3 წუთი წასაკითხად
DataIQ Awards 2026: რატომ მიიღო საქართველოს ბანკმა 4 ჯილდო
2 ოქტ. 2026
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ხელოვნური ინტელექტი უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური სფეროს ამბავი. მისი განვითარება გავლენას ახდენს იმაზეც, რამდენად სწრაფად იქმნება ახალი საბანკო სერვისები, როგორ მუშაობენ ბანკის თანამშრომლები და საბოლოოდ, როგორი გამოცდილება გაქვს ყოველდღიურად.
საქართველოს ბანკმა მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით DataIQ Awards 2026-ზე საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე მეტი, ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო. აღიარება მოიცავს როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით საუკეთესო გუნდს, ისე ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და ლიდერობას.
ოთხი ჯილდო DataIQ Awards 2026-ზე
DataIQ Awards მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო დაჯილდოებად მიიჩნევა. 2026 წელს, დაჯილდოების მე-10 წელს, დაახლოებით 400 განაცხადი შეფასდა.
კონკურსში მონაწილეობდნენ კომპანიები საბანკო, სადაზღვევო, საცალო, ფარმაცევტული, მედიისა და ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიებიდან მთელი მსოფლიოდან. საქართველოს ბანკთან ერთად პროექტებს წარადგენდნენ Lloyds Banking Group, NatWest Group, BNP Paribas Fortis, Schneider Electric, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian და Domino’s Pizza Group.
საქართველოს ბანკი კი დაჯილდოების ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა. ოთხი ჯილდო ერთმანეთისგან განსხვავებულ მიმართულებებს აერთიანებს:
1. საუკეთესო გუნდი მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით
DataIQ-მ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის გუნდი საერთაშორისო კატეგორიაში საუკეთესოდ დაასახელა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში გუნდმა ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის ყველა მიმართულებაში დანერგა და არასაკრედიტო AI ინიციატივების წლიური გავლენა ათჯერ გაზარდა.
AI უკვე ბანკის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილიცაა. თანამშრომლებმა შექმნეს თითქმის 400 AI ასისტენტი, რომლებიც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს, ხოლო ბექ ოფისის გუნდებში თანამშრომელთა თითქმის ორი მესამედი AI-ს ყოველდღიურად იყენებს.
ანუ ხელოვნური ინტელექტი აქ მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის გამოცდას არ ნიშნავს. ის უკვე იმ სამუშაო პროცესების ნაწილია, რომლებიც ყოველდღიურად მიმდინარეობს.
2. მნიშვნელოვანი მიღწევა მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით – Data Science Agent Factory
ამ კატეგორიაში აღიარება საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ Data Science Agent Factory-ს უკავშირდება.
სისტემა 10-ზე მეტი სპეციალიზებული AI აგენტისა და მიკროაგენტისგან შედგება. ისინი მონაცემთა მეცნიერების პროექტების დაგეგმვას, კვლევას, მოდელირებას, ვალიდაციასა და დეველოპმენტს ასრულებენ.
დეველოპერები ამ პროცესში ისევ მთავარი რგოლი არიან. ისინი მართავენ აგენტების გუნდებს, აძლევენ დავალებებს და ამოწმებენ შედეგებს.
ასეთი მიდგომა დეველოპმენტს რამდენჯერმე აჩქარებს და ადამიანებს საშუალებას აძლევს, მეტი სამუშაო უფრო სწრაფად შეასრულონ.
3. ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ინოვაციური გამოყენება საერთაშორისო მასშტაბით – Agent Orchestrator
Agent Orchestrator კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება AI-მა სამუშაოს შესრულების პროცესი შეცვალოს.
სისტემა დავალებას თავიდან ბოლომდე ასრულებს: აგროვებს საჭირო ინფორმაციას, გეგმავს სამუშაოს, წერს კოდს, ატარებს ტესტებს და შედეგს დეველოპერს დასადასტურებლად წარუდგენს.
მთავარი განსხვავება ჩვეულებრივი კოდის ასისტენტისგან ისაა, რომ Agent Orchestrator-ს თითოეულ ნაბიჯზე მითითება არ სჭირდება. ის იღებს კონკრეტულ დავალებას და გუნდს შესრულებულ შედეგს უბრუნებს.
ამასთან, ადამიანის კონტროლი სრულად შენარჩუნებულია. რეალურ სამუშაო გარემოში დანერგვამდე ყველა ცვლილებას დეველოპერი ამოწმებს და ადასტურებს.
პროდუქტი უკვე გამოიყენება ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაში და ციფრული პროდუქტების უკან არსებული პროგრამული განვითარების სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს ასრულებს.
4. წლის ლიდერი მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით – მიხეილ ნადარეიშვილი
მეოთხე აღიარება უკვე კონკრეტულ ადამიანს უკავშირდება. DataIQ-მ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა მსხვილი ორგანიზაციების კატეგორიაში საერთაშორისო მასშტაბით.
ეს მასშტაბური წარმატება შემთხვევითი არ არის და ბანკის მიერ შერჩეული სტრატეგიის ლოგიკური გაგრძელებაა. მანამდე საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-ის 2026 წლის დაჯილდოებაზეც ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა.
ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ რეალური, გაზომვადი ღირებულება მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის და ბიზნესისთვის.
– აღნიშნავს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.