Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

არჩილ გაჩეჩილაძე - ამაყი ვარ რომ, საქართველოს ბანკი ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" მთავარი სპონსორია

საქართველოს ბანკი, როგორც მთელი საქართველოს ბანკი, ცდილობს ხელი შეუწყოს ქართული მემკვიდრეობის, ტალანტის, გენისა და კულტურის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზნით, დიდი პატივითა და პასუხიმგებლობით გავხდით  ქართული ნაციონალური ბალეტის- სუხიშვილების გენერალური სპონსორი.

სუხიშვილებმა შეძლეს და ქართული ცეკვა, როგორც ეროვნული საგანძური, მთელ მსოფლიოს გააცნეს.

ხაზგასასმელია, რომ ანსამბლი მოღვაწეობდა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწეოდა რთულ პერიოდებში — საბჭოთა რეჟიმის, ცივი ომისა და ქვეყანაში შექმნილი სოციოეკონომიკური კრიზისის დროსაც კი. ამ ხნის განმავლობაში, ოჯახური წამოწყება სახელმწიფო ანსამბლად და თანამედროვე ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

სუხიშვილების ისტორია 1945 წელს იწყება, როდესაც ბალეტისა და ქართული ფოლკლორის მოყვარულმა წყვილმა, ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა ანსამბლი ოფიციალურად დააარსეს. აღსანიშნავია, იმ დროისთვის ტრადიციული ცეკვის ხაზი მკაცრად განსაზღვრული იყო, ხოლო საზოგადოება ექსპერიმენტებსა და სიახლეებს რთულად ეგუებოდა. თუმცა არსებობდა ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდა ახალ იდეებს. ეს იყო დიდი ქართველი მხატვარი და სცენოგრაფი სოლიკო ვირსალაძე, რომელიც თავისი პროფესიონალიზმითა და შემოქმედებით მალევე იქცა დასის მთავარ ბირთვად.

კრიტიკის ქარცეცხლში, ჟინითა და ფასდაუდებელი მემკვიდრეობის შექმნის იდეით გაერთიანებულმა სამეულმა გაბედა ექსპერიმენტი – ნინომ და ილიკომ კლასიკურ მოძრაობებს შემატეს ბალეტის მოძრაობები, თეატრალურობა და სინქრონი, აჩქარდა მუსიკის რიტმიც. სცენაზე ცეკვა მეტად სანახაობრივი გახდა. კოსტიუმებით კი, “ფერთა სიმფონიის დიდოსტატმა” სოლიკო ვირსალაძემ სცენაზე სრულიად ახალი სტილი შემოიტანა.

სწორედ ამიტომ, ვართ განსაკუთრებულად ამაყები, რომ გვაქვს პატივი, ვიყოთ ქართული ნაციონალური ბალეტის- სუხიშვილების გენერალური სპონსორი. რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ქართული გენიის, ნიჭის, ტალანტის მხარდაჭერაში.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს