2 წუთი წასაკითხად
“სტარტაპი გრძელვადიანი მარათონია” | Forbes Under 30-ის გამარჯვებული, ლევან ასანიძე
25 სექ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ჟურნალ Forbes-ის პროექტი Under 30 ყოველწლიურად იმ ახალგაზრდა ლიდერებს, მეწარმეებსა და ინოვატორებს აერთიანებს, რომლებსაც საკუთარი ინდუსტრიის განვითარებაში წვლილი შეაქვთ. ინოვაციური იდეებისა და ახალი თაობის ბიზნესების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია, ამიტომ წელს ბანკი პროექტის გენერალური პარტნიორია.
ამ ბლოგში ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კატეგორიის 2026 წლის გამარჯვებულს, ლევან ასანიძეს, გაიცნობთ, რომელიც სტარტაპ Herio-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.
გამოცდილებების გაერთიანება და Herio-ს იდეა
ლევანის პროფესიული გზა ეკონომიკის სწავლითა და ტექნოლოგიური პროექტებით დაიწყო. ვარშავაში სტუდენტობისას მან საკუთარ თავზე გამოცადა სწავლასთან შეთავსებადი სამუშაოს პოვნის სირთულე, პირველი სტარტაპის მართვისას კი საპირისპირო პერსპექტივითაც შეხედა პრობლემას: ბიზნესს მუდმივად სჭირდებოდა მოტივირებული ადამიანები მოკლევადიანი ამოცანებისთვის. ამ ორმხრივმა გამოცდილებამ ლოგიკურად მიიყვანა Herio-ს იდეამდე:
წინასწარ ვერ გათვლი, რა გამოცდილება სად მიგიყვანს. ეს წერტილები მხოლოდ უკან მოხედვისას ერთიანდება. ვიცოდი, რომ სტუდენტებს სწრაფი შემოსავალი უნდოდათ, ბიზნესს კი დროებითი კადრები სჭირდებოდა. სწორედ ამ დაკვირვებამ შექმნა Herio.
სტანდარტული დასაქმების მოდელი, სადაც CV-ებს აგზავნიან და კვირაობით ელიან გასაუბრებას, თანამედროვე ტემპს ვეღარ პასუხობს. ბიზნესებს მუდმივად აკლიათ კადრები, ადამიანებს კი ისეთი მოქნილი სამუშაო სურთ, რომელსაც საკუთარ გრაფიკს მოარგებენ.
Herio ამ პროცესს პრინციპულად ცვლის – ეს არის პლატფორმა მოკლევადიანი სამუშაოებისთვის:
- სამუშაოს მაძიებლებისთვის: CV აღარ გჭირდება. აპლიკაციაში ირჩევ კონკრეტულ ცვლას (მაგალითად, რამდენიმე საათით დახმარება მაღაზიაში, ღონისძიებაზე ან კაფეში), მუშაობ როცა გაწყობს, იღებ შეფასებას და გამომუშავებული თანხა 48 საათზე ნაკლებ დროში გერიცხება.
- ბიზნესებისთვის: პიკის საათებში, შავ პარასკევს თუ თანამშრომლის მოულოდნელი არყოფნისას, კომპანიას აღარ უწევს კადრის ძიებაში დროის კარგვა.
Herio-ზე ყოველი შესრულებული ცვლის შემდეგ გროვდება რეალური შეფასებები, რაც კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების პროცესს ბევრად ამარტივებს. დღეს სტარტაპს უკვე 20 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Cenomi, Spar, Red Bull და აგროჰაბი.
Herio-ს გლობალური მისიაა, გაფანტული სამუშაო ძალა გარდაქმნას მობილიზებულ ძალად, რომელიც ძალიან სწრაფად და ეფექტურად პოულობს საუკეთესო შესაძლებლობებს.
აღიარება, როგორც გზის ნაწილი და არა ფინიში
სამეწარმეო გზაზე სირთულეები და ეჭვები ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა გადამწყვეტი ფაქტორი ემოციური სტაბილურობა და მიზანდასახულობაა:
რამდენიმე წელია ვარსებობთ და სწორ ბიზნესმოდელსაც მივაგენით, თუმცა დღემდე ხშირად გვაქვს კრიტიკული სიტუაციები, სადაც სრულიად ახალი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. სტარტაპი გრძელვადიანი მარათონია, სადაც ერთი ან ორი დღე არაფერს წყვეტს. მთავარია, ემოციური სტაბილურობა, რომ არ დანებდე და რთული სიტუაციებიდან გამოძვრე.
Forbes Under 30-ის სიაში მოხვედრა ლევანისთვის ამ განვლილი წლებისა და დაუღალავი შრომის მნიშვნელოვანი შეფასებაა:
Forbes Under 30-ში მოხვედრა პირადად ჩემთვის ბევრი წლის შრომის დაფასებაა და პასუხია ყველა იმ ეჭვით სავსე მომენტზე, როცა მიფიქრია, ღირდა თუ არა ამ ყველაფრის კეთება. ეს აღიარება გვეხმარება ისეთი სეგმენტების დაინტერესებაში, რომლებსაც სხვაგვარად ვერ მივწვდებოდით.
საქართველოს ბანკისთვის ლევანის მსგავსი ინოვატორი მეწარმეების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. სწორედ ასეთი ტექნოლოგიური პროექტები უწყობს ხელს ქვეყანაში თანამედროვე ეკოსისტემის შექმნას, შრომის კულტურის განვითარებასა და საერთო ეკონომიკურ წინსვლას.