Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

„მარტო თამაში მოსაწყენია“: როგორ შეიქმნა თამაშობანა, ბავშვების საყვარელი სივრცე 

ბავშვების ყველაზე ლაღი მოგონებები თამაშით იწყება. სწორედ ამ იდეითა და 16 სამაგიდო თამაშით გაჩნდა თამაშობანაც – დღეს უკვე ყველაზე დიდი საბავშვო მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში.

თუ თქვენც ეძებთ გზას, როგორ აქციოთ გულწრფელი იდეა წარმატებულ ბიზნესად ისე, რომ არ დაკარგოთ მისი მთავარი საწყისი, ნაუ სონღულაშვილისა და ნინი ჩიქოვანის ისტორია გიჩვენებთ, რომ ზრდა ყველაზე თბილი ღირებულებების შენარჩუნებითაც არის შესაძლებელი.

იდეა, რომელიც ერთ სივრცეში ვერ დაეტია

ბავშვებთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ, თამაშობანაც იზრდებოდა. ყველაფერი ოჯახებისთვის ერთად თამაშის მეტი შესაძლებლობის შექმნის სურვილით დაიწყო, თუმცა მომხმარებლებმა თავად უკარნახეს დამფუძნებლებს შემდეგი ნაბიჯი – თამაშების ორგანიზება, რამაც ისინი ღონისძიებების სამყაროში შეიყვანა.

მოგვიანებით გაჩნდა განსხვავებული დაბადების დღეების სივრცისა და საოჯახო კაფეს იდეა. 2019 წელს ახვლედიანის ქუჩაზე გახსნილი პირველი კონცეპტუალური საოჯახო კაფე გახდა ნათელი, მშვიდი გარემო, სადაც მშობლებსა და ბავშვებს ხარისხიანი საკვები და საინტერესო ვორქშოპები დახვდათ. მრავალწლიანმა გამოცდილებამ დამფუძნებლებს ასწავლა, როგორ ექციათ მომხმარებლის ხმა განვითარების კოორდინატებად. სწორედ ამ კომუნიკაციით გაჩნდა თეატრი, ფესტივალები და ყაჩაღების ბანაკი.

დღეს თამაშობანა აღარ არის მხოლოდ ფიზიკური სივრცე – ეს არის იდეა, რომელიც შვიდ მიმართულებას აერთიანებს: დაბადების დღეებს, კაფეს, შემეცნებით-გასართობ პროგრამებს, თეატრს, თავისუფალ თამაშს, კორპორატიულ ღონისძიებებსა და მაღაზიას.

თვეში 3,500 ვიზიტორი და მომსახურების სტანდარტები

ახალ სივრცეში გადასასვლელად და მასშტაბური ზრდისთვის გუნდი თითქმის ერთი წელი ემზადებოდა. თუკი ადრე სივრცე თვეში 400-მდე თვალებაციმციმებულ პატარას მასპინძლობდა, დღეს ეს რიცხვი 3 500 ვიზიტორამდეა გაზრდილი. 

სივრცე ფუნქციურ მიმართულებად დაიყო, დაინერგა მომსახურებისა და უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტები, თუმცა მართვის მთავარი პრინციპი მაინც ბრენდისთვის დამახასიათებელ სითბოს დაეფუძნა. თამაშობანას CEO, თათია რევაზიშვილი ამას ასე აღწერს:

ჩვენი მართვის პრინციპისთვის სიტყვაც კი მოვიფიქრეთ – „ხალისხით“, რაც საქმის ერთდროულად ხარისხითა და ხალისით კეთებას ნიშნავს.
– თათია რევაზიშვილი

როცა ყველა თამაში შემეცნებაა და ყველა შემეცნება – თამაში

თამაშობანაში სჯერათ, რომ ყველა თამაში შემეცნებითია და ყველა შემეცნება – თამაში. სწორედ ამიტომ, ბრენდს საკუთარი გამომცემლობა და საგანმანათლებლო მიმართულება – ცნობისმოყვარე პანდა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საგამომცემლო მიმართულება ბიზნესის დაახლოებით 10%-ს შეადგენს, ის ბრენდის იდენტობისა და მისიის მთავარი საყრდენია:

საგამომცემლო მიმართულება ცნობისმოყვარე პანდა და თამაშობანას თამაშები საშუალებას გვაძლევს, ფიზიკური სივრცის საზღვრებს გავცდეთ და ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებაში მოვხვდეთ. გრძელვადიანად სწორედ საკუთარი შინაარსი და ინტელექტუალური საკუთრება გვაძლევს ბრენდის მასშტაბირების შესაძლებლობას.
– ნინი ჩიქოვანი

ახალი, ყველაზე დიდი თამაშის დასაწყისი

დღეს ბევრი მშობელი მოდის თამაშობანაში რჩევისთვის, თუ როგორ შექმნან ჯანსაღი საბავშვო გარემო. სწორედ ამ ნდობისა და დიდი ინტერესის საპასუხოდ, ბრენდი იწყებს თავის ყველაზე დიდ თამაშს – წლის ბოლომდე ინერგება ფრენჩაიზის სისტემა.

საინტერესოა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ბრენდი საერთაშორისო აღიარებამაც მიიყვანა. 2025 წელს თამაშობანას სათამაშოების ინდუსტრიის მსოფლიოში წამყვანი გამოფენის, Spielwarenmesse-ის აღმასრულებელი საბჭოს სპიკერი, კრისტიან ულრიხი (Christian Ulrich) ეწვია, რომელმაც ბრენდი გამორჩეულ, ინოვაციურ კონცეფციად შეაფასა და საკუთარ მიმოხილვაში დაწერა: „Tamashobana – my highlight“.

ფრენჩაიზის მოდელი რამდენიმე ფორმატს გააერთიანებს. საქართველოში პირველი პრიორიტეტი რეგიონული ქალაქებია (ქუთაისი და ბათუმი). ქართველ პარტნიორებს, ბრენდთან ერთად, მენეჯმენტის ფუნქციასაც შესთავაზებენ. პარალელურად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ბაზრებზეც.

მეწარმეობის გაკვეთილები და პარტნიორობის ძალა

საბავშვო ინდუსტრიაში წარმატებული ბიზნესის აშენება ბევრი გამოწვევის გადალახვას მოითხოვს – განსაკუთრებით იმის დამტკიცებას, რომ ეს სფერო მხოლოდ გართობა არ არის, არამედ სერიოზული ოპერაციებისა და მაღალი სტანდარტების ბიზნესია. ზრდის პროცესში კი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი დამფუძნებლის როლის ტრანსფორმაციაა:

ძლიერი ქალი მეწარმე ის კი არ არის, ვინც ყველაფერს მარტო აკეთებს, არამედ ის, ვინც სწორ ადამიანებს აერთიანებს, დახმარების მიღება შეუძლია და საკუთარი ხედვის გარშემო მდგრად სისტემას ქმნის. მასშტაბირებისას მთავარი გამოწვევა საკუთარი როლის შეცვლა აღმოჩნდა – დამფუძნებელმა უნდა შეძლოს, ყველაფრის პირადად კეთებიდან სისტემების შექმნაზე, პასუხისმგებლობების განაწილებასა და გუნდის ნდობაზე გადავიდეს.
– ნაუ სონღულაშვილი

ამ გზაზე უმთავრესი საყრდენი პარტნიორობის ძალაა. დამფუძნებლების, ნაუ სონღულაშვილისა და ნინი ჩიქოვანის ათწლიანი მუშაობა აჩვენებს, რომ წარმატებულ თანამშრომლობას მუდმივი კომუნიკაცია, ნდობა და ერთობლივი გადაწყვეტილებები სჭირდება. როგორც თამაშობანაში ამბობენ, „მარტო თამაში მოსაწყენია“ – და ეს წესი ბიზნესშიც სრულად მუშაობს.

ბრენდის მიზანია შექმნას ლაღი ბავშვობა დღევანდელი პატარებისთვის და ხვალინდელი დიდებისთვის (სხვათა შორის, აქ დაბადების დღეებს დიდებიც ხშირად იხდიან). ამ დიდ და ხალისიან მოგზაურობაში კი თამაშობანას გვერდით საქართველოს ბანკი ბიზნესი დგას.

როგორც ბავშვები იზრდებიან, ისე გაიზრდება თამაშობანაც. თამაში გრძელდება!

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს