Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

გამოუცხადე ნდობა საკუთარ თავს… – მედეა ტაბატაძის წერილი საკუთარ 19 წლის თავს

19 წლის ხარ, ჯერ ახლა შეაბიჯე ზრდასრულობის ასაკში, საზოგადოება შენგან დიდ გადაწყვეტილებებს ელის, შენ კი, ხშირ შემთხვევაში, ჯერ ისიც არ იცი, ზუსტად რა გინდა. ამ დროს ყველაზე მარტივი სხვისი რჩევების მიყოლაა და ალბათ, ყველაზე არასწორიც. 

სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი სწორი გზის პოვნა, რაშიც განათლება და პროფესიული არჩევანი გადამწყვეტ როლს თამაშობს. რადგან საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შეიქმნა ვიდეოსერია – წერილი საკუთარ თავს. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები თავიანთ 19 წლის ვერსიებს უზიარებენ გამოცდილებას და აძლევენ რჩევებს, რომლებიც მათ თავის დროზე ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

სერიაში ამჯერად მედეა ტაბატაძის ისტორიას გაგიზიარებთ. მედეა ტაბატაძე კომპანია ინსორსის მმართველი პარტნიორი და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტია.

მთავარი რჩევა? გამოუცხადე ნდობა საკუთარ თავს

რომ მკითხოთ, რა არის ის ერთი ჩვევა, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტი რამ შეცვალა, დაუფიქრებლად გიპასუხებთ: ჯერ საკუთარი თავის იმედად უნდა იყო და მხოლოდ ამის მერე შეგიძლია, სხვების მხარდაჭერას დაელოდო.

ჩემს 19 წლის თავსაც, პირველ რიგში, ამას ვურჩევდი. საკუთარი თავის ნდობა უმნიშვნელოვანესია. მხოლოდ სხვების დახმარების იმედად ყოფნით, ადრე თუ გვიან, სხვების ტვირთი გახდები. სჯობს, საკუთარ თავს დაეყრდნო, მთავარი საძირკველი შენ ჩაყარო და მერე სხვა ადამიანებსაც გაუჩნდებათ შენი დახმარების სურვილი.

გამოუცხადე ნდობა საკუთარ თავს!

არ მოუსმინო, რა არის „მოთხოვნადი“

19 წლის ასაკში ბევრი ეჭვი გაწუხებს. გეშინია, რომ არასწორ გზას აირჩევ. თითქოს, სხვებიც შენს მაგივრად ფიქრობენ, გაძლევენ რჩევებს და ჩაგჩიჩინებენ, რომელი პროფესიებია მოთხოვნადი და პერსპექტიული. რომ შემეძლოს, ჩემს 19 წლის ვერსიას მხარზე ხელს მოვხვევდი და ვეტყოდი:

საერთოდ არ მოუსმინო იმას, თუ რა პროფესიებია მოთხოვნადი. ისწავლე ან აკეთე ის, რაც მართლა გინდა.

რაც შეეხება კარიერას, რაც უფრო მეტი პროფესია გექნება ცხოვრებაში, მით უკეთესია. არ არის სავალდებულო, 19 წლისამ მთელი ცხოვრების გზა ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრო. ამიტომ, ჯერ ერთი პროფესიით დაიწყე, მიჰყევი მას, დააკვირდი პროცესს და მერე აღმოაჩენ, კიდევ რა გაინტერესებს.

სწავლა, როგორც ცნობისმოყვარეობის ხელოვნება

რა როლი ითამაშა სწავლამ ჩემს პიროვნულ თუ პროფესიულ გზაზე? მან მასწავლა ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რომ ცნობისმოყვარეობა ცხოვრებაში ჩემი მთავარი საწვავია. ის სულ მეხმარება, მივაგნო იმას, რაც რეალურად მაინტერესებს და მიყვარს; იმას, რაც მეხერხება. რაც შეეხება სწავლის პროცესს, აქ აუცილებლად ცნობისმოყვარეობა უნდა იყოს შენი მეგზური, სხვანაირად არ გამოდის.

თუ მართლა გინდა, რომ რაიმე ისწავლო, კი არ დაიზეპირო, გაიაზრე! წაიკითხე, წარმოიდგინე, თვალსაჩინო გახადე გონებაში ის, რასაც სწავლობ. დაზეპირებული ინფორმაცია მალევე ქრება, გააზრებული კი შენი პიროვნების ნაწილი ხდება.

ერთი მთავარი გაკვეთილი

წარმატების გზა შეცდომების გარეშე არ არსებობს. ჩემს გზაზეც ბევრი გაკვეთილი იყო, მაგრამ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, კომუნიკაციას და საკუთარი აზრის დაცვას ეხება.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეცდომებმა მასწავლა, არის ის, რომ ვიდრე რამის მტკიცებასა და დასაბუთებას დავიწყებ, აუცილებლად უნდა გადავამოწმო ინფორმაცია. ახალგაზრდულ ენთუზიაზმს ხშირად მივყავართ იქამდე, რომ ემოციურად ვიცავთ პოზიციას, რომელიც, შესაძლოა, მცდარ ფაქტებს ეფუძნებოდეს. ამიტომ, გადამოწმება, არგუმენტების გამყარება სიმშვიდის და პროფესიონალიზმის მთავარი ინდიკატორია.

საბოლოო ჯამში, 19 წელი ზუსტად ის დროა, როცა უნდა ეძიო, დაუშვა შეცდომები, არ შეწყვიტო სწავლა და დაეყრდნო საკუთარ თავს.

ამ მნიშვნელოვან და საინტერესო გზაზე კი საქართველოს ბანკი შენი სანდო პარტნიორია. 

განათლების გზაზე არ გაჩერდე!

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს