2 წუთი წასაკითხად
როგორ აქცევს STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
18 თებ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის.
სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს.
პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც ტრადიციული გაკვეთილებისგან საკმაოდ განსხვავდება.
STEM სკოლაში გაზაფხულის სემესტრზე მიღება დაწყებულია და 2 მარტამდე გაგრძელდება. გაეცანი ყველა დეტალს STEM სკოლაზე და გაიგე ყველაფერი რაც გჭირდება რეგისტრაციიდან დაფინანსებამდე.
სასწავლო მოდელი: თეორიიდან პრაქტიკამდე
STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს და მეთოდოლოგია პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას (Project-Based Learning) ეფუძნება, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ცოდნა რეალური პრობლემების გადაჭრას მოახმარონ.
რომ არა ვირტუალური ფორმატი, ბევრ საინტერესო პატარა მეცნიერს ვერ გავიცნობდით რეგიონებიდან
– გიორგი ჯიქიძე, ელექტრო ინჟინერი, STEM სკოლის მასწავლებელი
სასწავლო პროგრამა, რომელიც სპეციალურად ამ სკოლისთვის შეიქმნა, ორი ოთხთვიანი მოდულისგან შედგება.
როგორც საინჟინრო ფიზიკის დოქტორი და მოდულების ავტორი, მარეხი მაზანაშვილი განმარტავს, პროცესი ეტაპობრივად რთულდება:
პირველ მოდულში სწავლა მთლიანად ონლაინ პლატფორმაზე მიმდინარეობს. მოსწავლეები ვირტუალურ გარემოში სწავლობენ მიკროკონტროლერის დაპროგრამებას, სხვადასხვა სენსორების მუშაობის პრინციპს… მეორე მოდული უკვე რეალური კომპონენტების ჩართულობით მიმდინარეობს
– მარეხი მაზანაშვილი
ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეები არა მხოლოდ თეორიულად ითვისებენ მასალას, არამედ პრაქტიკულადაც ქმნიან საკუთარ პროექტებს.
მოლოდინი მაქვს, რომ პროექტი ეტაპობრივად კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება – მოიცავს მეტ რეგიონს, მეტ მოსწავლეს. ვრწმუნდები, რომ კომაროვისა და საქართველოს ბანკის STEM სკოლის პროექტი გახდება ეროვნული საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციურ, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას მომავალი თაობისთვის
– ნინო ხიხაძე, STEM სკოლის მასწავლებელი
გარემო, რომელიც პოტენციალს ავლენს
STEM სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შექმნას გარემო, სადაც ნიჭიერი ახალგაზრდები საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას შეძლებენ. სრულად დისტანციური ფორმატი და საქართველოს ბანკის სტიპენდია საუკეთესო მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფს, რომ ხარისხიანი STEM განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა.
ნიჭიერ მოსწავლეებს პოტენციალის გამოსავლენად სჭირდებათ სწორი გარემო და ხელმისაწვდომობა, სწორედ ასეთი გარემო შექმნა ჩვენმა პროექტმა ახალგაზრდებისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან
– გიორგი ლექვინაძე
პროექტის შედეგები აჩვენებს, თუ როგორ იცვლება მოსწავლეთა დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ბევრი მათგანი თავდაპირველად ვერც კი წარმოიდგენს, რომ რთული ტექნოლოგიური პროექტების შექმნა შეუძლია.
ჩვენთან მოდიან მოსწავლეები, რომლებსაც უყვართ ფიზიკა, მათემატიკა, თუმცა უმეტესობას არ აქვს წარმოდგენა, რა შეუძლია STEM განათლებას. პირველი მოდულის ბოლოს ყველას ვუსვამთ კითხვას, წარმოგედგინა, რომ ასეთ რამეს გააკეთებდი? ყოველთვის გვპასუხობენ, რომ წარმოუდგენელი ეგონათ. მეორე მოდულის შემდეგ კიდევ უფრო გაოგნებულები რჩებიან საკუთარი შესაძლებლობებით
– გიორგი ჯიქიძე
საბოლოო ჯამში, STEM სკოლა არის ინვესტიცია მომავალში, რომელიც ახალგაზრდებს არა მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლებად, არამედ მათ შემქმნელებად აქცევს.
სტუდენტებს სჭირდებათ ორი რამ: მოწადინება და ახლის სწავლის სურვილი. ინტერესს და ინჟინერიის სიყვარულს ჩვენ გავუღვივებთ
– ელგუჯა აბულაძე, ელექტრო ინჟინერი, STEM სკოლის მასწავლებელი
თუ ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული, ნახე 5 მიზეზი რატომ უნდა ისწავლო STEM სკოლაში.
საქართველოს ბანკი განათლების აქტიური მხარდამჭერია. რომ არ გამოგრჩეს შენთვის საინტერესო პროექტები და შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოს ბანკი გთავაზობს, გადადი ჩვენს ბლოგზე და გაეცანი 2026 წელს დაგეგმილ ყველა პროექტს.