიძენ. უნდა აღინიშნოს მენტორებისგან წამოსული ის ხელშეწყობა, რომელიც პროფესიულ და სტუდენტურ ცხოვრებას შორის ბალანსის დამყარებაში გეხმარება. ასევე, შემოთავაზებული როტაციები გამოცდილებას კიდევ უფრო დინამიურსა და მრავალფეროვანს ხდის.“
სანდროს თქმით, წარმატება არის ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა, თუნდაც ტრივიალურის.
„უფრო მასშტაბურ დონეზე თუ განვიხილავთ, მიმაჩნია რომ წარმატება უნივერსალურია იმ გაგებით, რომ ნებისმიერი ბექრაუნდის, შესაძლებლობების მქონე ადამიანისთვის არის მიღწევადი და არ არის აუცილებელი რომ ეს ყველაფერი მატერიალურ სიმდიდრეში ითარგმნებოდეს. ჩემთვის საკუთარი მიზნების, ღირებულებების შესაბამისად ცხოვრება არის ნამდვილი წარმატება, ასეთი წარმატებაა ლიდერატორიც.“ – ამბობს სანდრო 
ინფორმაციისთვის, ლიდერატორის პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკზე მორგებული. პროექტის ფარგლებში სტუდენტები, როტაციის პრინციპით, სხვადასხვა დეპარტამენტში იღებენ სამუშაო გამოცდილებას. რაც მთავარია, შესაძლებლობა აქვთ, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები ტრენინგებითა და მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორობით.

როგორ მივიღო ლიდერატორში მონაწილეობა?

ლიდერატორის პროგრამა ყოველწლიურად, წლის დასაწყისში ცხადდება და ამჟამად სტუდენტებს 12 პროგრამას სთავაზობს, რომელიც ბანკის მასშტაბით 40-მდე დეპარტამენტს მოიცავს. დამატებითი ინფორმაცია პროგრამა ლიდერატორის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: leaderator.bog.ge

პროგრამაში მონაწილეობა შეგიძლია თუ დამამთავრებელი (III, IV) კურსის სტუდენტი ხარ ან სწავლა 1-2 წლის წინ დაასრულე.

თუ არ გინდა მიღების გამოცხადება გამოგეპაროს, შეგიძლია, წინასწარ დატოვო რეზიუმე.

ლიდერატორზე უფრო დეტალურად სხვა ბლოგებში მოგიყვებით, მანამდე კი გადადი ბმულზე და აღმოაჩინე პროგრამის მიმართულებები.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს