Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

„იყავით ერთგული პრობლემის და არა იდეის“ | Forbes Under 30-ის გამარჯვებული მარიამ ახვლედიანი

ჟურნალ Forbes-ის პროექტი Under 30 ყოველწლიურად იმ ახალგაზრდა ლიდერებს, მეწარმეებსა და ინოვატორებს აერთიანებს, რომლებიც საკუთარ ინდუსტრიაში რეალურ ცვლილებებს ქმნიან. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, ამიტომ წელს ბანკი პროექტის გენერალური სპონსორიც გახდა.

ამ ბლოგში 2025 წლის გამარჯვებულს და წელს უკვე ჟიურის წევრს, მარიამ ახვლედიანს გაგაცნობთ, რომელიც საკურიერო აგრეგატორის, QuickShipper-ის თანადამფუძნებელია და მეწარმეებს საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს. 

იდეა მხოლოდ დასაწყისია

QuickShipper საკურიერო აგრეგატორია – პლატფორმა, რომელიც კომპანიებისთვის ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიტანის სერვისს. ნაცვლად იმისა, რომ ონლაინ მაღაზიამ ცალ-ცალკე ითანამშრომლოს სხვადასხვა კურიერთან, QuickShipper-ის დახმარებით ამ ყველაფერს ერთი სისტემიდან მართავს და მომხმარებელს სწრაფ მიწოდებას სთავაზობს. გარდა ამისა, პლატფორმა ბიზნესებს ეხმარება, ავტომატურად გაუგზავნონ მყიდველს შეტყობინებები ამანათის ადგილსამყოფელის შესახებ, რაც პირდაპირ ზრდის მომხმარებლის ნდობასა და ლოიალურობას. როგორც მარიამი ამბობს, მათი მთავარი მისია საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარების აჩქარება და ბიზნესებისთვის საერთაშორისო მასშტაბით მიწოდების პროცესის გამარტივებაა.

თუმცა, მხოლოდ კარგი იდეა წარმატებისთვის საკმარისი არ არის:

იდეა მხოლოდ 1 პროცენტია, ხოლო დანარჩენი 99 პროცენტი შესრულებაა. კარგ იდეას წარმატებული ბიზნესისგან დისციპლინა განასხვავებს, ენერგიის თუ განწყობის მიუხედავად, შრომა და მიზნისკენ სწრაფვა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გააგრძელო.

ინვესტიცია გაყიდვებსა და სწორ ფოკუსში

რესურსების სწორად გადანაწილება მცირე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, პროდუქტის შექმნა გამარტივდა, შესაბამისად შეიცვალა მთავარი გამოწვევაც. მარიამი მეწარმეებს ურჩევს, რომ საწყის ეტაპზე ინვესტიცია აუცილებლად გაყიდვებსა და მომხმარებლების მოზიდვაში ჩადონ. დღეს მთავარი კითხვაა არა ის, შევძლებთ თუ არა პროდუქტის აწყობას, არამედ გამოიყენებენ თუ არა მას რეალურად ადამიანები.

რაც შეეხება სტრატეგიულ გამოწვევებს, მარიამი მეწარმეებს აფრთხილებს, რომ სრულად მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნონ:

თავდაპირველად ველოდი, როდის გადაიზარდებოდა პარტნიორების ენთუზიაზმი კონკრეტულ მოქმედებებში, რაც შეცდომა იყო. ვერავისგან მოითხოვ, ირწმუნოს შენი ხედვა ისე, როგორც შენ. ამიტომ, მხოლოდ იმაზე უნდა ფოკუსირდეთ, რასაც რეალურად თქვენ აკონტროლებთ და აკეთოთ მაქსიმუმი. 

პრობლემა, როგორც ამოსავალი წერტილი

ბიზნესგარემო დინამიკურია, ამიტომ სტრატეგიის დროული შეცვლა ხშირად გარდაუვალია წინსვლისთვის. მარიამის თქმით, მეწარმე უნდა იყოს ერთგული არა კონკრეტული იდეის, არამედ იმ პრობლემის, რომლის გადაჭრასაც ცდილობს:

სტარტაპი ვალიდაციის მუდმივი ციკლია და თუ ბაზარი უარს გეუბნებათ, ეს სიგნალია, რომ მომხმარებელს მოუსმინოთ და იდეის სხვა ვერსიაზე გადახვიდეთ.

QuickShipper-ის გუნდის მთავარი მიზანი ახლა გეოგრაფიული გაფართოებაა. თანამედროვე ტენდენციებზე დაკვირვებით კი მარიამს სხვა დამფუძნებლებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი აქვს:

AI-ს დახმარებით პროდუქტის შექმნის პროცესი ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე გაიმარჯვებენ არა მხოლოდ კარგი პროდუქტის მქონე კომპანიები, არამედ ისინი, რომლებიც სადისტრიბუციო არხებსა და მომხმარებელთან ურთიერთობებს საუკეთესოდ აითვისებენ.

მარიამის მსგავსი მიზანდასახული მეწარმეების აღმოჩენა და წახალისება საქართველოს ბანკისთვის უმნიშვნელოვანესია, Forbes-თან პარტნიორობაც სწორედ ამ მისიის გაგრძელებაა. 

თუ გსურთ, გაიცნოთ მომავლის ლიდერები, მოისმინოთ ინოვაციური იდეები და გააფართოოთ თქვენი ბიზნესკონტაქტები, შემოოუერთდით 18 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებას, სადაც Forbes Under 30-ის 2026 წლის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს

თაგები