თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია.
ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს.
1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან
სასახლის ისტორიული ღირებულება მის გარეგნულ სილამაზეს ბევრად სცდება. სწორედ დადიანების დინასტიამ დაამკვიდრა ზუგდიდში ევროპული კულტურისადმი ინტერესი, რასაც დღეს მუზეუმში დაცული 85,000-ზე მეტი ექსპონატიც ადასტურებს.
ეს კოლექციები იმ დროზე მოგვითხრობს, როდესაც ზუგდიდი დასავლური იდეებისა და ინტელექტუალური ცხოვრებისთვის ღია კერას წარმოადგენდა.
2. ფრანგული გაზეთი ზუგდიდიდან
ცოტამ თუ იცის, რომ 1890-იანი წლების დასაწყისში ზუგდიდში ფრანგულენოვანი ხელნაწერი გაზეთი, „Le Rambavia“, გამოიცემოდა. იმ პერიოდის არისტოკრატიაში ფრანგული ენა სტატუსისა და კარგი ტონის ნიშანი იყო, ამიტომ გამოცემამ საზოგადოების ყურადღება მალევე მიიქცია.
1890-იანი წლების არისტოკრატია ფრანგულად თავისუფლად საუბრობდა, ამიტომ გაზეთი პოპულარული გახდა და მას ბევრი მკითხველი ჰყავდა.
– გიორგი მოსიძე
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად გახსნილი იყო მაშინდელი სამეგრელო ევროპული კულტურული პროცესებისთვის.
3. ცოდნის მემკვიდრეობა
განათლება დადიანების სასახლისთვის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა იყო. ამის ნათელი მაგალითია ნიკო დადიანის პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც დღესაც სასახლეში ინახება.
ნიკო დადიანმა საკუთარი ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადასცა, რითაც ცოდნა ბევრად მეტი ადამიანისთვის გახადა ხელმისაწვდომი. ეს ნაბიჯი კარგად ასახავს ეპოქის სულისკვეთებას, როდესაც განათლება საზოგადოების განვითარების მთავარ იმპულსად მოიაზრებოდა.
ზუგდიდში ვიზიტისას შენითაც ნახავ, რომ დადიანების სასახლე უბრალო რეზიდენციაზე მეტი, ინტელექტუალური ცენტრი იყო, საიდანაც ცოდნა და პროგრესული იდეები ვრცელდებოდა.
საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ისტორიები არ დაიკარგოს და უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს.