Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ყაზბეგი - მეტი, ვიდრე მწვერვალები | დაცული ტერიტორიების გლობალური მისია

საქართველოს დაცული ტერიტორიები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი ხედები, ტურისტული ბილიკები ან უსაზღვრო მწვერვალები. ეს ტერიტორიები ათასობით წლის განმავლობაში კულტურულ-ეკოლოგიური პროცესებით შექმნილ ცოცხალ სისტემას მოიცავს და რეგიონის ბიომრავალფეროვნებასა და ეკოლოგიურ სიჯანსაღეს განსაზღვრავს.

საქართველოს ბანკი საქართველოს დაცული ტერიტორიების მხარდამჭერია 2010 წლიდან

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით 2010 წლიდან ზრუნავს ქვეყნის 18 დაცული ტერიტორიის დაცვა-შენარჩუნებაზე.

კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორთან, თეა ბარბაქაძესთან საუბრისას ბევრი რამ შევიტყვეთ საქართველოს დაცული ტერიტორიების, განსაკუთრებით კი ყაზბეგის ეროვნული პარკის ეკოსისტემის შესახებ.

გავიგეთ, რა გლობალურ ღირებულებას ატარებს ყაზბეგის ლანდშაფტი და რა გამოწვევების წინაშე დგას. ამასთან, ბუნებაში პასუხისმგებლობიანი მოგზაურობის შესახებაც მივიღეთ ინფორმაცია და ყაზბეგის ეროვნულ პარკში თეას საყვარელი ადგილების შესახებაც. ამ ბლოგში ყველაფერ ამაზე და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე წაიკითხავ.

ყაზბეგის ეროვნული პარკის მნიშვნელობა

თეა გვიყვება, რომ ყაზბეგის ეროვნული პარკი დიდი კავკასიონის მაღალმთიანი ლანდშაფტებისა და იქ გავრცელებული სახეობების დაცვა-შენარჩუნების მიზნით შეიქმნა. ტერიტორიის უნიკალური ეკოსისტემა რეგიონის კლიმატის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი ლანდშაფტისა და ეკოსისტემის შენარჩუნება-გაფრთხილება.

ეს კომპლექსური პროცესი, კონსერვაციულ ღონისძიებებთან ერთად, ადგილობრივ თემებთან აქტიურ თანამშრომლობასაც მოიცავს.

მნიშვნელოვანია ბუნებრივი და ტრადიციულად ჩამოყალიბებული ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ჰარმონიული თანაარსებობის ხელშეწყობა, რაც თავისთავად გულისხმობს კომუნიკაციას და თანამშრომლობას ადგილობრივ თემებთან
– თეა ბარბაქაძე, კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორი

კლიმატური ცვლილებების და პარკის გამოწვევები

ყაზბეგის ეროვნული პარკის წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევა გლობალური კლიმატის ცვლილებაა. დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია მყინვარების დნობის პროცესზე ცოცხალ რეჟიმში დაკვირვება, დროულად რეაგირება და პრევენციული სამუშაოების განხორციელება.

ეს მისია უმნიშვნელოვანესია ცვალებად ეკოლოგიურ გარემოსთან ადაპტირების პროცესში.

პარკის ადმინისტრაციის დახმარებით, CNF ხელს უწყობს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე პროცესების ეფექტურად წარმართვას, მონიტორინგსა და მონაცემთა შეგროვებას
– თეა ბარბაქაძე

მხარდაჭერის მნიშვნელობა და საერთო მიზნები

ადგილობრივი ეკოსისტემის დაცვისა და გაფრთხილებისათვის ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ თანამშრომლობის წყალობით ფონდმა შეძლო გარემოსდაცვითი საკითხების გარშემო სახელმწიფო და კერძო სექტორები გაეერთიანებინა.

საქართველოს ბანკისა და კავკასიის ბუნების ფონდის 16-წლიანი თანამშრომლობა კერძო და გარემოსდაცვით სექტორებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, არამხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონულ დონეზეც 
– თეა ბარბაქაძე

ყაზბეგის ეროვნული პარკი და უსასრულო აღმოჩენების გზა

ყაზბეგის ეროვნული პარკის თვალწარმტაცი ლანდშაფტი უამრავი იშვიათი სახეობის საარსებო გარემო – ჰაბიტატია. არც ის იცის ბევრმა, რომ ჭაღარა მყინვარწვერი ალპების მონბლანზე უფრო მაღალია. ზამთრის ყაზბეგი კი აღმოჩენის უსასრულო შესაძლებლობებს გვთავაზობს.

მოგზაურებს ვურჩევ, თრუსოს და დარიალის ხეობები მოინახულონ, ნახონ გველეთის ჩანჩქერი და ახლო-მახლოს იქნებ, ჯიხვებსაც შეავლონ თვალი ციცაბო კლდეებზე
– თეა ბარბაქაძე

მეტი ყაზბეგში აღმოსაჩენ ადგილებზე აქ წაიკითხე.

იმოგზაურე და დაიცავი ბუნებაში ქცევის წესები

უმნიშვნელოვანესია გვახსოვდეს, რომ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა პასუხისმგებლობასაც მოიცავს – ბუნება ცოცხალი ორგანიზმია თავისი წესებით, რომლებსაც აღმოჩენების გზაზე აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი. პასუხისმგებლობის გააზრება და დაცულ ტერიტორიებზე ქცევის წესების პატივისცემა ჩვენი უსაფრთხოების გარანტიცაა და დაუვიწყარი, ჰარმონიული მოგზაურობის წინაპირობაც.

გვახსოვდეს, ყოველი ვიზიტის შემდეგ მოსულ ახალ სტუმარსაც უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ შეაგროვოს უნიკალური მოგონებები და შთაბეჭდილებები, ამიტომ  ნუ დატოვებთ თქვენს კვალს ბუნებაში 
– თეა ბარბაქაძე


საქართველოს ბანკი მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად ზრუნავს არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოს ქმნიან, არამედ ბუნებაზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგანძურია. საქართველოს ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით 2010 წლიდან ზრუნავს ქვეყნის 18 დაცულ ტერიტორიაზე, რათა შენარჩუნდეს ეკოსისტემა, განვითარდეს ეკოტურიზმი და შესაბამისად, გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს