2 წუთი წასაკითხად
„მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ“ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის თავს
7 სექ. 2026
2 წუთი წასაკითხად
როდესაც კამერის ობიექტივიდან იყურები, ზუსტად უნდა იცოდე, რა უნდა მოაქციო ფოკუსში და რა დატოვო მის მიღმა. თუმცა, ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი 19 წლის ასაკში, მთავარი მიზნის პოვნა და მასზე ფოკუსირება ბევრად რთულია.
რა ხდება მაშინ, როცა უკან იხედები და საკუთარ ახალგაზრდა, ეჭვებით სავსე ვერსიას უსწორებ თვალს? საქართველოს ბანკის ტრადიციულ რუბრიკაში, წერილი 19 წლის თავს, ამჯერად ვიდეოგრაფ ნიკა ლებანიძის გამოცდილებას გიზიარებთ. მისი მთავარი გზავნილი თითქოს მარტივია, მაგრამ ამ სიმარტივეშია ზუსტად მთელი მნიშვნელობა დამალული:
რაც გამოგდის, ის გააკეთე და გააკეთე საუკეთესოდ!
ამ სურვილის ასასრულებლად კი საქართველოს ბანკი შენი მხარდამჭერია.
წლების წინ პროფესიული არჩევანი ხშირად მკაცრ ჩარჩოებში იყო მოქცეული. თუმცა, როგორც ნიკა აღნიშნავს, თანამედროვე სამყაროში წარსული დოგმები დიდად აღარ მუშაობს. 19 წლის თავისთვის მისი ერთ-ერთი მთავარი რჩევა სწორედ კარიერულ თავისუფლებას ეხება.
საკუთარ 19 წლის თავს ვეტყოდი, რომ მომავალში აღარ არსებობს ერთი სწორი გზა. მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ აკეთებ. ვინც არ უნდა იყო, შენი საქმის პროფესიონალი უნდა იყო. ამიტომ, იმ საქმეს მოკიდე ხელი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს: რაც გამოგდის, ის გააკეთე საუკეთესოდ.
ეჭვების გასაფანტად და შედეგის მისაღწევად მხოლოდ ნიჭი ან სურვილი არ კმარა. ნიკას თქმით, ერთი უნარი, რომელმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, დაუღალავი შრომაა.
მთავარია მიზანი და შრომა, სულ მოძრაობაში უნდა იყო. თუნდაც რაღაც არ გამოგივიდეს, კეთება მაინც უნდა გააგრძელო.
რაც შეეხება შეცდომებს, ნიკას აზრით, განვითარება მათ გარეშე შეუძლებელია: მთავარია, სწორად გადავამუშავოთ ყოველი წარუმატებლობა და რაღაც ახალი ვისწავლოთ გამოცდილებისგან.
ამბობენ, ბრძენი სხვის შეცდომაზე სწავლობსო, თუმცა ისიც ძალიან კარგია, როცა საკუთარ შეცდომაზე სწავლობ და ერთხელ დაშვებულს აღარ იმეორებ. ხანდახან შეიძლება გამეორება მაინც მოგიწიოს, ეგეც არაუშავს, მთავარია, წინა გამოცდილება ყოველთვის გაითვალისწინო.
დღეს, როცა ინფორმაციაზე წვდომა ასეთი მარტივია, ნებისმიერი ინტერესის დაკმაყოფილება და ახალი უნარების ათვისება შეგვიძლია და როგორც არასდროს, განათლება ის მთავარი საყრდენია, რომელიც ცხოვრებისეულ ხედვას გვიყალიბებს და გვიცავს ინფორმაციის მორევში ჩაკარგვისგან. კითხვაზე, თუ რას ეტყოდა 19 წლის თავს სწავლაზე, ნიკას პასუხი ასეთია:
რაც არ უნდა წარმატებული იყოს ადამიანი, თავის ახალგაზრდა ვერსიას ალბათ ყველა ეტყოდა, რომ მეტი ისწავლოს. მეც მაგას ვეტყოდი. ისწავლე ყველაფერი, რაც შეგიძლია! რაც მეტს სწავლობ, მით მეტი ფუნდამენტი გაქვს, რომ ცხოვრებაში საკუთარი თავი იპოვო, გამოხატო და რეალიზება შეძლო.
რაც მეტს სწავლობ, შენი პერსპექტივაც მით უფრო ფართოვდება. შესაძლოა, ცხოვრებაში ფესვის ამოყვანა ან რთული განტოლების ამოხსნა არასდროს დაგჭირდეს, მაგრამ ცოდნა მოგცემს ინტერპრეტაციის საშუალებას თავად გადაწყვიტო, რა გამოიყენო და რა არა.
რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვაგროვებთ და რაც უფრო მეტს ვშრომობთ საყვარელი საქმისთვის, მით უფრო ფართოვდება ჩვენი შესაძლებლობების საზღვრები.