Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

რას ეძებს Miami Ad School ქართველ კრეატივებში: გზამკვლევი მადრიდის კამპუსის კოორდინატორისგან

საქართველოს ბანკისა და Miami Ad School-ის პარტნიორობა ბევრ ნიჭიერ ქართველს აძლევს შესაძლებლობას, მსოფლიო დონის განათლება მიიღოს კრეატიულ ინდუსტრიაში. თუმცა, რა სჭირდება ამ შესაძლებლობის გამოყენებას? რა გამოარჩევს შენს განაცხადს სხვებისგან და როგორ უნდა წარმოაჩინო საკუთარი თავი საუკეთესოდ?

➔ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გზამკვლევი

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად Miami Ad School Madrid-ის კრეატიულ დირექტორს, პაულა კაბანილასს ვესაუბრეთ. მისი პასუხები ერთგვარი გზამკვლევია ყველასთვის, ვინც ამ შესაძლებლობაზე ოცნებობს.

რატომ საქართველო და რატომ ეს პარტნიორობა?

Miami Ad School-ში სჯერათ, რომ გამორჩეული კრეატიული ნიჭი გეოგრაფიული საზღვრებით არ უნდა იზღუდებოდეს. სკოლის კოორდინატორის თქმით, ქართველმა სტუდენტებმა დაამტკიცეს, რომ ისინი კრეატიულობას სიღრმისეულად, კულტურული სიამაყით და იდეების განვითარების დაუოკებელი სურვილით ეკიდებიან.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იყო.

როდესაც ქვეყნის წამყვანი ინსტიტუტი მომავალ კრეატიულ თაობაში ინვესტიციას აკეთებს, ეს არის ზუსტად ისეთი სიგნალი, როგორიც ინდუსტრიას დღეს სჭირდება.

მადრიდი – საუკეთესო ადგილი კრეატიული ზრდისთვის

დღეს მადრიდი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კრეატიული დედაქალაქია. ისეთი გლობალურად აღიარებული სააგენტოების სახლია, როგორებიცაა DAVID, Lola, GUT, PS21 და McCann. 

ქართველი სტუდენტისთვის Miami Ad School Madrid-ი მხოლოდ მაღალი დონის სწავლას არ ნიშნავს. ეს არის რეალური შანსი, გახდე მრავალფეროვანი, საერთაშორისო კრეატიული სცენის ნაწილი, სადაც განსხვავებულ კულტურულ ხედვებს ნამდვილად აფასებენ. ამასთან, ქალაქი კომფორტული და სტუმართმოყვარეა.

„სწავლა კეთებით“

კრეატიულობაში არ არსებობს უნივერსალური სწორი პასუხები, ეს მათემატიკა არ არის. ამიტომ, თეორიული მიდგომები ხშირად ახშობს შემოქმედებითობას. Miami Ad School-ში სტუდენტები პირველივე დღიდან რეალურ ბრიფებზე მუშაობენ, რეალური შეზღუდვებითა და გამოწვევებით.

აქ ტრადიციული გამოცდები არ არსებობს. შეფასება იმავე პრინციპით ხდება, როგორც ინდუსტრიაში: შენი იდეების ხარისხით და მათი დაცვის უნარით. უკუკავშირი, რომელსაც სამშაბათს ლექტორისგან იღებ, ზუსტად ისეთია, როგორსაც ოთხშაბათს, სააგენტოში კრეატიულ განხილვაზე მიიღებდი.

შედეგად, კურსდამთავრებული არა მხოლოდ სერტიფიკატს, არამედ მყარ პორტფოლიოსა და იმ ადამიანის თავდაჯერებულობას იღებს, რომელსაც ეს საქმე უკვე ნამდვილად აქვს გაკეთებული.

რა გამოარჩევს შენს პორტფოლიოს?

ასობით განაცხადის განხილვისას, სკოლის წარმომადგენლები ტექნიკურ უნარებზე მეტად არამატერიალურ თვისებებს ეძებენ – უნიკალურ იდეას, ძლიერ ისტორიას სამოტივაციო წერილში ან თუნდაც დაუმუშავებელ, მაგრამ ბრწყინვალე კონცეფციას.

განაცხადებს ისევე ვუყურებთ, როგორც რეკლამას – ვეძებთ რაღაცას, რაც გაგვაკვირვებს და გვაფიქრებინებს: „ნეტავ ეს მე მომსვლოდა აზრად“. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, გარისკონ და არ ცდილობენ, უბრალოდ უსაფრთხო გზით მოგვაწონონ თავი.

სკოლა ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს ორიგინალურობას და არა უნაკლოდ „დავარცხნილ“ ნამუშევრებს.

ტექნიკური უნარების სწავლება შესაძლებელია, მაგრამ განსხვავებული ხედვა, პრობლემის დანახვის უჩვეულო გზა, სწორედ ეს არის ნიჭის შესანიშნავი საწყისი წერტილი. ჩვენი ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები სკოლაში ხშირად არასრულყოფილი პორტფოლიოებით, მაგრამ დიდი იდეების წყურვილით მოვიდნენ.

ქართული კულტურული კოდი, როგორც უპირატესობა

გლობალურ აუდიტორიაში, სადაც ბევრი ნამუშევარი ერთმანეთს ემსგავსება, კულტურული თვითმყოფადობა განსაკუთრებით ფასობს. სკოლის კოორდინატორის თქმით, ქართველი სტუდენტები ინსტინქტურად გრძნობენ, რომ მათი წარმომავლობა და კულტურა აქტივია და არა ის, რაც უნდა დამალონ ან გაანეიტრალონ.

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი (AI) ინდუსტრიას გარდაქმნის, თუმცა Miami Ad School-ში ამას საფრთხედ არ მიიჩნევენ. პირიქით, ხედავენ მას, როგორც შესაძლებლობას ახალი იდეებისთვის. პაულა ამ მოვლენას ისტორიულ პარალელთან აიგივებს:

როდესაც ფოტოგრაფია გამოიგონეს, ბევრი მხატვარი ფიქრობდა, რომ ეს მათი სამყაროს დასასრული იყო. სინამდვილეში, სწორედ ამან მისცა ბიძგი რეალისტური მხატვრობიდან აბსტრაქციონიზმისა და ავანგარდისკენ გადასვლას. ჩვენთვისაც, AI-მ უფრო კრეატიულები უნდა გაგვხადოს და არა პირიქით.

სკოლის ხედვით, მთავარი მაინც იდეა და კონცეფციაა, AI კი ინსტრუმენტია, რომელიც საზღვრების გარეშე, უფრო მასშტაბურად ფიქრის საშუალებას იძლევა. კრეატივი, რომელმაც იცის, როგორ მართოს AI ზუსტად, გემოვნებითა და ძლიერი ხედვით – აი, ვინ არის მომავლის პროფესიონალი.

3 რჩევა აპლიკანტებს

და ბოლოს, Miami Ad School Madrid-ის კრეატიული დირექტორის მთავარი რჩევა მათ, ვინც ახლა მუშაობს საკუთარ განაცხადზე:

  • შექმენი პორტფოლიო, რომელიც შენ ხარ. ნუ ეცდები გამოიცნო, რას ვეძებთ. გვაჩვენე, როგორ ვლინდება შენი კრეატიულობა, იქნება ეს პროფესიულ საქმიანობაში, პირად პროექტებში თუ როგორც თვითნასწავლი ტალანტის შემთხვევაში.
  • მოგვიყევი შენ შესახებ. დაწერე ისეთი „ჩემ შესახებ“ სექცია, რომელიც დაგვიტოვებს განცდას: „ამ ადამიანთან ერთად სიამოვნებით დავლევდი ყავას.“
  • უბრალოდ გააკეთე. ნუ დაელოდები, სანამ იდეალური პორტფოლიო გექნება, რადგან ის არასდროს იქნება იდეალური.

მთავარია, დაგვანახო პატარა ნაპერწკალი, რომელსაც ცეცხლად გადაქცევის პოტენციალი აქვს,

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს