საქართველოს ბანკმა Miami Ad School-ში სასწავლებლად ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია დააწესა. ამიერიდან, ყოველ წელს, ერთი ქართველი სტუდენტი მიიღებს შანსს Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ისწავლოს. სტიპენდია არის მათთვის, ვისაც საინტერესო იდეები აქვს და შესაძლებლობას ეძებს, შემოქმედებით სფეროში განათლება და გამოცდილება მიიღოს. ის ვინც, სტიპენდიას მოიპოვებს, შეეძლება Art Direction-ის, Copywriting-ისა თუ Creative Technology 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლოს.
Miami Ad School ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. ის აერთიანებს 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით.
“საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტი განათლების მხარდაჭერაა ამ შემთხვევაში კი, კრეატიული ინდუსტრიის. სწორედ ამ მიზნით და Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, 2019 წელს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია დაარსდა. ნიკა 2014-2016 წლებში თავად სწავლობდა Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით. გვინდოდა ნიკას სურვილი აგვესრულებინა და მეტ ქართველს ჰქონოდა შესაძლებლობა ესწავლა MASE-ში “,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის კრეატიული დირექტორი, ნიკა გუჯეჯიანი Miami Ad School-ის კურსდამთავრებულია და როგორც თვითონ ამბობდა: “ეს სკოლა იმისთვისაა, რომ რაც იცი, იმის გამომჟღავნების ნაცვლად, აქ უნდა ისწავლო ის, რაც არ იცი და შექმნა ნამუშევრების პორტფოლიო..”