Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ალპებზე მაღალი მწვერვალები და მინერალური ტბები - აღმოაჩინე ყაზბეგის ეროვნული პარკი

ყაზბეგის ეროვნული პარკი მათთვისაა, ვინც აღმოჩენების გზაზე არ ჩერდება, განსაკუთრებით ზამთარში. თოვლში ჩაფლული მაღალი მთებისა და ციცაბო ფერდობების, მყინვარებისა და ჩანჩქერების, მინერალური ტბებისა და მისტიკური ღრმა ხეობების აღწერა სიტყვებით შეუძლებელია; მაგრამ ამ ბლოგში მაინც ვეცდებით, მათ შესახებ ცოტა უფრო მეტი გიამბოთ და მომავალი მოგზაურობისთვის მოგამზადოთ.

საქართველოს ბანკი საქართველოს დაცული ტერიტორიების მხარდამჭერია 2010 წლიდან

რატომ ყაზბეგის ეროვნული პარკი და რატომ ზამთარში?

იცოდი, რომ მყინვარის თეთრი მწვერვალი ალპების მონბლანზე მაღალია ან ის, რომ თრუსოს ხეობა, თერგს რომ მიუყვება, არაერთ უნიკალური მინერალური ტბას მოიცავს?!

ყაზბეგის ეროვნული პარკის უნიკალურ ბუნებრივ ლანდშაფტში ერთმანეთს მაღალი მთები და გაშლილი მინდვრები, ციცაბო ფერდობები და ღრმა ხეობები მეზობლობენ. აქაურობის აღმოჩენა, მართლაც, უსასრულო პროცესია.

პარკი 2007 წელს შეიქმნა 1976 წელს დაარსებული ნაკრძალის საფუძველზედა მისი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ალპურია, ყველაზე დაბალი წერტილი კი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს.

მაღალმთიან რეგიონში ზამთარი განსაკუთრებით მკაცრი და თან ამასთან, წარმოუდგენლად მისტიკურია. თოვლში ჩაძირული ლანდშაფტი აღმოჩენის პროცესს განსაკუთრებით საინტერესოს გახდის. ვიზიტორთა უსაფრთხოებაზე ველზე პარკის რეინჯერები ზრუნავენ.

რა უნდა ნახო ყაზბეგის პარკში აუცილებლად?

სანახავი ბევრია და თან, არა მარტო მშვენიერი ბუნება და ისტორიულ-კულტურული ძეგლები, არამედ ადგილობრივი ხევის წეს-ჩვეულებები, მოხევეების ცხოვრების სტილი და განსაკუთრებული ტრადიციები აღმოჩენისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის.

თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა ვიზიტორთათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და აღმოჩენებით სავსე მიმართულებაა. ხეობა მდინარე თერგს მიუყვება და ცნობილია თავისი ფერადი ტრავერტინებით,  მინერალური წყაროებით, ალპური ლანდშაფტითა და ისტორიული ნასოფლარებით. თრუსოს მინერალური წყლები რკინითაა გაჯერებული და მიწას მოწითალო, ნარინჯისფერ ელფერს აძლევს, რაც ხეობას თითქმის არარეალურ იერს ანიჭებს. ეს წყაროები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო, ისე საყოფაცხოვრებო დანიშნულებით.

დარიალის ხეობა

დარიალის ხეობა ყაზბეგის ეროვნული პარკის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და თან, ბუნებრივად დრამატული სივრცეა. აქ ვიწრო კანიონები, ციცაბო კლდეები და მოულოდნელად გადაშლილი თვალწარმტაცი ხედები ერთმანეთს დინამიკურად ცვლის.

ისტორიულად დარიალი საქართველოს კარიბჭედ მიიჩნეოდა და კავკასიას ჩრდილოეთს აკავშირებდა.

გველეთის ჩანჩქერი

გველეთის ხეობაში ულამაზესი დიდი და პატარა ჩანჩქერის მონახულება მოკლე, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი საფეხმავლო მარშრუტით არის შესაძლებელი. ჩანჩქერამდე მიმავალი ბილიკი ვიწრო ხეობაში გადის, სადაც მაღალი კლდეები და ხმაურიანი ნაკადულები გაგაცილებენ.

ზამთარში გველეთის ჩანჩქერი სრულიად სხვა განზომილებაში გადადის – ხელოვნების ნიმუშად იქცევა, სადაც ყინვა და წყალი მთავარი მოქანდაკეები ხდებიან. თუ გაგიმართლებთ, გზად ხეობის ციცაბო კლდეებზე მობინადრე ჯიხვებსაც შეგიძლიათ, შეავლოთ თვალი.

ადგილობრივი სამზარეულო

ტრადიციული კერძების გარეშე მაღალმთიანი რეგიონის აღმოჩენა შეუძლებელია. თან, ყაზბეგის მთებში გატარებული თოვლიანი ცივი დღის მოხეური ხინკლის, მხლოვანის, ხაბიზგინას და სხვა ადგილობრივი კერძების დაგემოვნების გარეშე დასრულება, ცოტა რთული წარმოსადგენია.

და ბოლოს

ყაზბეგის ეროვნული პარკის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომელიც პასუხისმგებლობიანი მოგზაურობით იწყება და მხარდაჭერის მრავალ სხვა ფორმას აერთიანებს. საქართველოს ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან პარტნიორობით დაცულ ტერიტორიებზე ზრუნვის მისიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უნიკალურ ეკოსისტემებზე  გაფრთხილებით ვინარჩუნებთ სივრცეებს, სადაც აღმოჩენები არასდროს სრულდება.

საქართველოს ბანკი მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად ზრუნავს არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოს ქმნიან, არამედ ბუნებაზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგანძურია. საქართველოს ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით 2010 წლიდან ზრუნავს ქვეყნის 18 დაცულ ტერიტორიაზე, რათა შენარჩუნდეს ეკოსისტემა, განვითარდეს ეკოტურიზმი და შესაბამისად, გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს