Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

„ეჭვებს ფიქრით ვერ გააქრობ, ერთადერთი გზა მოქმედებაა“ – არქიტექტორ ბექა ფხაკაძის რჩევები

საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელშეწყობა და ახალი თაობის პროფესიონალების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არქიტექტურას.

თუ გაინტერესებს ეს პროფესია, კარიერულ არჩევანზე, განათლების მნიშვნელობასა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხარ ჩაფიქრებული, სწორ ადგილას მოხვდი, ამ ბლოგში არქიტექტორი ბექა ფხაკაძე პროფესიულ რჩევებს გაგიზიარებს.

მისი გამოცდილება და ხედვა ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებსაც ახალგაზრდები კარიერის დასაწყისში აწყდებიან.

ბექას აზრით, ყველაზე მთავარ უნარს, თავდაჯერებულობას, განათლება განიჭებს.

თავდაჯერებულობა კი, თავის მხრივ, მოგცემს თავისუფლებას და გაგიქრობს იმ უხილავ ბარიერებს, რომლებსაც ხშირად სწორედ უცოდინარობა იწვევს. ამიტომ, არასდროს შეწყვიტო სწავლა და სვლა შენი მიზნებისკენ
– ბექა ფხაკაძე.

კარიერული თუ ცხოვრებისეული გზის დასაწყისში ბევრი კითხვა და გაურკვევლობა კი სრულიად ბუნებრივია:

ეჭვებს ფიქრით ვერ გააქრობ. ერთადერთი გზა მოქმედებაა, რათა დაინახო, ცდებოდი თუ არა

განათლებაზე საუბრისას არქიტექტორი ხაზს უსვამს იმას, რომ თეორიული ცოდნის პარალელურად, პრაქტიკული გამოცდილება წარმატებისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით ისეთ პროფესიაში, როგორიცაა არქიტექტურა.

ყველაზე რეალურ გაკვეთილებს სწორედ პრაქტიკიდან შეისწავლი, ნუ შეუშინდები შეცდომებს. მე თუ მკითხავ, თუ შეცდომებს არ უშვებ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ნელა სწავლობ

წარმატების გზაზე ბევრ რჩევას მოისმენ, თუმცა მათგან მხოლოდ რამდენიმეა ისეთი, რომელიც ნამდვილად გამოგადგება. ბექას ზუსტად ასეთი რჩევა აქვს მათთვის, ვინც საკუთარი ოცნებების ასრულებას სერიოზულად გეგმავს.

არ აქვს მნიშვნელობა, დღეს რამდენს იმუშავებ, რამდენს მიაღწევ ან რამდენად ნიჭიერი ხარ. თუ არ გაქვს დისციპლინა და არ ხარ თანმიმდევრული, ყველაფერი დროებითია და მალე გაივლის. ამ გზაზე კი თანმიმდევრულობა და დისციპლინაა ის, რასაც საბოლოო შედეგამდე მიჰყავხარ

მართლაც, დისციპლინა ის იშვიათი დამხმარე მექანიზმია, რომელიც საკუთარი არჩევანის სისწორეში დაგარწმუნებს. თუ ბოლომდე, თავდაუზოგავად მიჰყვები იმას, რაც გიყვარს და პროფესიულ ცნობისმოყვარეობას ცხოვრების წესად აქცევ, წარმატება აუცილებლად მოვა.

და ბოლოს, თუ კარიერულ გზაჯვარედინზე ბიძგი გჭირდება, ბექას კიდევ ერთ რჩევას მოუსმინე.

გაჰყევი იმას, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გსიამოვნებს

საქართველოს ბანკი კი შენს გვერდით იგულე. ჩვენ გვჯერა, რომ განათლება, დისციპლინა და საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობა ის ფუნდამენტია, რომელზეც ყველაზე მყარი და საინტერესო მომავალი შენდება.


ქართულ არქიტექტურულ მომავალზე ზრუნვა საქართველოს ბანკმა სიმბოლურად გიორგი ჩახავას დაუკავშირა. ბანკის სათავო ოფისის გამორჩეული არქიტექტურაც, წარსულში საავტომობილო გზების სამინისტრო შენობა, ამ ინოვატორი არქიტექტორის აგებულია. 

შენობა საბჭოთა მოდერნიზმისა და ბრუტალიზმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ ძეგლად ითვლება მთელ მსოფლიოში. მასზე ხშირად წერენ წამყვანი საერთაშორისო არქიტექტურული ჟურნალები და გამოცემები, მათ შორის: The New York Times, ArchDaily და ა.შ.

გიორგი ჩახავა არქიტექტურისა და რთული რელიეფის ურთიერთმიმართებას იკვლევდა. ჩახავამ არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო არქიტექტურაში დატოვა წარუშლელი კვალი და დაამტკიცა, რომ მასშტაბური მშენებლობა გარემოსთან ჰარმონიულადაცაა შესაძლებელი.

საქართველოს ბანკის  გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია ხელს უწყობს ახალგაზრდა ქართველ არქიტექტორებს, საკუთარი ინოვაციური სტილი იპოვონ. თუ გიორგი ჩახავას მემკვიდრეობით დაინტერესდი, ამ ბლოგს გაეცანი.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებსაც გადახედე და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს