Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

დამოუკიდებელი საბანკო გამოცდილება ყველასთვის: საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას

საქართველოს ბანკისთვის ხელმისაწვდომობა მხოლოდ ტექნიკური ადაპტაცია არ არის. ეს მომხმარებლის უფლებების პატივისცემას, თანასწორი შესაძლებლობების შექმნასა და ინკლუზიური გარემოს განვითარებას ნიშნავს. მაგალითად, როცა ხელშეკრულების გასაფორმებლად მოწმე გჭირდება, ეს დამოუკიდებლობას გიზღუდავს, რადგან შენს ფინანსურ გადაწყვეტილებაში სხვა ადამიანი ერევა.

ფინანსური ინკლუზია მხოლოდ სერვისებზე წვდომას არ ნიშნავს. ის ნიშნავს შესაძლებლობას, ადამიანმა დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ფინანსები, მიიღოს გადაწყვეტილებები და სრულფასოვნად ჩაერთოს ეკონომიკურ ცხოვრებაში.
– ამბობს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG მიმართულების ხელმძღვანელი

სერვისები, რომლებიც უსინათლოებისთვის და მცირემხედველი ადამიანებისთვის შეიქმნა

ამ ხედვით, საქართველოს ბანკმა ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და, რაც მთავარია, თავად უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა თემთან ერთად, სერვისების სრული ტრანსფორმაცია დაიწყო.

დღეს საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისის ყველა რაიონშია მინიმუმ ერთი სრულად ადაპტირებული ფილიალი ტაქტილური ბილიკებითა და პირადი მომსახურების ოთახებით. ქვეყნის მასშტაბით 300 ბანკომატი აღიჭურვა ხმოვანი ინსტრუქციებითა და ეკრანის ავტომატური დაბურვის ფუნქციით, რაც სრულ კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს.

მთავარი გარღვევა კი ხმოვანი ხელმოწერის ტექნოლოგიაა. ოპერატორისთვის ნაცნობ „პრინტ“ ღილაკის გვერდით გაჩნდა „გახმოვანების“ ღილაკი. მისი გამოყენებით, უსინათლო და მცირემხედველი მომხმარებელი ნებისმიერი დოკუმენტის პირობებს ისმენს, რის შემდეგაც, ხელის მოწერის ნაცვლად, თანხმობას სიტყვიერად აფიქსირებს. ეს პროცესი ვიდეო და აუდიო ფორმატში იწერება და იურიდიული ძალის მქონე ხელმოწერას უტოლდება.

POH: როცა სამყაროს სხვისი სმენით აღიქვამ

იმისთვის, რომ ეს გამოწვევები ყველასთვის გასაგები გამხდარიყო, საქართველოს ბანკმა Joyboy-სთან და Postred-თან ერთად უნიკალური აუდიო-გამოცდილება – POH (Point of Hearing) შექმნა. ეს არის POV-ის (Point of View) ხმოვანი ანალოგი, რომელიც საშუალებას გაძლევს, სამყარო ისე აღიქვა, როგორც უსინათლო ადამიანს ესმის.

JoyBoy-ს და შშმ თემს უკვე უამრავი პროექტი დაგვიგროვდა ერთად. პირველ რიგში, უამრავი მეგობარი შევიძინეთ და ამან უნებურად ჩვენი სამუშო რეჟიმის კონსულტანტებადაც აქცია ისინი. ამ კამპანიის კონცეპტიც ერთ-ერთი განხილვისას გაჩნდა, როდესაც გვითხრეს რომ რთულია გესმოდეს მათი გამოცდილების და შემდგომ გადავწყვიტეთ რომ მოგვესმინა, მართლა: ყველას გამოგვეცადა. ამიტომ პოსტრედთან დავპარტნიორდით და POV-ის ხმოვანი ალტერნატივა შევქმენით: POH – Point Of Hearing. სთორითელინგის ფორმა მოვიფიქრეთ. შემდგომ, ხმა ჩავწერეთ სეისმოლოგიური მიკროფონებით (მიწისძვრებს რომ ზომავენ) და ასევე ცალკე მიკროფონები დავამაგრეთ ადამიანებს ყელის დაბლა, რადგან ნამდვილად ის ხმა მიგვეღო, რაც, ზოგადად, ადამიანს ფიქრისას ესმის. ყველა ეს აუდიო გამოცდილება შევკარით და ახალი ტექნოლოგია გამოვიგონეთ, რათა ისეთი ბინალური საუნდი გამოსულიყო, რომლის მოსმენისასაც ზუსტად იგივე გამოცდილებას იღებ, როგორიც მხედველობა შეზღუდული პირის ყოველდღიურობაა.
– JoyBoy-ს გუნდი

თუმცა, ბანკის როლი მხოლოდ საკუთარი სერვისების გაუმჯობესებით არ შემოიფარგლება. იმისთვის, რომ სხვა კომპანიებსაც გაუმარტივდეთ გარემოს ადაპტირება, საქართველოს ბანკმა მთელი თავისი გამოცდილება და მიგნებები შეკრიბა გზამკვლევში, რომელიც სხვა ბიზნესებს დაეხმარება, საკუთარი სივრცეები უფრო ინკლუზიური გახადონ.

საბოლოოდ, წარმატება იმით კი არ იზომება, რამდენი ადამიანი სარგებლობს სერვისით, არამედ იმით, შეუძლია თუ არა თითოეულ მათგანს ამის გაკეთება დამოუკიდებლად, ღირსეულად და თანაბარ პირობებში. ეს არის ნაბიჯი გარემოსკენ, სადაც ბარიერები ადამიანის შესაძლებლობებს ვეღარ განსაზღვრავს.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს