2 წუთი წასაკითხად
შენ ამას შეძლებ: 2026 წლის შესაძლებლობები უსაზღვროა
25 დეკ. 2025
2 წუთი წასაკითხად
წლის დასასრულს თავისი მაგია აქვს – ეს ის დროა, როცა განვლილ გზას ვაფასებთ და ახალი მიზნებისთვის ვემზადებით. უკვე წლებია, საქართველოს ბანკის საახალწლო კამპანიაც ამ მაგიური პროცესის ნაწილია.
ახალი წლის კამპანიები საქართველოს ბანკში განსაკუთრებით გვიყვარს და მათ, მომხმარებლებთან ერთად, ჩვენც სულმოუთქმელად ველოდებით. ეს არის შესაძლებლობა, დავიწყოთ მზადება ახალი წლისთვის – ახალი ენერგიით, ახალი შემართებით და არგაჩერების იდეით
– მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი
წლევანდელი საახალწლო ვიდეორგოლი გამორჩეულ ქართველ ემიგრანტზე, გრიგოლ კობახიძეზეა (ჯორჯ კობი), რომელმაც მე-20 საუკუნის ამერიკაში ახალი წელი გააფერადა და დაამტკიცა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
კამპანიის მთავარ იდეაზე სარეკლამო სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი, ეკა ყიფიანი გვიყვება:
ჯორჯ კობიმ, იგივე გრიგოლ კობახიძემ, წარმოუდგენლად საინტერესო გზა გაიარა. მან იმაზე მეტი რამე შეძლო, ვიდრე ერთი ადამიანის ბიოგრაფიაში უნდა ეტეოდეს, და მაინც, მასზე ბევრმა საერთოდ არ ვიცით. წელს გვინდა, ეს შეიცვალოს.
ვიდეო შავ-თეთრ ქალაქში ფერადის გაჩენის ამბავს ყვება, რაც ალეგორიულია, თუმცა კობის რეალური ამბებით შთაგონებული. და კი, ნამდვილად ღირს, შეეჭიდო ყველაზე საინტერესო ამბებს და დაუმიზნო ერთი შეხედვით მიუღწეველ მიზნებს.
– ეკა ყიფიანი, Supermarket-ის თანადამფუძნებელი
რაჭის სოფელ თხმორიდან ამერიკაში ჩასულმა ჯორჯ კობიმ შეძლო და საკუთარი სახელი შობის სიმბოლოდ აქცია. ყველაფერი მისი გამოგონებით, ნაძვის ხის ნათურებით დაიწყო, რომელმაც სანთლები ჩაანაცვლა.
კობის სიახლე იმდენად სწრაფად იქცა ტრადიციად, რომ ამერიკაში გაჩნდა ფრაზა: Christmas is Coby (შობა არის კობი)
ეს წარმატება მხოლოდ დასაწყისი იყო. კობის ხედვის ლოგიკური გაგრძელება იყო 1919 წელს, მასაჩუსეტსში დაარსებული კომპანია, Coby Glass Products Company, რომელმაც მომავალში კიდევ არაერთი ინოვაციური პროდუქტი შექმნა.

რატომ „შენ ამას შეძლებ“?
გრიგოლ კობახიძემ შეცვალა არა მხოლოდ ინდუსტრიები, არამედ წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის შესაძლებელი. ისტორია, რომელიც კამპანიის შთაგონებად იქცა, ყველაზე კარგად გვაჩვენებს, რომ წარმატება პროცესია – მუდმივი ძიება, ცდა და, რაც მთავარია, არგაჩერება.
ამ გზაზე კი ზოგჯერ დგება მომენტები, როცა ერთი მარტივი, მაგრამ ძლიერი შეხსენება გჭირდება: შენ ამას შეძლებ
წელსაც, ჩვენი საახალწლო რგოლის მთავარ სათქმელამდე ბრენდის ღირებულებების გავლით მივედით – გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ადამიანებს, სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. ამ პროცესში კი ვფიქრობთ, თავდაჯერება უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, წლევანდელი მოწოდება იყოს შეხსენება, “შენ ამას შეძლებ”
– მარიამ ცანავა
ეს ამბავი გვახსენებს, რომ არ არსებობს იდეა, რომელიც ზედმეტად თამამია, ან ოცნება, რომელიც ზედმეტად დიდია. რაც არ უნდა წამოიწყო, შენ ამას შეძლებ, შესაძლებლობები უსაზღვროა!
მადლობას ვუხდით კამპანიის შექმნაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, ჩვენს გუნდს, სააგენტო Supermarket-ს და ყველა მომხმარებელს, რომელიც ამ რგოლს ნახავს და იმავე ემოციით აივსება, როგორითაც ჩვენ ვიყავით შექმნის პროცესში
– მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი