3 წუთი წასაკითხად
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
22 ოქტ. 2026
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
22 ოქტომბერს Los Angeles Lakers-მა NBA-ის რეგულარული სეზონის პირველი მატჩი გამართა და Golden State Warriors 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 127:105 დაამარცხა.
ეს თამაში განსაკუთრებული იყო ჩვენთვის – სანდრო მამუკელაშვილი, იგივე მამუ, პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ლეგენდარული Los Angeles Lakers-ის მაისურით ითამაშა. ქვემოთ მოკლედ გიამბობთ, როგორ მივიდა სანდრო აქამდე.
რატომ არის „ლეიკერსი“ ასეთი დიდი ამბავი
„ლეიკერსი“ NBA-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბია, თუმცა მისი გავლენა კალათბურთს დიდი ხანია სცდება. წარმატებულ ისტორიასთან ერთად ის კულტურულ ფენომენად იქცა, რომელიც ადამიანებში სხვანაირ ემოციასა და პატივისცემას იწვევს.
ამ კლუბში თამაში ნიშნავს, რომ მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ და შენს ყოველ ნაბიჯს ლოს-ანჯელესიდან ტოკიომდე თვალს ადევნებენ. „ლეიკერსის“ მაისურის ტარება დიდი გამოწვევაა, მაგრამ სანდრომ კარიერაში იმდენი რამ დაამტკიცა, რომ საფუძველი გვქონდა, გვეფიქრა: ის 100%-ით მზადაა.
პირველი შეხვედრები ახალ გუნდში
„ლეიკერსის“ შემადგენლობაში სანდროს დებიუტი უკვე შედგა წინასასეზონო შეხვედრაში „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ. წინასასეზონო თამაშები სეზონის შედეგებში არ ითვლება და გუნდებს მზადებისთვის სჭირდებათ. მოედანზე გატარებულ 19 წუთში ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა დააგროვა.
თამაშის შემდეგ სანდრო, როგორც ყოველთვის, თავდაჯერებული ჩანდა. ჟურნალისტებთან საუბარში თქვა:
„ჩემთვის მთავარია მოედანზე გავიდე, მონდომებით ვითამაშო, მაქსიმუმი გავაკეთო და დანარჩენი თავისით მოხდება“
სეზონის პირველი ოფიციალური თამაში „ლეიკერსმა“ საკუთარ არენაზე „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ გამართა. ეს მეტოქე სანდროსთვის უკვე ნაცნობი იყო: წინასასეზონო მზადებისას ორი კლუბი ორჯერ შეხვდა ერთმანეთს და ორივე თამაში „ლეიკერსმა“ წააგო (124:98 და 89:101).
გუნდის მარცხის მიუხედავად, სანდრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა. პირველ შეხვედრაში 15 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, მეორეში კი 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა. ციფრებზე მეტად კი გულშემატკივრებს ერთი ეპიზოდი დაამახსოვრდათ: ბრუნით შესრულებული ჩატენვა, რომელმაც სოციალური ქსელები მოიარა.
მზადების პერიოდში სანდრომ თანაგუნდელებს აჩვენა, რომ ინიციატივის აღებაც ეხერხება, შემოქმედებითობაც და გუნდური თამაშიც. დონჩიჩმაც არ დაიშურა საქებარი სიტყვები:
„თამაშს კარგად კითხულობს და შესანიშნავ გადაცემებს აკეთებს“
გზა „ლეიკერსამდე“
სანდრომ იბრძოლა, არ დანებდა და არ გაჩერდა. აგროვებდა გამოცდილებას და წინსვლის შანსს ხელიდან არ უშვებდა. „ლეიკერსამდე“ გრძელი გზა გაიარა: ცვლილებებით, ახლის ძიებითა და მაღლა ასვლის სურვილით.
2021 წლის დრაფტზე (ასე ირჩევენ NBA-ის კლუბები ახალ მოთამაშეებს) სანდრო „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია, თუმცა რეალურად კარიერა „მილუოკი ბაქსში“ დაიწყო, რომელიც იმ დროს NBA-ის მოქმედი ჩემპიონი იყო. გუნდში ვარსკვლავური შემადგენლობა და დიდი კონკურენცია დახვდა. ნდობის მოსაპოვებლად G-ლიგაშიც მოუწია თამაში (ეს NBA-ის განვითარების ლიგაა, სადაც მოთამაშეები გამოცდილებას იძენენ). იქ ბრწყინვალე თამაშით ყველას დაუმტკიცა, რომ მისი ადგილი მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში იყო.
შემდეგ გარდამტეხი ეტაპი დადგა: გადასვლა „სან ანტონიოში“ და ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის გუნდში თამაში. პოპოვიჩთან სანდრომ უდიდესი გამოცდილება მიიღო, „სან ანტონიოს“ გულშემატკივრებმაც შეიყვარეს, თუმცა მას მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა. ამიტომ კარიერის შემდეგ ეტაპად „ტორონტო რაპტორსი“ აირჩია. როგორც თავად თქვა საჯაროდ, სხვა კლუბებს უკეთესი ფინანსური შეთავაზება ჰქონდათ, მაგრამ გასული სეზონის წინ მაინც „ტორონტო“ ამჯობინა.
ეს არჩევანი გამართლდა: გასული სეზონი მის კარიერაში გამორჩეული აღმოჩნდა. კანადურ კლუბში სანდრომ 80 თამაში გამართა, რაც მისი პირადი რეკორდია. საშუალოდ ერთ თამაშზე 21.9 წუთს ატარებდა მოედანზე და 11.2 ქულას, 4.9 მოხსნასა და 1.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. სროლის სიზუსტე 52.5% იყო, მთელი NBA-ის მასშტაბით მე-20 საუკეთესო შედეგი.
4 წელი, 52 მილიონი და 54 ნომერი
„ტორონტოსთან“ კონტრაქტი სანდროს აძლევდა უფლებას, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გამხდარიყო, ანუ თავად აერჩია ახალი კლუბი. ამ შესაძლებლობით „ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“ ისარგებლა და სანდროს 4-წლიანი, 52 მილიონი დოლარის კონტრაქტი გაუფორმა. ასე ახდა ბევრი ქართველი გულშემატკივრის ოცნება: სანდრო იმ კლუბში თამაშობს, რომლის მაისურითაც მეჯიკ ჯონსონი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი, კობი ბრაიანტი და შაკილ ო’ნილი თამაშობდნენ.
„ლეიკერსში“ სანდრომ 54-ნომრიანი მაისური ჩაიცვა და ეს რიცხვი სიმბოლურია. 2021 წლის დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ სწორედ 54-ე ნომრად აირჩია. ეს იყო მისი სტარტი, ესაა მისი აწმყო და იმედი გვაქვს, რომ წარმატებული მომავალიც იქნება.
რას ნიშნავს ეს ნაკრებისთვის
NBA-ში მეექვსე სეზონი, ამჯერად „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ რიგებში, ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და შთამბეჭდავი ფურცელია. ეს ეტაპი სანდროს კიდევ უფრო გაზრდის და ნაკრებშიც მეტ წონას შესძენს.
NBA-ის დატვირთული კალენდრის გამო სანდრო ნაკრების შეკრებებს ყოველთვის ვერ ესწრება და ეს გუნდისთვის დიდი დანაკლისია. სამაგიეროდ, დიდ ტურნირებზე ნაკრებში გამოცდილება და დამაჯერებლობა შემოაქვს. მისი ლიდერობა გასულ ევრობასკეტზეც კარგად გამოჩნდა.
საქართველოს ბანკი, როგორც ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი, სანდროს გზას ახლოდან ადევნებს თვალს. ნაკრების ძალა იმ მოთამაშეებითაც იზრდება, რომლებიც მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში თავს იმკვიდრებენ და შემდეგ ამ გამოცდილებას სახლში აბრუნებენ.
წინ საინტერესო სეზონია. კალიფორნია, „ლეიკერსი“, კობი ბრაიანტი და სანდრო მამუკელაშვილი ახლა ერთ ისტორიაში ერთიანდებიან. ჩვენ კი მამუს ამ თავგადასავალში ვუგულშემატკივრებთ და უდიდეს წარმატებას ვუსურვებთ.