2 წუთი წასაკითხად
სანამ ბიზნესს დაიწყებთ - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ | ახალი პლატფორმა საქართველოს ბანკისგან
30 დეკ. 2025
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ალბათ, თქვენც გაქვთ ჩანაწერები ან უბრალოდ ფიქრები, სადაც შესაძლოა ბრწყინვალე ბიზნეს იდეა ინახება. იდეა, რომელიც დროდადრო თავს გახსენებთ, მაგრამ გაურკვევლობის ეტაპზე ჩერდება: „საიდან დავიწყო?“, „იქნებ არავის სჭირდება?“, „როგორ ვიპოვო დაფინანსება?“.
ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა – სანამ ბიზნესს დაიწყებთ შექმნა.
ეს არის ერთ სივრცეში თავმოყრილი პრაქტიკული ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენი იდეა ჩანაწერიდან რეალობაში გადმოიტანოთ.
რაც ყველაზე მთავარია, პლატფორმაზე წვდომა ღიაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მარტივად გაეცნოს ყველა იმ ინფორმაციას, რაც ბიზნესის დასაწყებად სჭირდება.
მოკლედ გავიაროთ ის მთავარი ნაბიჯები, რომლებსაც პლატფორმის დახმარებით გაივლით.
ნაბიჯი 1: გაიგეთ, რა განასხვავებს წარუმატებელ და წარმატებულ ბიზნესს
ყველა წარუმატებელი ბიზნესი ერთი და იმავე შეცდომით იწყება: მეწარმეს „შეყვარებული“ აქვს საკუთარი იდეა და არა ის პრობლემა, რომელსაც ეს იდეა უნდა ჭრიდეს. პლატფორმის ბიზნესის გზამკვლევი სწორედ იმ ფუნდამენტურ ცოდნას გაძლევთ, რომელიც აუცილებელია, რომ თქვენი სარისკო წამოწყება წარმატებულ ბიზნესად იქცეს. აქ გაიგებთ:
- როგორ განასხვავოთ ერთმანეთისგან „ტკივილგამაყუჩებელი“ (პროდუქტი, რომელიც აუცილებელია) და „ვიტამინი“ (პროდუქტი, რომელიც უბრალოდ სასურველია)
- რატომ არის იდეის დამალვა „ბევრად უფრო დიდი რისკი, ვიდრე მისი გაზიარება“
ამ ცოდნის გარეშე, თქვენ რისკავთ, დახარჯოთ რესურსები პროდუქტზე, რომელიც საბოლოოდ შეიძლება არავის დასჭირდეს.
ნაბიჯი 2: შექმენით ის, რისი გამეორებაც შეუძლებელია
იდეის ვალიდაციის შემდეგ, დგება დრო, ის უნიკალურ ბრენდად აქციოთ. ბრენდი არ არის მხოლოდ ლამაზი ლოგო; „ბრენდი ხდება ერთადერთი ნამდვილი, ჩვენს საკუთრებაში არსებული კონკურენტული უპირატესობა – ერთადერთი აქტივი, რომლის კოპირება კონკურენტს არც ლეგალურად და არც სტრატეგიულად არ შეუძლია“.
ბრენდის გზამკვლევი დაგეხმარებათ, თქვენი წამოწყება თავიდანვე სწორ გზაზე დადგეს. აქ შეისწავლით იმას, რაც ბიზნეს სკოლებში ისწავლება:
- როგორ აიცილოთ თავიდან ყველაზე ხშირი შეცდომა – ბრენდის შექმნა „ყველასთვის“ – და როგორ განსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია
- რა არის ღირებულებითი წინადადება (Value Proposition) და რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ და არა სხვები?
ნაბიჯი 3: შექმენით ბიზნეს გეგმა, რომელსაც რეალურად კითხულობენ
ბიზნეს გეგმა არ არის უბრალოდ ფორმალობა. ეს არის დოკუმენტი, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული, მიიღებთ თუ არა დაფინანსებას. ბიზნეს გეგმის სექციაში თქვენ ისწავლით:
- როგორ დაწეროთ მოკლე შეჯამება (Executive Summary) ისე, რომ ინვესტორმა დაინახოს თქვენი იდეის პოტენციალი და დანარჩენი გვერდების წაკითხვაც მოუნდეს
- როგორ აიცილოთ თავიდან ზოგადი ფრაზები, – „ბევრი კლიენტი მეყოლება“ და ჩაანაცვლოთ ფაქტებით: „ჩემს უბანში სკოლაა, სადაც 500 მოსწავლე სწავლობს და გარშემო არ არის საკვები ობიექტი“
- რატომ ამბობენ ინვესტორები, რომ „ფულს დებენ არა იდეაში, არამედ ადამიანებში“
ეს არის ცოდნა, რომელიც თქვენს ბიზნეს გეგმას სხვა დოკუმენტისგან გამოარჩევს.
ნაბიჯი 4: როგორ ვიპოვოთ ზრდის შესაძლებლობები – დაფინანსების მოძიება
ყველაზე ბრწყინვალე იდეაც კი ფინანსური რესურსის გარეშე უბრალოდ იდეად რჩება. არასწორად შერჩეულმა დაფინანსებამ კი შეიძლება ბიზნესი გაანადგუროს. თქვენ გაიგებთ:
- რა განსხვავებაა ბიზნეს სესხსა და საგრანტო დაფინანსებას შორის და რომელია თქვენი მიზნებისთვის შესაფერისი
- რა კონკრეტულ შესაძლებლობებს გთავაზობთ აგრო სესხი, თუ თქვენი საქმიანობა სოფლის მეურნეობას უკავშირდება
თქვენ ამას შეძლებთ!
ბიზნესის დაწყება შეიძლება რთულ და შორეულ პერსპექტივად გეჩვენებოდეთ, მაგრამ საქართველოს ბანკის ახალი პლატფორმა ზუსტად იმისთვის შეიქმნა, რომ საჭირო ცოდნით და სწორი ინსტრუმენტებით, ეს გზა ბევრად გაგიმარტივოთ.
გადადით პლატფორმაზე სანამ ბიზნესს დაიწყებთ და გადადგით პირველი ნაბიჯი. გახადეთ თქვენი იდეა რეალობად, თქვენ ამას შეძლებთ!