Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

ქუჩებს სავსე ტრიბუნად გადავაქცევთ და ხმაურს მოედანზე გადავიტანთ - ქომაგობა არ ჩერდება

18 სექ. 2026

25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, საქართველოს ქომაგები იკრიბებიან „დინამო არენასთან“ სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნებზე, რომ დახვდნენ ნაკრების ავტობუსს და უგულშემატკივრონ საქართველოს.

ქომაგობა სტადიონის კარებთან არც იწყება და არც მთავრდება. ის 90-წუთიან სანახაობაზე მეტია – საერთო ემოცია და იდენტობა, რომელიც ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ერთ გუნდად აერთიანებს. სწორედ ეს მუხტია, რაც თამაშის დროს ქალაქის რიტმს ცვლის.

„ოდესმე ყოფილხართ ცარიელ სტადიონზე?“ – კითხვას სვამს ურუგვაელი პუბლიცისტი ედუარდო გალეანო და აგრძელებს: „დადექით ცარიელი სტადიონის შუაგულში და მოუსმინეთ – არაფერია ცარიელ სტადიონზე უფრო ცარიელი. არაფერია მაყურებლის გარეშე დარჩენილ ტრიბუნებზე უფრო ჩუმი“.

ახლა, როცა ერთა ლიგის პირველი ოფიციალური მატჩი ახლოვდება, გულდასაწყვეტია, რომ ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს. თუმცა, როცა მოედანზე შენი ქვეყნის სახელით გადიან, გუნდის მარტო დატოვება უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს სიჩუმე დიდ ხმაურად უნდა იქცეს, ჩვენი მხარდაჭერა კი – მოედანზე გადავიდეს.

არაერთხელ უმღერია ქართველ გულშემატკივრებს ჩვენი ფეხბურთელებისთვის – „შენთანა ვარ, ნურაფრის გეშინიაო“. ახლაც იგივე გამეორდება. „დინამო არენასთან“, ქუჩაშივე შენდება ტრიბუნა, რომ 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, ქომაგებმა ბიჭები გაამხნეონ და საკუთარი ენერგია მოედანზე გაატანონ.

ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოკლე თუ შორეული გადაცემების, გატანილი გოლის დროს თუ ტაიმებს შორის შესვენებისას, ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ მარტო არასოდეს არიან. რომ ახსოვდეთ: ჩვენ ყოველთვის მათთან ვართ. 

მართალია, ამ ფორმატით მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდება – წინ კიდევ 5 თამაშია, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია და ყველა ბრძოლაში ერთიანობაა საჭირო.

ჰოდა, კიდევ ერთხელ გახსენებთ: 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, საქართველოს ქომაგები იკრიბებიან „დინამო არენასთან“ სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნებზე, რომ დახვდნენ ნაკრების ავტობუსს და უგულშემატკივრონ საქართველოს.

ქომაგობა არ ჩერდება!

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს