2 წუთი წასაკითხად
ჟინის ძალა: როგორ დაწერა ქართულმა კალათბურთმა ისტორია ევრობასკეტზე
10 ოქტ. 2025
2 წუთი წასაკითხად
ცხელი ზაფხულის შემდეგ, სექტემბერიც მიიწურა და სპორტის სხვადასხვა სახეობებში მორიგი ჩამთრევი, დამაინტრიგებელი სეზონი დაიწყო. თითქოს ყველაფერი ნანახი გვაქვს, მაგრამ სპორტი ამოუწურავი სანახაობაა – იქმნება შედევრები, იწერება მიუწვდომელი რეკორდები, სცენას კი ახალი ვარსკვლავები იპყრობენ.
გასული თვის დასაწყისში, ევრობასკეტი 2025 უკვე გახურებული იყო და ქართველი ქომაგის ყურადღება კვიპროსისკენ იყო მიპყრობილი. უკვე დამცხრალი ემოციებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სენსაციებით სავსე ტურნირი გამოდგა, სადაც კი საქართველოს გუნდურ სპორტში უასპარეზია. ჩვენმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

გამარჯვების რწმენა და სენსაციური შედეგები
ტურნირის დაწყებამდე, გამარჯვების ჟინზე ვსაუბრობდით – ყველა წინაღობის დამძლევ ენერგიაზე, რომელიც დანებებას არ ცნობს. იყო სკეპტიკური მოლოდინებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ შემართებისა და ძალის გვჯეროდა.
ამიტომაც შეუძლებელია, განსაკუთრებული აღნიშვნის გარეშე ვისაუბროთ ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის დამარცხების და საფრანგეთის გამოთიშვის შესახებ – პატარა ქვეყანამ საკალათბურთო გრანდები გააწბილა და 2 დიდი სენსაციის ავტორი გახდა. ეს იყო დღეები, რომელსაც არასოდეს დავივიწყებთ – მომენტები, როდესაც იჯერებ, რომ შეუძლებელი მართლაც არაფერია.
რიცხვებში ასახული მიღწევები
საქართველომ ესპანეთი უკვე მეორედ დაამარცხა დიდ ტურნირზე, ხოლო საფრანგეთს პირველად მოუგო.
ისტორიულ მიღწევასთან ძალიან ახლოს იყო თორნიკე შენგელია. მას სულ ცოტა დააკლდა, რომ ევრობასკეტის ყველა დროის საუკეთესო ქართველი მექულის, ლეგენდარული ოთარ ქორქიას, რეკორდი მოეხსნა. ქორქიას ანგარიშზე 357 ქულაა, შენგელიამ კი ტურნირი 347 ქულით დაასრულა. შენგელიას მიღწევა კიდევ უფრო შთამბეჭდავია თუ გავითვალისწინებთ, რომ ქორქიას ქულები 32 მატჩში აქვს მოგროვებული, შენგელიამ კი 26 შეხვედრაში დააგროვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შენგელია ლიდერობს, მეორე ადგილზე კი გიორგი შერმადინია.
2025 წლის ევრობასკეტზე ნაკრების საუკეთესო მოთამაშეებად გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი გამოიკვეთნენ. გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ასევე კამარ ბოლდუინმა და თორნიკე შენგელიამ.
ტრადიციები და გამოცდილება
საქართველოსთვის ეს ზედიზედ მე-6 ევრობასკეტი იყო და გიორგი შერმადინი ყველა მათგანზე გუნდთან ერთად იმყოფებოდა – ის ერთადერთი ქართველია, რომელმაც ნაკრების მაისური ევროპის 6 საკალათბურთო ჩემპიონატზე მოირგო.
ამ დროის განმავლობაში, ერთგვარი ტენდენცია ჩამოყალიბდა: საქართველო ხშირად იმარჯვებს ევრობასკეტის პირველ მატჩში, მეტოქის სიძლიერის მიუხედავად. ეს ტენდენცია მხოლოდ 2015-სა და 2022-ში დაირღვა.
საერთო ჯამში, ევრობასკეტზე საქართველოს 36 მატჩი აქვს გამართული, სადაც 11 გამარჯვება მოიპოვა. პლეი-ოფში ორჯერ ვითამაშეთ, 1/4 ფინალში კი ერთადერთხელ, 2025-ში გავედით.
შთაგონება მომავლისთვის
ქართული კალათბურთის მიღწევები გვაჩვენებს, რომ წარმატება არ არის დამოკიდებული მხოლოდ რესურსებზე ან ქვეყნის სიდიდეზე. იგი მოითხოვს შეუპოვრობას, გუნდურ სულისკვეთებას და რწმენას.
ჟინი არასდროს ჩერდება. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება. თუმცა ამჯერად, ჩვენი რუბიკონი 1/2 ფინალი იქნება – ახალი მიზანი, რომლისკენაც საქართველოს ნაკრები ისწრაფვის, რადგან იცის – როცა გჯერა და თავდაუზოგავად შრომობ, შეუძლებელი არაფერია.